Doctor's Search

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ხშირად ეშლებათ სხვადასხვა დაავადებაში!

February 7, 2018 Posted By Vipmed.ge

დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმებთან“ გთავაზობთ ვისაუბროთ საყლაპავის თიაქრებზე. შესაძლოა ბევრმა ადამიანმა არც იცის თუ რას ნიშნავს ან რამდენად დიდი გართულებები შეიძლება მოყვეს ამ დაავადებას, უყურადღებოდ დატოვების ან არასწორად წარმართული მკურნალობის შემთხვევაში- „დღეისთვის მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებუი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ) და მასთან ერთად 60-80-%-ში საყლაპავის ხვრელის თიაქრები. აღნიშნულ დაავადებას უკავია საყლაპავის ყველა პათოლოგიის 75%. დღეისათვის მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 20-40%-ს აქვს გასტროეზოფაგალური სინდრომისათვის დამახასიათებელი ჩივილები სხვადასხვა ხარისხით. რომელთა შორის წამყვანია: გულძმარვა, ბოყინი, დისფაგია და ტკივილი ყლაპვის დროს. ეს უკანასკნელი მიუთითებს დაავადების მძიმე ფორმაზე და უმრავლესი ავტორების მონაცემებით, ამ კატეგორიის ავადმყოფთა 10-20%, რომელთაც გამოხატული აქვთ რეფლუქს ეზოფაგიტის კლინიკური სურათი გართულებული ეროზიულ-პეპტიური წყლულებით, საყლაპავის სტრუქტურით და „ბარეტის“ საყლაპავით, საჭიროებს ანტირეფლუქსურ ოპერაციულ მკურნალობას. (ნაწყვეტი წიგნიდან: „გასტროეზოფაგური შესართავის არასიმსივნური პათოლოგიების ლაპაროსკოპიული და ღია ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის ოპტიმიზება“ ავტ: დავით ელგანდაშვილი).

ჩვენ ხშირად ვაქვეყნებთ სტატიებს სადაც ჩვენი რუბრიკის სტუმრები (ექიმები) დაწვრილებით გვიხსნიან, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ კონკრეტული დაავადება სხვა მსგავსი სიმპტომების მქონე დაავადებისგან. სწორედ ასეთი დაავადება გახლავთ საყლაპავის თიაქრები, რომლის განსხვავებაც საკმაოდ რთულია, მაგალითად კუჭის მიერ გადმოცემული ტკივილისგან. იმისთვის, რომ არ შეგვიყვანოს შეცდომაში ტკივილმა და ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალს მკურნალობის სწორი მიმართულება მივცეთ, უნდა ვიცოდეთ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელზეც ჩვენი დღევანდელი სტუმარი - „კარაპს მედლაინი“-ს მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ბ.ნ დავით ელგანდაშვილი გვესაუბრება.

-ბატონო დავით, რას გულისხმობს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი?

-მუცლის ღრუს და გულმკერდის ღრუს ერთმანეთისგან ჰყოფს დიაფრაგმა, რომელიც ფართო, თხელი კუნთების ფენაა. მასში ბუნებრივად არსებობს რამდენიმე ხვრელი საიდანაც გულმკერდის ორგანოები მუცელში გადადიან, მათ შორისაა საყლაპავიც. ნორმალურად ხვრელი ვიწროა, მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. კუჭში არსებული საკვები და მჭავე წვენი საყლაპავში აისროლება, რაც გულძმარვის და გულმკერდის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

-რა იწვევს საყლაპავის თიაქარს?

-საყლაპავის თიაქრის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ ის ასაკთან ერთად, დიაფრაგმის დასუსტების შედეგად ან მუცლის ღრუში მაღალი წნევის არსებობის ფონზე ვითარდება. საყლაპავის თიაქარი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში, მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს, ჩასაბერ ინსტრუმენტებთან მომუშავე პერსონალში, ჭარბსწონიანებში და ორსულ ქალებში. შეიძლება გამოიწვიოს მიღებულმა ძლიერმა ტრავმამ.(დაცემა, ავარია, ჩამოვარდნა).

- რა სიმპტომებით ვლინდება საყლაპავის თიაქარი და შესაძლებელია თუ არა სიმპტომურად ჰგავდეს სხვა დაავადებას?

 -თვითონ საყლაპავის თიაქარს იშვიათად აქვს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება (გერდ). გერდ-ის დროს კუჭის მჟავა უკან საყლაპავში ადის. საყლაპავის ბოლოში არსებული სარქველი სათანადოდ ვერ მუშაობს. ამ დროს, შესაძლოა საყლაპავი ძალიან დაზიანდეს, რადგანაც მისი დაცვა კუჭის წვენისგან სათანადოდ არ ხდება. ეს გამოიწვევს გულძმარვას, ტკივილს გულმკერდის არეში, ბოყინს, პირის ღრუში უსიამოვნო გემოს შეგრძნებას და ყლაპვის პრობლემებს (დისფაგია). ხშირად ეშლებათ გულის, ფილტვის და ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა დაავადებებში, ხდება პაციენტის გადამისამართება არასათანდო მიმართულებით, შესაბამისად მკურნალობაც არაეფექტურია.

-არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი, როდესაც მეტია რისკი საყლაპავის თიაქრის გაჩენის?

-საყლაპავის თიაქარი, ზოგჯერ შესაძლებელია ახალშობილებშიც განვითარდეს, თუ კუჭი ან დიაფრაგმა ვერ განვითარდება ნორმალურად. შეფასებულია, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანების ერთ მესამედს აქვს ეს მდგომარეობა.

-გვხვდება თუ არა ჩვილ ბვშვთა ასაკში და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი?

-არსებობს საყლაპავის თიაქარის იშვიათი ფორმაც, რომელიც ახალშობილ ბავშვებს ემართებათ და რომელიც გამოწვეულია დიაფრაგმის ან კუჭის თანდაყოლილი დეფექტით. თანდაყოლილი ნიშნავს, რომ ბავშვს ეს მდგომარეობა დაბადებისას უკვე ჰქონდა. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე რენტგენოლოგიურად.

- საყლაპავის თიაქრის რა სახეობებია უფრო მეტად გავრცელებული?

-საყლაპავის თიაქარის ორი ძირითადი სახეობა არსებობს: მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს (შემთხვევათა 80%-ზე მეტი ასეთია) და პარა-ეზოგაფული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის (შემთხვევათა დაახლოებით 5-15%-ია ასეთი). არსებოს ამავე დროს შერეული ფორმაც.

-იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ მიაქცევს ყურადრებას ამ პრობლემას, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

-ეს დაავადება ძირითადად სოციალურად აქტიური კონტიგენტს აღენიშნება, როგორც წესი არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. საყლაპავის თიაქარი იშვიათად იწვევს გართულებებს, თუმცა კუჭის წვენით საყლაპავი მილის ხანგრძლივმა დაზიანებამ შეიძლება გააჩინოს წყლულები, ნაწიბურები და გადააგვაროს საყლაპავი მილის უჯრედები, რაც საყლაპავის კიბოს (oesophageal cancer) რისკს ზრდის.

-მკურნალობის რა მეთოდს (მიდგომას) სთავაზობთ კლინიკაში მოსულ პაციენტებს?

- საყლაპავის თიაქარის დიაგნოზირება ძირითადად რენტგენით და ენდოსკოპიით შეიძლება. ენდოსკოპიის დროს გრძელი მილის მსგავს ინსტრუმენტს იყენებენ, რომელზეც კამერა და ნათურაა დაყენებული. რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტირებით და პოლიპოზიციურად. თანამედროვე კვლევის მეთოდია 24 საათიანი PH მონიტორინგი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებელი. მოძრავი საყლაპავის თიაქრის მკუნრალობა, უმეტესწილად გერდ-ის სიმპტომების შემსუბუქებაზეა მიმართული, როგორიცაა მაგალითად გულძმარვა. ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტებით მკურნალობა – საუკეთესო მეთოდია. უმჯობესია მიირთვათ დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით, ვიდრე დღეში ერთხელ და დიდი რაოდენობით. ჭამის ან სითხის მიღების შემდეგ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში არ დაწვეთ. კვებითი რაციონიდან ამოიღეთ ყველა ის საკვები, რომელიც სიმპტომებს აუარესებს. ოპერაცია კი იმ შემთხვევაშია რეკომენდირებულია, თუ პაციენტს მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსის ჩატატარება არ სურს, ან სხვა მკუნრალობის მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო. დღესდღეისობით ოქროს სტანდარტად მიღებულია ლაპაროსკოპიული მეთოდით მკურნალობა – კრურორაფია, ფუნდოპლიკაცია «ნისენის მოდიფიკაციით», რომელიც წარმატებით კეთდება ჩვენი გუნდის მიერ 14 წელია.

- რადგან საყლაპავის დაავადებებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება გამოგვრჩეს საყლაპავის აქალაზია. დაგვისახელეთ მისი სიმტომები და მკურნალობის მეთოდები.

- აქალაზია საყლაპავის შევიწროებას იწვევს, საყლაპავის კუნთები იკუმშება და არ დუნდება, რის გამოც დაბრკოლების გადალახვა საკვებს არ შეუძლია. ძირითადი სიმპტომია ღებინება წინა დღით მიღებული საკვების მასებით, წონაში კლება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, პირში ცუდი სუნი. საწყის ეტაპზე იწყებენ შევიწროებული უბნის ბუჟირებას, ბალონით გაფართოებას, მედიკამენტებით შევიწროებული კუნთების მოდუნებას, მაგრამ ყველა ამ მეთოდს მაინც საბოლოო ჯამში დროებიტი ეფექტი აქვს. რადიკალური მკურნალობა მაინც ოპერაციულია, რომელიც ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით ხორციელდება ჩვენთან.

-სტატისტიკურად იმატა თუ არა აქალაზიით დაავადებულთა რიცხვმა და რამ განაპირობა ეს?

-სტატისტიკურად აქალაზია იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ძირითადი გამომწვევი მიზეზი მაინც ფსიქო-ემოციური ფაქტორებითაა განპირობებული. ამ ბოლო დროს დაავადებულთა რიცხვის ზრდა მაინც დიაგნოსტიკის გაუმჯობესებით და პაციენტთა და ექიმთა ინფორმაციულობითაა განპირობებული, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერაციულ მკურნალობაზე თანხმდებიან მისი ნაკლებ ტრავმატიზმის (ლაპაროსკოპია) გამო.

-შესაძლებელია თუ არა ზემოთხსენებული დაავადებებიდან რომელიმე მოიცავდეს სიმსივნურსაც?

- საყლაპავის თიაქრის არსებობის შემთხვევაში მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის გაჭიანურების შემთხვევაში იზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი. რომელიც ბოლო დროის მონაცემებით საკმაოდ მაღალ პროცენტს აღწევს. აქალაზიის შემთხვევაში დიფერენცირება უნდა გაკეთდეს საყლაპავის კიბოსთან, შევიწროებული მიდამოს ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

-როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

-ხშირად საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარს მაშინ აღმოაჩენენ, როცა პაციენტი ექიმს გულძმარვის გამო მიმართავს. გულძმარვა უმეტესად ზომიერია. თუ ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ხშირია, თან სდევს ხველა, ხიხინი, ასთმის შეტევები ან ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დიდი ზომის თიაქარი აქვს, გულმკერდის უეცარმა ძლიერმა ტკივილმა, სუნთქვის გაძნელებამ ან ყლაპვის დარღვევამ შეაწუხა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას!

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 599 55 04 04; +995 322 51 60 60

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები