Doctor's Search

„საკეისრო კვეთას თავისი ჩვენებები აქვს და ამ ჩვენებების არსებობის გარეშე არ არის სასურველი მშობიარობა ოპერაციით“ – დავით მიქაბერიძე

August 3, 2017 Posted By Vipmed.ge

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდია. ახალი სიცოცხლის დაბადებით წყვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება და იწყება ყველაზე ლამაზი, სიცოცხლით სავსე პერიოდი. ყველა დედას ერთი უმთავრესი სურვილი აქვს – ჯანმრთელი შვილის დაბადება. შვილზე ზრუნვა კი მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება.

მშობლები პატარის დაბადებას მომზადებულები უნდა შეხვდნენ. მომავალმა დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს კვებას, უარი თქვას მავნე ჩვევებზე და ისწავლოს ნაყოფის „მოვლა“, რაც ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების წინაპირობაა.

რითი იწყება ორსულობის მართვა? როდის უნდა მოემზადოს მომავალი დედა მშობიარობისთვის? რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობასა და საკეისრო კვეთას? -ამ თემებზე სამედიცინო პორტალ VIPMED.GE”- ის ჟურნალისტთან სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – დავით მიქაბერიძემ ისაუბრა.

ჩვენი სამეანო დეპარტამენტი 2014 წლის მაისაიდან ანუ კლინიკის გახსნის დღიდან ფუნქციონირებს. დეპარტამენტი, ისევე, როგორც მთელი კლინიკა, უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. სამეანო და გინეკოლოგიურ სამსახურებთან ერთად გვაქვს ქალთა კონსულტაცია, რომელიც ჩართულია ალტერნატიული მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რაც მოიცავს ოთხ უფასო ვიზიტს შესაბამისი კლინიკო–ლაბორატორიული გამოკვლევებით.

რითი იწყება ორსულობის მართვა?

როცა წყვილი შვილის ყოლას გადაწყვეტს, სასურველია, წინასწარ მივიდნენ ოჯახის ექიმთან ან უმჯობესია მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მთელი ორსულობის განმავლობაში გაუწევს მეთვალყურეობას მომავალ დედას. ასეთ შემთხვევაში, ქალბატონიც უფრო მომზადებული შეხვდება ორსულობასა და მშობიარობას, რაც ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების წინაპირობა გახდება. პირველ ვიზიტზე, მეან-კინოკოლოგის კონსულტაციასთან ერთად თერაპევტის კონსულტაციაც უფასოა.

ორსულობის დაგეგმვისთანავე წყვილმა აუცილებლად წინასწარ უნდა გაიაროს მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, რათა თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმ ძირითადი პირობებისა და შესაძლო გართულებების შესახებ, რომლებიც თან სდევს ორსულობასა და მშობიარობას.

გარდა ამისა, ორსულობის 30-32 კვირის ვადიდან ორსულმა სასურველია დაიწყოს აქტიური თეორიული მომზადება მშობიარობისთვის, რათა გაერკვეს ფიზიოლოგიური მშობიარობის პერიოდებში, ისწავლოს სწორი სუნთქვა მშობიარობისას, რაც გამოადგება მთელი ორსულობისა და მშობიარობის დროს. ამავდროულად, ისწავლოს ახალშობის მოვლა, გაიგოს თუ რა დოკუმენტაცია და პირადი ნივთები უნდა იქონიოს თან სამშობიაროში მისვლისას.

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ორსულთა სკოლა, სადაც თვეში ერთხელ ტარდება სპეციალური გაკვეთილები, რომელზეც მომავალ დედებს მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გადავცემთ მშობიარობის შესახებ.

რითი ეხმარება სახელმწიფო მშობიარეს?

როგორც ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ანტენატალური ანუ ორსულთა მეთვალყურეობის უფასო პროგრამა, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოიცავს ოთხ უფასო ვიზიტს შესაბამისი გამოკვლევებით. გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთას – 800 ლარით.

რას ურჩევთ იმ ქალბატონებს, რომლებსაც ფიზიოლოგიური მშობიარობის ნაცვლად საკეისრო კვეთა გადაუწყვეტიათ, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ ამის ჩვენება?

მშობიარობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვლენას წარმოადგენს. ამიტომ, ორსულებს დროულად უნდა ავუხსნათ, თუ რაში მდგომარეობს ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობა. მომავალი დედები საკეისრო კვეთის გასაკეთებლად სამეანო სტაციონარს ხშირად მომართავენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ოპერაცია. ვფიქრობ, კონსულტაციის ექიმი–გინეკოლოგი მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა ესაუბროს მომავალ დედას ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობის შესახებ. საკეისრო კვეთას თავისი ჩვენებები აქვს, რომელთა გარეშე არ არის სასურველი მშობიარობის დასრულება ამ ოპერაციით.

სწორედ ამისათვის არსებობს ორსულთა სკოლა, რომელიც ჩვენს სამეანო განყოფილებაში წარმატებით ფუნქციონირებს და ყველა ორსულს, რომელსაც სურს ამ პროცესში ჩართვა, შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად.

გართულებების დროს, როგორ შეგიძლიათ ორსულობის მართვა?

მოგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს ჩვენმა სამეანო დეპარტამენტმა მიიღო მომსახურების ხარისხის მეორე დონე, რაც მოიცავს გართულებული შემთხვევების მართვის თითქმის სრულ პაკეტს – ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ ვახორციელებთ არის 22-დან 34 კვირამდე პათოლოგიურ ორსულთა მართვას ჩვენს კლინიკაში ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების არარსებობის გამო. თუმცა, კლინიკის მენეჯმენტის ახალი ჯგუფი შეგვპირდა უახლოეს მომავალში ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების გახსნას, რაც საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მომავალ დედებს სრულყოფილი მომსახურება.

ორსულობის 34 კვირის ვადიდან ყველა შესაძლო გართულებების მართვა არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურისა და მაღალკვალიფიციური კადრების წყალობით, წარმატებით შეგვიძლია ჩვენს კლინიკაში.

გეხმარებათ თუ არა სახელმწიფო მძიმე ბავშვების რეანიმაციულ მართვაში?

არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეხმარება სახელმწიფო მძიმე ახალშობილების დროული ადექვატური მკურნალობის საქმეში. იმ კლინიკებს, რომლებსაც არ აქვთ მესამე დონე, მთელს რესპუბლიკაში მოქმედებს რეფერალური სისტემა, ანუ მძიმე ახალშობილები სწორედ რეფერალური სისტემით გადაგვყავს შესაბამისი სტაციონარის ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში.

დღესდღეობით, ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ინტერნეტი და საზოგადოება ძირითადად, სწორედ ინტერნეტით იძიებს მისთვის სასურველ ინფორმაციას.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია სამედიცინო პორტალ “VIPMED. GE”-ს როლი ექიმებისა და პაციენტებისათვის?

მეც და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ არაჩვეულებრივი და ძალიან საჭირო პორტალი შეიქმნა “ VIPMED. GE “-ს სახით. ის არამარტო ექიმებს გვეხმარება პაციენტებთან კომუნიკაციის გაიოლებაში, არამედ პაციენტებსაც აძლევს საშუალებას თავანთი შეხედულებისამებრ შეარჩიონ სასურველი კლინიკა და პროფესიონალი ექიმი. ასეთი პორტალი ძალიან დიდ შვებას აძლევს გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც მანამდე არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდა კლინიკებისა და ექიმების შესახებ. თქვენი პორტალის საშუალებით ეს პრობლემა უამრავი ადამიანისთვისაა უკვე მოხსნილი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ასეთი წარმატებული საინფორმაციო პორტალის არსებობისა და საზოგადოების თანადგომისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

 YouTube Preview Image

ნათია ღამბაშიძე


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები