Doctor's Search

სხივური თერაპიის ცენტრში პაციენტების მკურნალობა უახლესი თაობის აპარატურის გამოყენებით ხორციელდება

October 24, 2017 Posted By Vipmed.ge

დღეისათვის, ონკოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა იძლევა ავადმყოფის გამოჯანმრთელების და სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ უწევთ გამგზავრება, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

2016 წლიდან საქართველოში გაიხსნა სხივური მედიცინის ცენტრი – საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული სამედიცინო კლინიკა, რომელიც უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და უცხოეთიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო სერვისს სხივური და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში სხივური თერაპიის მიმართულებით სამედიცინო მენეჯმენტს ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლინია „Liv Hospital”-ი.

კლინიკის მნიშვნელოვან სიახლეებზე, შემოთავაზებებსა და უპირატესობებზე ვისაუბრებთ „სხივური მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ბესიკ სურგულაძესთან.

- რა მიზანს ემსახურება სხივური მედიცინის ცენტრი?

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. უკანასკნელ წლებში, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვამ სიმსივნე მართვად პროცესად აქცია და შესაძლებელი გახადა მკურნალობის ეფექტურობის ზრდა.

„სხივური მედიცინის ცენტრი“ ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის სამკურნალო-დიაგნოსტიკური სრული სერვისის მიწოდებაზე მხოლოდ სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.

ჩვენი მიზანი ავადმყოფის გამოჯანმრთელება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებაა, რაც მიიღწევა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ თითოეული ავადმყოფისთვის მკურნალობის ინდივიდუალური კურსის განსაზღვრით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და დაცულად იგრძნონ, რისი გარანტიც ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ექიმების გუნდია.

- როგორ ფიქრობთ რა უპირიტესობებს ფლობს თქვენი კლინიკა?

კლინიკაში მოსული თითოეული პაციენტის მკურნალობის დაგეგმვა ხდება არა მხოლოდ ერთი ექიმის გადაწყვეტილებით, არამედ Tumor Board-ის მიერ, რომელშიც ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ უმაღლესი კატეგორიის უცხოელი სპეციალისტები. Tumor Board-ზე პაციენტის მკურნალობის პროცესის განხილვასა და დაგეგვმაში მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა დარგის პროფესორები: სხივური თერაპევტი, ქიმიოთერაპევტი, რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, მორფოლოგი, ქირურგი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან უცხოეთში, რაც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. „სხივური მედიცინის ცენტრი“ აღჭურვილია შვედური კომპანია „ELEKTA”-ს მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის „ლივ ჰოსპიტალის“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც იძლევა საშუალებას, რომ პაციენტებმა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის მომსახურება გაცილებით დაბალ ფასად.

„სხივური მედიცინის ცენტრის“ მიერ თურქეთიდან გამოცდილი სამედიცინო გუნდის მოწვევა წინგადადგმული ნაბიჯია სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების კუთხით და საქართველოში მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიმართულებით.

- რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიზნით?

როგორც უკვე აღვნიშნე ცენტრში ფუნქციონირებს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის განყოფილებები. ბირთვული მედიცინის განყოფილებაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ რადიაციული დიაგნოსტიკისა და რადიონუკლეიდური თერაპიის სრული სერვისი.

ულტრათანამედროვე კვლევები მიმდინარეობს რადიოიზოტოპური პრეპარატებით ტექნეციუმის Technetium-99m (99mTc) და იოდის იზოტოპის (I-131) საშუალებით, რომელიც მოიცავს ძვლოვანი ჩონჩხის, ფარისებრი ჯირკვლის, მიოკარდიუმის, თირკმლის ვიზუალიზაციის საშუალებას და ხასიათდება მაღალი სიზუსტით და მგრძნობელობით.

ასევე ჩვენს კლინიკაში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების შემთხვევაში პაციენტებს შეუძლიათ იმკურნალონ იოდის იზოტოპით – I-131.

სხივური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მკურნალობა უახლესი თაობისა და თანამედროვე მაღალ-ტექნოლოგიური აპარატურის ე.წ ხაზოვანი ამაჩქარებლების გამოყენებით ხორციელდება. ჩვენს ცენტრში ტარდება როგორც რადიკალური, ისე პალიატიური სხივური თერაპია.

სხივური თერაპია სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის ჩატარება მაღალიტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას უმნიშვნელო გვერდითი მოვლენების ფონზე.

სწორად დაგეგმილი მკურნალობა განაპირობებს მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღებას მინიმალური გართულებებითა და გვერდითი მოვლენებით.

- რა ტიპის აპარატურით არის აღჭურვილი თქვენი კლინიკა და რომელი ქვეყნიდან შემოგაქვთ დანადგარები?

„სხივური მედიცინის ცენტრი“ საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში კარგად ცნობილი შვედური კომპანია ELEKTA-ს მიერ წარმოებული ხაზოვანი ამაჩქარებლებით: SYNERGY PLATFORM და VERSA HD. ჩვენს ცენტრში არსებული ELEKTA -ს თანამედროვე და უახლესი თაობის აპარატები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაშია წარმოდგენილი.

კომპანია ELEKTA-ს მიერ წარმოებული აპარატურა სწრაფი მულტიფურცლოვანი კოლიმატორის გამოყენების ხარჯზე იძლევა ჯანმრთელი ქსოვილების დაზოგვით სიმსივნური წარმონაქმნის მაღალი დოზით და სიზუსტით დასხივების საშუალებას სამჯერ უფრო ხანმოკლე დროის მონაკვეთში სხვა აპარატურასთან შედარებით, რაც განაპირობებს მაღალ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გართულებების ფონზე.

აღნიშნული აპარატურით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა რეჟიმში რამდენიმე სიმსივნური კერის (8-10) ერთდროული დასხივება, რაც მინიმუმადე ამცირებს მანიპულაციის ხანგრძლივობას და გართულებების ალბათობას.

ჩვენს ცენტრში პალიატიური სხივური თერაპიის ჩატარების მიზნით ვიყენებთ ჩეხური კომპანია UJP PRAHA-ს მიერ წარმოებულ სხივური თერაპიის ბოლო მოდელის აპარატს (2015წ) TERABALT-ს. ხსენებული აპარატი მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს კობალტის მეგავოლტურ რადიოთერაპიაში, რომელიც იძლევა სხივური თერაპიის ჩატარების საშუალებას თანამედროვე სტანდარტების დონეზე.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში მხოლოდ „სხივური მედიცინის ცენტრია“ აღჭურვილი ფირმა TOSHIBA-ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Aquilion LB, რომელსაც გააჩნია 90 სანტიმეტრი დიამეტრის რკალი, რაც აადვილებს პაციენტის პოზიციონირებას აპარატზე, იძლევა ზუსტი გამოსახულების მიღების და მკურნალობის პროცესის სწორად დაგეგმარების შესაძლებლობას.

- რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა პაციენტებისთვის?

კლინიკას ყოველდღიურად შეუძლია 150-მდე პაციენტის მომსახურება. ჩვენს ცენტრში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება გაცილებით დაბალ ფასად.

ჩვენთან არსებულ სერვისებზე დაფინანსების მიღება შესაძლებელია, როგორც საყოველთაო დაზღვევის, ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

- რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში გახსნილი „სხივური მედიცინის ცენტრი“, ევროპული მეთოდების სტანდარტებს?

სხივური მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად ამის დასტურია ის მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რაც კლინიკას გააჩნია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავს გამოცდილი ექიმების ინტერნაციონალური გუნდი, რომლებსაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აქვთ გამოცდილება მიღებული.

კლინიკის სამედიცინო მართვისათვის მოწვეულია თურქეთის ერთ ერთი წამყვანი კლინიკა (ლივ ჰოსპიტალი), რომლის ექიმები, სამედიცინო ფიზიკოსები და ტექნიკოსები უზრუნველყოფენ მკურნალობის საერთაშორისო დონის სტანდარტებს. სხივური თერაპიის მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მერდან ფაიდა – სხივური მედიცინის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი თურქეთის სამედიცინო სფეროში.

ბირთვული მედიცინის განყოფილებას ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ნატალია შენგელია დე ლანგე, რომელსაც ბირთვული მედიცინის მიმართულებით მიღებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ასევე ავსტრიაში – ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

- საინტერესოა, რა პრინციპით შეირჩა „ლივ ჰოსპიტალი“ თანამშრომლობისთვის?

მოგეხსენებათ, სხივური თერაპია საქართველოში ბოლო წლებია ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობა გახდა. მაღალტექნოლოგიური აპარატურის საქართველოში დანერგვამ განაპირობა სხივური თერაპიის მიმართულებით მაღალკვალიფიცური კადრების საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ექიმებს სხივური თერაპიის მიმართულებით, უცხოეთში გავლილი აქვთ ხანგრძლივი მომზადება და მაღალი დონის საკვალიფიკაციო კურსები, ჩვენ ჩავთვალეთ რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო. დარგის სიახლიდან გამომდინარე გადავწვიტეთ კლინიკაში მოგვეწვია გამოცდილი სპეციალისტები ევროპაში კარგად ცნობილი კლინიკა Liv Hospital-იდან.

Liv Hospital-ი თურქეთის რეპუბლიკაში ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო ცენტრია, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს უახლეს მიღწევებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში.

ლივ ჰოსპიტალთან თანამშრომლობის მიზანია, კვალიფიციურმა ექიმებმა, ფიზიკოსებმა და სამედიცინო ტექნიკოსებმა პაციენტებს შესთავაზონ მაღალი დონის მომსახურება, სამედიცინო პრაქტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით.

თურქი პროფერსორი მერდან ფაიდა, რომელიც კლინიკაში სხივური თერაპიის განყოფილებას ხელმძღვანელობს და რომლის მეთვალყურეობით მიმდინარეობს თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსი, სხივურ თერაპიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „Nijad Bilge” მფლობელია.

პაციენტებისთვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდების გარდა, „ლივ ჰოსპიტალთან“ თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში სხივური თერაპიის პროფილის განვითარებასა და გაძლიერებას, წარმატებულ, უცხოურ კლინიკასთან თანამშრომლობა ასევე ემსახურება ქართველი ექიმებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღებას, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას.

- გვესაუბრეთ სამომავალო გეგმებზე.

გახსნის დღიდან კლინიკა მაღალი დონის სპეციალისტების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული და სწორედ ამ მიმართურთელებით ვაპირებთ განვითარებას და თანამშრომლობის გაძლიერებას უცხოეთისა და საქართველოს წამყვან სპეციალისტებთან და დაწესებულებებთან.

„სხივური მედიცინის ცენტრი“ ინტეგრირებულია ESTRO-ში, ევროპის რადიოთერაპიისა და ონკოლოგიის საზოგადოებაში, რაც საერთაშორისო-სამეცნიერო და პრაქტიკულ პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაზე და ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებაზე. რასაკვირველია ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ და ვიზრუნებთ ჩვენი პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს წამყვან ნეიროქირურგებთან და რადიოლოგებთან ერთად მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვაზე, რის შესახებაც ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას.

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები