Doctor's Search

“საყლაპავის თიაქრის მკურნალობის მეთოდები თანამედროვე მედიცინაში”–დავით ელგანდაშვილი

July 13, 2018 Posted By Vipmed.ge

ბოლო პერიოდში საყლაპავის თიაქარი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ეს დაავადება და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის უყურადღებოდ დატოვებას.

საყლაპავის თიაქრის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები არსებობს, თუმცა სიმპტომებიდან გამომდინარე ის ხშირად ეშლებათ სხვა დაავადებებში.

რას გულისხმობს საყლაპავის ხვრელის თიაქარი? როგორ გავარჩიოთ ეს დაავადება სხვა დაავადებისგან? მკურნალობის რა მეთოდები არსებობს საყლაპავის თიაქრის თვალსაზრისით თანამედროვე მედიცინაში?–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ბ-ნი დავით ელგანდაშვილი გვესაუბრა.

– ბატონო დავით, რას გულისხმობს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი?

– დიაფრაგმა კუნთოვან–მყესოვანი ორგანოა, რომელიც გულმკერდის ნაწილს მუცლის ღრუსგან გამოყოფს. მასში ბუნებრივი ხვრელები არსებობს, რომლის საშუალებითაც გულმკერდში მდებარე ორგანოები მუცლის ღრუში ხვდებიან, მათ შორის არის საყლაპავიც. არსებობს სპეციალური სპინქტერი, რომელიც კუჭისგან საყლაპავის იზოლაციას უზრუნველყოფს იმის გათვალისწინებით, რომ საყლაპავში ტუტე გარემო არსებობს, ხოლო კუჭში, მჟავა გარემო. ამიტომ, ლუკმის გადაყლაპვის დროს, პირის ღრუში რეფლექსურად მოხვედრისთანავე, სპინქტერი იღება და მოძრავი საყლაპავის კუნთების საშუალებით ამ გუნდის კუჭში ჩასვლა ხორციელდება. აღნიშნული სპინქტერი უნდა დაიხუროს, კუჭისგან იზოლაცია უნდა მოხდეს, რათა კუჭის წვენის, მარილმჟავისა და საყლაპავისთვის მავნე სითხისა და აირების საყლაპავში ატყორცნა არ განვითარდეს.

დიაფრაგმის კუნთის დასუსტებისა და ამ ხვრელის გაფართოების დროს მუცლის შიდა წნევა უფრო მაღალია, ვიდრე გულმკერდში არსებული წნევა. ამიტომ, მუცლის ღრუს ორგანოების მიგრაცია საყლაპავისკენ ხორციელდება. ამ ხვრელში პირველი კუჭი ხვდება, ხვრელი უფრო და უფრო ფართოვდება, საყლაპავის ქვედა სპინქტერის დიაფრაგმის დონიდან გულმკერდის ღრუსკენ მიგრაცია ხდება. ეს კი დიაფრაგმის კუნთების მოჭერის ძალას არღვევს, სპინქტერი შედარებით ადვილად იღება, ბოლომდე აღარ იხურება და კუჭის შიგთავსის საყლაპავში ატყორცნა ხორციელდება. რაც უფრო დიდია ეს ხვრელი, მით უფრო მაღლა ხდება ასროლა, თითქმის ყელის მიდამომდე ადის, ზოგჯერ კუჭის წვენის ასპირაციაც ხორციელდება, ის ძილის დროს ფილტვებშიც შეიძლება მოხდეს და არაბუნებრივი ჩივილები გამოიწვიოს.

– რა იწვევს საყლაპავის თიაქარს?

– როგორც უკვე ავღნიშნე, დიაფრაგმა კუნთოვანი ორგანოა. ყველაზე პირველი, რაც მასზე ზეგავლენას ახდეს, მექანიკური ფაქტორებია, რომელიც მუცლის შიდა წნევის გაზრდას გულისხმობს. მუცლის შიდა წნევის გაზრდა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: ფიზიკურ დატვირთვაზე, ჭარბ წონაზე, ორსულობაზე, ზოგჯერ საქმე შეიძლება კუნთის თანდაყოლილ დეფექტთანაც გვქონდეს, კუნთოვანი შრე იყოს გათხელებული და მცირე დატვირთვამ პრობლემა უფრო გაართულოს. ეს პათოლოგია პროფესიული დაავადებაა სასულიერო ჩასაბერ ინსტრუმენტებზე მომუშავე პირებისთვის. ზოგადად, საყლაპავის თიაქარი დიდი ჩივილებით არ გამოიხატება, მისი ძირითადი ჩივილი გულძმარვაა, რომელიც ადამიანს შეიძლება თიაქრის გარეშეც ჰქონდეს ჭარბი საკვების, გაზიანი სასმელის, ალკოჰოლის მიღების შედეგად. ამიტომ, ხშირად, ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. პაციენტი მხოლოდ მაშინ მიდის ექიმთან, როცა დაავადებას ბოყინი, მუცლის შებერილობა, ტკივილი და დისკომფორტი დაემატება. გასტროსკოპიის, ზონდის გადაყლაპვის დროს კუჭი იბერება. აღნიშნულ შემთხვევაში, ხშირია საყლაპავის თიაქრის პროვოცირება. ამიტომ, მხოლოდ გასტროსკოპიის შედეგად ვერ ვიტყვით, რომ საყლაპავის ხვრელის თიაქარია განვითარებული.

– ადამიანებს, რომლებსაც სპორტთან აქვთ შეხება, უნდა იტარონ თუ არა რეგულარული გამოკვლევები საყლაპავის თიაქარის თვალსაზრისით?

– სპორტული დატვირთვა მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, ის უთითებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვარჯიშების განრიგი. ამიტომ, ეს პრობლემა სპორტსმენებში იშვიათია. აღნიშნული დაავადება მათ უფრო ხშირად აწუხებთ, ვინც ვარჯიშს თვითნებურად იწყებს. აღნიშნულ შემთხვევაში თიაქრის ჩაჭედვაც შეიძლება მოხდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ კუჭი ვიწრო ხვრელში ავარდება და დიაფრაგმის კუნთებისგან კუჭზე ზეწოლა განხორციელდება. ეს კი კუჭის სისხლმომარაგების მოშლასა და ზოგ შემთხვევაში, გართულებებს გამოიწვევს.

– შეიძლება თუ არა, ამ დაავადების სიმპტომები გავდეს სხვა დაავადებებს და პაციენტმა არასწორ ექიმს მიმართოს?

– ამ დაავადებას ბევრი არასპეციფიკური ჩივილი გააჩნია. გულძმარვა კუჭში გამოწვეული პროცესის შედეგად შეიძლება განვითარდეს, წყლულის შედეგად კუჭში ტკივილიც შეიძლება გვქონდეს, კუჭის შიგთავსის ასპირაცია ხდება და ფილტვების მუდმივი გაღიზიანება ხორციელდება. ასეთი პაციენტები დიდი ხნის განმავლობაში ფილტვების ექიმთან ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობენ, თუმცა მკურნალობა უეფექტოა და საბოლოოდ, პაციენტები ოპერაციული ჩარევის მიზნით ჩვენ მოგვმართავენ. მსგავსი სიმპტომებიდან გამომდინარე, ხშირია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტებთან მიმართვიანობაც. გამოცდილი ექიმები ხვდებიან ამ დაავადების სხვა გენეზს და პაციენტებს ქირურგთან თუ გასტოენტეროლოგთან აგზავნიან.

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ხშირად ეშლებათ კარდიოლოგიურ პაციენტებში და ზოგჯერ, მათი არამიზანმიმართული მკურნალობაც ხდება.

სამწუხაროდ, ქართველი პაციენტები დაავადების გამომწვევ მიზეზებს ბოლომდე არ ეძიებიან.

– საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი?

– საყლაპავის თიაქარი პატარა ასაკში ძირითადად თანდაყოლილი დიაფრაგმის დეფექტით არის გამოწვეული. აღნიშნულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა აუცილებელია.

რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, მსოფლიოს მონაცემებით აღწერილია, რომ ეს პათოლოგია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო ხშირია, თუმცა ეს სტატისტიკა დიაგნოსტიკის არასწორი გზით იყო გამოწვეული. დიაგნოსტიკის განვითარებისა და გაზრდილი მომმართვიანობის შედეგად, საყლაპავის თიაქარს ახალგაზრდა ასაკშიც ხშირად ვაწყდებით. მოხუცებში საყლაპავის თიაქარი ძირითადად, დიაფრაგმის მოდუნებით არის გამოწვეული. დაავადება ძირითადად ზრდასრულ, ფიზიკურად აქტიურ ფენას აწუხებს და ის ადამიანებს ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად უცვლის.

– ჩვილ ბავშვთა ასაკში მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ პატარას საყლაპავის თიაქარი აწუხებს?

– საყლაპავის თიაქრის დროს ახალშობილი მუდმივად ტირის და დისკომფორტს განიცდის. აღნიშნულ შემთხვევაში, დაავადება რენტგენოლოგიურად ბარიუმის ფაფის დალევით გამოჩნდება. ბაღის ან სასკოლო ასაკში საყლაპავის თიაქარი ნაკლებად ვითარდება.

– რა და რა სახის საყლაპავის თიაქარი არსებობს და რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული?

– საყლაპავის თიაქრის სხვადასხვა კლასიფიკაცია არსებობს. ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეში ეჭვი მიიტანეს დიაფრაგმაში კუჭის შესვლის თაობაზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული რამდენიმე კლასიფიკაცია ჩამოყალიბდა. ბოლო მონაცემებით, ძირითადად ორი სახის თიაქარი არსებობს: მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს და პარაეზოფაგული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის. არსებოს შერეული ფორმებიც.

– რომელია ყველაზე საშიში თიაქარი ?

– ჩივილის თვალსაზრისით, მცოცავი, აქსიალური თიაქარი უფრო საშიშია, ვიდრე პარაეზოგაფული, რადგან საყლაპავის სპინქტერს ყველაზე მეტად ეს ფორმა აზიანებს. მეორე შემთხვევაში, ძირითადად, კუჭის ქსოვილის ასროლა ხდება შუა საყარში. კუჭზე დიაფრაგმის მომჭერის ზეგავლენა საშიშია, რადგან ამან კვების დარღვევა და კუჭის ნეკროზი შეიძლება გამოიწვიოს.

– ბატონო დავით, გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებზეც ვისაუბროთ

– პირველადი კვლევის დროს უპირატესობას რენტგენს ვანიჭებთ. ზონდის გადაყლაპვა ანუ გასტროსკოპიული გამოკვლევა კუჭის მექანიკურ გაბერვასა და დაჭიმვას მოითხოვს, რათა ლორწოვანი გარსის ვიზუალიზაცია მოხდეს. პირველ ეტაპზე, უკეთესია რენტგენის გადაღება, რენტგენზე კუჭის გაბერვა ფიზიოლოგიურად არ ხდება. ადამიანი ყლაპავს ბარიუმის ფაფას, რომელიც რენტგენზე კარგად ჩანს, პირდაპირ რეჟიმში საკვები ულუფის გადაყლაპვა, დანახვა და დათვალიერება ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩადის კონსტრანტული ნივთიერება კუჭში. ამ დროს აუცილებელია პოლიპოზური გამოკვლევა. აღნიშნული გამოკვლევის შემთხვევაში, აპარატი 360 გრადუსით უნდა ამოტრიალდეს და პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადგეს, რათა წნევა გაიზარდოს. რენტგენოლოგი პაციენტს ბარიუმის ფაფის დამატებით პორციას ასმევს. თუ დახველებისა და მუცლის დაჭიმვის დროს ამ კონტრასტის უკუდინება მოხდა, რენტგენოლოგი დაიჭერს მომენტს, როდესაც ულუფის ატყორცნა ხდება კუჭიდან საყლაპავში. პაციენტის პოლიპოზიციური ტრიალი რენტგენზე ნათლად ჩანს. თუ რენტგენზე თიაქარი დავინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თიაქარია განვითარებული.

თანამედროვე კვლევის მეთოდია 24 საათიანი PH მონიტორინგი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებობს და ის ახლობელი უცხოელი კოლეგების დახმარებით შევიძინეთ.

რაც შეეხება გამოკვლევებს, უწვრილესი სილიკონის მავთულის შემცველი მილი არსებობს, რომელიც ადგილობრივი ჟელის წასმით ცხვირიდან იყლაპება. მას რვა სენსორი გააჩნია. ის საყლაპავის მთლიან სიგრძეზე ნაწილდება და ბოლო წერტილი კუჭის შესასვლელში დგება, სადაც სპინქტერია. თვითონ მავთული მონაცემთა ინფორმაციას გადასცემს ჩამწერ აპარატურას, რომელიც შიფრავს, თუ რა დონეზე ამოდის საყლაპავში კუჭის სიმჟავიანობა და რამდენად ხდება გაწმენდა. საყლაპავს ფიზიოლოგიურად გააჩნია უნარი, რომ ამოსროლილი კუჭის მჟავე გარემო თვითონ გაწმინდოს. დიდი სიხშირის დროს საყლაპავი ამ პროცესს თავისი ძალებით ვეღარ უმკლავდება და მისი ლორწოვანი ქსოვილი ზიანდება. ბოლოს, ეს პროცესი სიმსივნურ პროცესშიც შეიძლება გადაიზარდოს.

აღნიშნული მონაცემების ჩაწერა 24 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. პაციენტი ჩვენთან დილით მოდის, ზონდი უყენდება და სახლში ვატანთ აღნიშნულ აპარატს. მეორე დღეს პაციენტი ისევ მოდის ჩვენთან, მონაცემები სპეციალურ ჩიპზე იწერება და კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების გაშიფვრას ვახდენთ. დასკვნა სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე იდება.

გამოკვლევა დაახლოებით 600 ლარი ჯდება, თუმცა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, აღნიშნულ გამოკვლევას სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მსოფლიოში საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში?

– საყლაპავის თიაქრის შემთხვევაში წლობით მკურნალობით პაციენტმა შეიძლება თავი კარგად იგრძნოს. მას აქვს არჩევანის საშუალება, მკურნალობა ურჩევნია თუ ოპერაციის გაკეთება, თუმცა ზოგჯერ, ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ოპერაცია გარდაუვალია.

საყლაპავის თიაქრის ოპერაცია პირველად ნისენმა განახორციელა 50–იან წლებში, თუმცა იმ პერიოდში ოპერაციას ღია წესით აკეთებდნენ. 90–იან წლებში ოპერაციის კეთება ლაპაროსკოპიული მეთოდით დაიწყეს.

საქართველოში საყლაპავის თიაქრის ოპერაციას 2004 წლიდან აკეთებენ. 5 პატარა ნაჩხვლეტით მუცლის ღრუში შესვლა ხდება, მუცელი იბერება ნახშიროჟანგით და ვიდეოსკოპით ეკრანზე გამოსახულების გამოტანა ხორციელდება. ამ დროს სიღრმეში შევდივართ და საყლაპავის უკანა ხვრელის გაკერვით ამ კუნთების დაპატარავებას ვახდენთ, რათა შუა საყარში კუჭის მიგრაცია არ მოხდეს.

კლინიკაში პაციენტი 2 დღე ჩერდება, რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მარტივია, აუცილებელია ორი–სამი კვირა დიეტის დაცვა, არ შეიძლება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და გაზიანი სასმელის მიღება.

საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაცია ქირურგისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა პირდაპირი ჩვენების, მაგალითად, დიდი დეფექტის შემთხვევაში ოპერაცია ეფექტურია. ამიტომ, ქირურგიულ ჩარევამდე გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. რაც უფრო გვიან მიმართავს პაციენტი ექიმს, კუჭის წვენის მოქმედებით საყლაპავი უფრო ღრმად დაზიანდება. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება კუჭის წვენის ასროლის მოხსნა საყლაპავისთვის, რეაბილიტაციის პროცესი მით უფრო მარტივი იქნება.

კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
+995 599 55 04 04

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები