Doctor's Search

ყველა სამედიცინო სიახლე, რომლითაც შესაძლებელია უშვილობის მკურნალობა, საქართველოში ჩვენ დავნერგეთ!

September 24, 2018 Posted By Vipmed.ge

გვესაუბრება იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროსფესორი არჩილ ხომასურიძე.

- ბატონო არჩილ, მოდით, ზოგადად, შეაფასეთ ქართული სამედიცინო სფერო. რა მდგომარეობაა დღეს ქართულ მედიცინაში?

– მწარედ მეღიმება და უნდა გითხრათ, ძალიან მძიმე ვითარებაა. მაგალითად, როცა თვითონ მე მჭირდება მკურნალობა, ვფიქრობ, ვის მივმართო. მაშინ, როცა, თუ არ ვცდები, 46 000 სერთიფიცირებული ექიმია საქართველოში. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს, თუმცა ძირითადი მაინც განათლების დაბალი დონეა.

პირადად მე გახლავართ მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თვითკრიტიკულიც ვარ, როცა მედიკოსების განათლებაზე ვლაპარაკობ.

მთელი ცხოვრება მივუძღვენი რეპროდუქტოლიოგიას, რომელიც მე დავაარსე საქართველოში, ანუ უშვილობის მკურნალობას, კონტრაცეპციას, სქესობრივ მოშლილობებს, იმპოტენციას, კლიმაქსს და ა. შ.

ამ დაავადებების მკურნალობა დაიწყო ძველ ჟორდანიას ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული სამედიცინო დაწესებულება იყო.

ბოლო 30 წლის განმავლობაში რა ნოვაციაც არის დანერგილი რეპროდუქტოლოგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩვენს დაწესებულებაში არის განხორციელებული.

კერძოდ, ლაპარასკოპიური ოპერაციები პირადად ჩემი ინიციატივით, ბატონმა ედუარდ ვეინბერგმა დანერგა ჩვენს ინსტიტუტში. ეს მოხდა 1986 წელს. პირველი ენდოსკოპიური ოპერაცია ჟორდანიას ინსტიტუტში გაკეთდა.

ბრწყინვალე ქირურგი გახლდათ აწ გარდაცვლილი ედუარდ ვეინბერგი. ღვთით ბოძებული ნიჭი ჰქონდა.

ჩვენმა ინსტიტუტმა დანერგა კონტრაცეპცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, ჩვენთან დაინერგა ანდროლოგიაც.

- თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლები პირდაპირ გამოგვყარეს ჩვენი ისტორიული შენობიდან და ამან გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია მის საქმიანობაზე.

– შემოგვთავაზეს, თვითონ გვეყიდა ეს შენობა, მაგრამ ვერ შევძელი იმდენი თანხის მოძიება, რასაც გვთხოვდნენ.

- რამდენს გიფასებდნენ შენობას?

– 300 დოლარი ერთი კვადრატული მეტრი. ამდენი ფული საიდან უნდა მეშოვნა? და ამ დროს გამოჩნდნენ ე.წ. ინვესტორები, რომლებიც გვპირდებოდნენ მედიცინას ხელს არ ვახლებთ, თქვენ იმუშავეთ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთო. როგორც კი ხელი მოვაწერე შეთანხმებას, დაიწყეს ჩვენი შევიწროება და იძულებული გავხდით, წამოვსულიყავით იქიდან.

ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ინსტიტუტის წარმატებულ ფუნქციონირებას და რეპროდუქტოლოგიის დაარსებას, აბორტების სრული ლიკვიდაცია მოვახდინეთ, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დღემდე თითქმის 8000 ბავშვია დაბადებული. საზოგადოება იცის ვის მიერ გაკეთდა ეს, მაგრამ არჩილ ხომასურიძის პერიოდში დაიშალა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი. როგორ მებრძოლა ავტორიტეტებთან?!

მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და დაშლილ-დაფანტული ჟორდანიას ინსტიტუტისგან ისევ შევქმენით გუნდი, რომელიც დღეს კვლავ წარმატებულად საქმიანობს.

მუშაობა დავიწყეთ 2014 წლის იანვარში. შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ალტერნატივა-„არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი“, ამჟამად უკვე  „იოსებ ჟორდანიას სახ.რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი-ხელმძღვანელი პროფ. ა. ხომასურიძე“, რომელიც მდებაროებს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის ქ.13.

- ძველი შენობა კოსტავას ქუჩაზე შეფუთულია. არავინ იცის, რის აშენებას აპირებენ იქ.

– ის ისტორიული შენობა შეფუთული კი არა, შიგნიდან მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია მხოლოდ გარე ფასადი. ის 1000-წლოვანი ნაძვი, ინსტიტუტის ეზოში რომ იდგა, მოჭრეს. გააოხრეს იქაურობა.

 – აქ, ამ ახალ კლინიკაში, დღეს ყველა გინეკოლოგიურ დაავადებას მკურნალობთ?

– რა თქმა უნდა. ჩვენთან ყველაფერი იგივეა, რაც იყო თავიდანვე ჟორდანიას ინსტიტუტში.

იკითხავთ, რა ხდება ახალი?!

ახალი თითქმის ყოველ დღე ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ინ-ვიტრო განაყოფიერებებს და დღეში რომ თუნდაც ასეთი გზით ერთი ბავშვი დაიბადება, არ არის ახალი ამბავი?

მაგალითად, მამაკაცების საიმედოდ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დაახლოებით, 30 წლის წინათ, მამაკაცი უნაყოფოდ ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი სპერმატოზოიდების რაოდენობა სპერმაში 80 მლნ-ზე ნაკლები იყო, ახლა თუ თუნდაც ერთი სპერმატოზოიდი, ისიც ცუდად მოძრავი თუ არსებობს მამაკაცის ორგანიზმში, ისიც შეგვიძლია `გავაცოცხლოთ  და ხელოვნური განაყოფიერება განვახორციელოთ.

ქალთა რეპროდუქტოლოგიაში უფრო რთული ვითარებაა, მსოფლიოში ქალების 40% ინვიტრო განაყოფიერებას საჭიროებს.

საქართველოში უშვილობის მკურნალობა მაღალ დონეზეა და მიმაჩნია, რომ იოსებ ჟორდანიას სურვილი ამ მხრივ, ჩვენ შევასრულეთ და ყველა სამედიცინო სიახლე, რომლითაც შესაძლებელია უშვილობის მკურნალობა, საქართველოში დავნერგეთ.

ამ კუთხით კარგად მოღვაწეობენ ჩემი ყოფილი მოწაფეები, შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის ქართველი სპეციალისტები: გია ცაგარეიშვილი, ლია ჭყონია და სხვები.

ასე რომ, ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ინსტიტუტი კვლავ ხალხის სამსახურშია.