Doctor's Search

დიაგნოსტიკა სამედიცინო სფეროში – საყრდენი ძალაა!

April 13, 2018 Posted By Vipmed.ge

ორსულობა, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალი ჯერ კიდევ მუცლად მყოფ მომავალ შვილზე იწყებს ზრუნვას, სწორედ ამიტომ მომავალი დედებისთვის დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ ზოგიერთ იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება ორსულობის შეწყვეტას და უშვილობას. ეს გახლავთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები: თრომბოზები და თრომბოფილია.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს განიხილავს რეპროდუქციული კლინიკა „უნივერსი“-ს ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ქ-ნი ეკატერინე კორკოტაშვილი.

- მოგესალმებით ქ.ნო ეკატერინე, რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა?

- მოგესალმებით, ორსულობის შეწყვეტის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენი კლინიკა არის რეპროდუქციული კლინიკა და ამ მიმართულებით მუშაობს ათეული წელია. თუმცა არა მარტო ამ მიმართულებით. ჩვენთან ხვდებიან პაციენტები, როგორც ზოგადად უნაყოფობით, ასევე ერთი ან რამდენიმე შეწყვეტილი ორსულობით. შეწყვეტილი ორსულობის მიზეზები როგორც აღვნიშნე, ხშირად შეიძლება იყოს: სისხლის შედედების პრობლემით გამოწვეული, (გენეტიკური ან შეძენილი ფორმის) ასევე იმუნური გენეზის.

- რა სიმფტომები ახასიათებს ნებისმიერი გენეზის კოაგულოპათიებს?

- სიმფტომები შეიძლება იყოს კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ზედაპირული ვენების სურათის მკვეთრი გამოხატულება, ტკივილი ღამის საათებში, ანემია. ფეხის კუნთის დაჭიმულობა, რომელიც იწვევს მკვეთრ ტკივილს. ასეთი პაციენტები მძიმედ იტანენ ცხელ ზაფხულს, ახასიათებთ ტაქიკარდიები ანუ პულსის აჩქარება, გულის არეში ტკივილის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, თავბრუს ხვევა, საერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. ასეთია ზოგადი სიმფტომები და ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი ორგანიზმის მიმართ.

- ორსულობის, რომელ ეტაპზე და რა ფორმით შეიძლება იჩინოს თავი ამ პრობლემებმა?

- ორსულობა, როგორც მოგეხსენებათ იწვევს სისხლის შედედების სისტემის გააქტივებას ფიზიოლოგიურად. მაგრამ, პაციენტებში 2 ან მეტი შეწყვეტილი ორსულობით, იგი შეიძლება გამოვლინდეს პათოლოგიური ფორმით, რადგან ორსულობა ასრულებს ამ შემთხვევაში რისკ ფაქტორის როლს არსებული პრობლემის გამოსავლენად. ასეთ პაციენტებში ორსულობის დადგომისთანავე, როგორც კი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) შეეხება ენდომეტრიუმს, ანუ ქალის საშვილოსნოს შიდა კედელს, ხდება შედედების სისტემის პათოლოგიური გააქტივება რის შემდეგაც პროცესი მიდის კასკადურად. ამ დროს ძალიან სწრაფად ხდება მცირე ზომის მიკროთრომბების წარმოქმნა, რომელიც იღებს სისტემურ ხასიათს და ორსულობის მცირე ვადაზე ხდება ემბრიონის სიკვდილი, ჟანგბადის მიუწოდებლობის გამო. ეს პროცესი იმდენად ადრეულ სტადიაზე ხდება, რომ პაციენტები ვერც ხვდებიან ზოგჯერ მოხდა თუ არა განაყოფიერება, რადგან ციკლი ჩვეულ რეჟიმში აქვთ. შეიძლება ორსულობა გახანგრძლივდეს 7-8 კვირამდე ასეთ პაციენტებში. თუმცა იგივე გამოსავლით მთავრდება.

- რატომ ხდება ორსულობის შეწყვეტა, რატომ აღარ ხდება მისი განვითარება?

- იმიტომ რომ ამ დროს დარღვეულია კავშირი დედასა და ემბრიონს შორის, ხდება მიკრო ცირკულაციის მოშლა, ინვაზიის სიღრმის დარღვევა. შესაბამისად ემბრიონი იღუპება ჟანგბადის მიუწვდომლობის გამო და ხდება მისი ორგანიზმიდან გამოძევება, როგორც უცხო სხეულის. ზოგადად ეს ხდება მაქსიმუმ 7-8 კვირის ვადამდე. ბოლო პერიოდში დაღუპული ემბრიონის არასრული გამოძევებისას ხდება ჩარევა-დახმარება გარკვეული მედიკამენტებით.

- პაციენტებს, შეწყვეტილი ორსულობებით, მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობთ?

- ჩვენს კლინიკაში მოსულ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობა, უტარდება სტანდარტული და არასტანდარტული გამოკვლევების სრული სპექტრი. მათ შორის გენეტიკური თრომბოფილის და შეძენილი ფორმის კოაგულოპათიების, როგორიც არის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მოლეკულური მარკერების განსაზღვრა. გენეტიკური მუტაციები, რომელთა არსებობა ქალის ორგანიზმში იწვევენ ორსულობების შეწყვეტას ადრეულ და გვიან გესტაციურ ვადებზე მიეკუთვნება: ლეიდენი V-ის გენის მუტაცია, პროთრომბინის G20210A გენის მუტაცია, -MTHFR – გენის მუტაციები და რამდენიმე სახის პოლიმორფიზმი. ეს არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური კვლევები, რომელსაც შემდგომ ჩვენ ვიყენებთ პაციენტის სწორად მართვისთვის.

- ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ახსენეთ, რა კავშირი აქვს მას შეწყვეტილ ორსულობებთან?

- როგორც მოგახსენეთ, გარდა გენეტიკური თრომბოფილიების შეწყვეტილი ორსულობების მიზეზი არის კიდევ შეძენილი მიზეზები, არა გენეტიკური, არა მემკვიდრული. ასეთი არის ყველასთვის ცნობილი “ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი”, ეს არის სიმფტომთა კომპლექსი, რომელიც ვითარდება სპეციფიურ პაციენტებში, რომელსაც აქვთ წინასწარ განწყობა. მაგალითად აქვთ აუტოიმუნური დაავადებები, აწუხებთ სახსრების ტკივილი, ხერხემლის ტკივილი, ბავშვობიდან რევმატოიდული ართრიტები, აუტოიმუნური თირეოიდიტი (ხაშიმოტოს ჩიყვი), წითელი ქარი, წითელი მგლურა. ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები, სხვადასხვა სახის სიმსივნეები და ა.შ.
ამ სინდრომის არსებობა ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის-ჰემოსტაზის პათოლოგიურ გააქტიურებას, ისე როგორც გენეტიკური მიზეზების დროს, თითქმის იგივე მექანიზმით ხდება მიკრო თრომბოზების განვითარება რაც საბოლოოდ იწვევს ორსულობის შეწყვეტას.
როდესაც პაციენტი შეწყვეტილი ორსულობით, მოდის ჩვენთან პირველად სწორედ ანტფიფოსფოლიპიდური სინდრომის მოლეკულური მარკერების განსაზღვრა ხდება.

შემდეგი მიზეზი არის იმუნური გენეზის უნაყოფობა. არის ასევე დაუდგენელი გენეზის უნაყოფობა, თუმცა ჩვენ გვაქვს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, რომელთაც წარმატებით ვიყენებთ ასეთ შემთხვევებში.

- რა პრობლემის და რისკის წინაშე შეიძლება დადგეს ორსული თუ უყურადღებოდ დატოვა ზემოდხსენებული პრობლემა?

- რისკები ძალიან დიდია. გამოსავალი არის ხშირად მძიმეც, პაციენტები დატვირთული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზით, მძიმე ოჯახური ანამნეზით, 2 ან მეტი შეწყვეტილი ორსულობით უნდა იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე სპეციალიზირებულ კლინიკაში რათა კვლევების საფუძველზე მიზანმიმართული სწორი მკურნალობით შეინარჩუნონ და მიიტანონ ბოლომდე ორსულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება დამთავრდეს ნაყოფის სიკვდილით, რაც მოგეხსენებათ ხშირად ხდება.
ყოველი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ რთულდება პაციენტის მდგომარეობა ფერტილობის თვალსაზრისით. რაც ასევე ვნებს დედის ჯანმრთელობას. პაციენტმა უნდა იცოდეს რომ, თუ არ იქნა დროულად აღმოჩენილი და გამოვლენილი მიზეზი, მას შეიძლება შეექმნას პრობლემები ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად: დიდი სიცხის დროს ზაფხულში, ზღვაზე რუჯის მიღებისას, დიდ მანძილზე გადაფრენისას, შეიძლება განვითარდეს თრომბოზი. ამიტომ სისხლის შემადედებელი სისტემის პრობლემები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის და ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.

– გაიზარდა თუ არა შეწყვეტილი ორსულობით პაციენტების რიცხვი?
– პაციენტების მომართვიანობა შეწყვეტილი ორსულობებით, გაიზარდა, რაც ალბათ განაპირობა ჩვენი კლინიკის მიმართ ნდობის გაჩენამ სრულყოფილი კვლევებისა და მკურნალობის უახლესი მიდგომების გამო, რაც საკმაოდ კარგ შედეგებს გვაძლევს.

- მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობის რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გაქვთ კლინიკაში?

- მამაკაცის უშვილობის სხვადასხვა ფორმების დროს ხდება სპეციფიკური სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენება. მაგ: სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა, ფოლიკულური სითხის გამოკვლევა, ზოგიერთი სახის ნატურალური კილერების (SD) უჯრედული გამოკვლევა, სპერმის გენეტიკური მასალის ქრომოსომული კვლევა და ა.შ.

- უშვილობის ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა, რა მეთოდია ეს და რა შემთხვევაში გამოიყენება?

- უშვილობის და შეწყვეტილი ორსულობების ზემოთ ხსენებული მიზეზების დროს, ასევე დაუდგენელი გენეზის უშვილობის დროს, კომპლექსური მკურნალობის კურსში ჩართული გვაქვს ლიმფოციტოიმუნიზაციის მეთოდი, ეს მეთოდი ემსახურება დედის დამცველობითი სისტემის აგრესიის შესუსტებას მეუღლის ბიოლოგიური მასალის (სპერმის) მიმართ, რაც თავის მხრივ ეხმარება განაყოფიერებას და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს ღრუში. იგი წარმატებით გამოიყენება ასევე “ინ ვიტრო” განაყოფიერების წინა მოსამზადებელ პერიოდში და ორსულობის I ტრიმესტრში. ეს მეთოდი არ არის ახალი, მას იყენებენ ძირითადად წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში და საუნივერსიტეტო კლინიკებში. ჩვენს კლინიკაში რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებთ.

- ქ.ნო ეკატერინე კლინიკა „უნივერსი“, (რომელშიც ამჟამად მუშაობთ) მკურნალობის რა მეთოდებს და მიდგომებს სთავაზობს, როგორც ქართველ ისე უცხოელ პაციენტებს?

- დიაგნოსტიკა სამედიცინო სფეროში საყრდენი ძალაა, რაზეც შეიძლება დააშენო ზოგადად მკურნალობაც და გამოსავალიც. ამიტომ, თუ სწორად დავსვათ დიაგნოზს, მკურნალობა ეფექტური ხდება. ჩვენთან ჩამოდიან სამკურნალოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არა მარტო კავკასიის რეგიონიდან, არამედ ზოგიერთი ევროპის და აზიის ქვეყნებიდანაც, ამის საშუალებას გვაძლევს კლინიკაში არსებული ევროპული სტანდარტის უახლესი სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიები. რომელთა დახმარებით შესაძლებელია დავსვათ მეტად რთული დიაგნოზები და ჩავატაროთ ყველა ის პროცედურა, რომელიც ჩვენ გვჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე
მობ.: +995 599 07 35 32

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ

მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები