Doctor's Search

ტრავმატოლოგ-ორთოპედის გელა ჩადუნელის გამოგონება და მისი უპირატესობები

July 6, 2019 Posted By Vipmed.ge

ტრავმატოლოგ-ორთოპედის, მედიცინის დოქტორის, ბატონი გელა ჩადუნელის სახელს უკავშირდება ჯერ კიდევ 1998 წელს ტრავმატოლოგიაში უნიკალური ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატის შექმნა, რაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობის დადებითად, ნაკლები გართულების გარეშე წარმართვას უზრუნველყოფს. მისმა განათლებამ, მრავალწლიანმა და მრავალფეროვანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ წლების მანძილზე გელა ჩადუნელი თავისი საქმის უბადლო პროფესიონალად და პაციენტების საყვარელ ექიმად ჩამოაყალიბა.

გელა ჩადუნელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სურამის ტრავმატოლოგიურ საავადყოფოში გამანაწილეს და იქ დავიწყე ჩემი საექიმო მოღვაწეობა. შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში ჩავირიცხე ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრში, მოგვიანებით იმავე ინსტიტუტში უკვე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად გავაგრძელე მუშაობა. მიწვეული ვიყავი მოსკოვში გასაუბრებაზე, სადაც დადებითად შემაფასეს და მიმავლინეს იემენის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, ურთულესმა სამხედრო რეგიონმა ძალიან დიდი და ძლიერი პრაქტიკა მომცა.

- რთული მიმართულება აირჩიეთ – ტრავმატოლოგიაში და შექმენით ძვლების გარეგანი საფიქსაციო ღეროვანი აპარატი…

- კლინიკურ ორდინატურაში სწავლის პერიოდში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის დროს ჩემი ინტერესის სფეროს ღია მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები წარმოადგენდა, სადაც უფრო მეტი გართულებები აღინიშნებოდა ჩვეულებრივ, დახურულ მოტეხილობებთან შედარებით. ამ პერიოდში – 1998 წელს შევქმენი ძვლების გარეგანი საფიქსაციო აპარატი, რომელმაც თავი მოუყარა სხვადასხვა ჯგუფის საფიქსაციო აპარატების დადებით მხარეებს.

- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამ აპარატის უპირატესობების შესახებ…

- ეს გახლავთ ძვლების გარეგანი ფიქსაციის ღეროვანი აპარატი, რომელიც ძვლებს მათ საბოლოო შეხორცებამდე აფიქსირებს და ძირითადად გართულებული მოტეხილობების დროს გამოიყენება. ჩვენ მიერ შექმნილი კონსტრუქცია უზრუნველყოფს სტაბილურ ფიქსაციას მრავალ სიბრტყეში, რაც იმის წინაპირობაა, რომ პროცესი დადებითად, ნაკლები გართულებებით წარიმართოს. აპარატი უზრუნველყოფს ანთებითი პროცესის უსწრაფეს ლიკვიდაციას. მისი მეშვეობით რთული მოტეხილობების დროს, დადებითი გამოსავლების მეტი შესაძლებლობა გვაქვს.   ეს არ არის დროებითი ფიქსაციის აპარატი, რომელსაც სატრანსპორტო იმობილიზაციისთვის იყენებენ, რა დროსაც ხვრეტენ ძვალს და აკეთებენ დროებით ფიქსაციას, რის შემდეგაც გადადიან რთულ ოპერაციაზე. ჩვენ არა მხოლოდ აპარატი, არამედ თვითონ მეთოდიკა შევქმენით. ჩვენი აპარატი შექმნილია როგორც მკურნალობის საბოლოო მეთოდი, რითიც შესაძლეელია ჭრილობების მოკლე ვადებში შეხორცება და აღდგენითი პროცესების დაჩქარება. მისი დახმარებით ხდება ინფექციური პროცესის თავიდან აცილება.

- ხშირად გაქვთ ისეთი შემთხვევბი, როცა საქმე კიდურების შენარჩუნებას ეხება, ამ დროს რა პირველადი ღონისძიებებია საჭირო?

- არის შემთხვევები, როცა საქმე მძიმე ღია მოტეხილობებთან გვაქვს, რა დროსაც მარტო სისხლძარღვების შენარჩუნებაზე აღარაა ლაპარაკი ისეთი ინფექციური გართულება მიდის, რომელიც ძალზე ხშირად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესებით და ამპუტაციით მთავრდება. ამის თავიდან ასაცილებლად პირველივე ეტაპზე, პროფესიონალურ დონეზე უნდა მოხდეს ქსოვილების მდგომარეობის შეფასება და ძვლების მყარი სტაბილური ფიქსაცია. პროფესიონალმა ტრავმატოლოგმა პირველ ეტაპზე უნდა გაასწოროს ძვლები, შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს მათი რეპოზიცია, ფიქსაცია და შემდეგ სათანადოდ მოეპყრას ქსოვილებსაც, მაქსიმალურად უნდა მოხდეს საღი ქსოვილების შენარჩუნება,მართოს პროცესი ესაა წარმატების წინაპირობა.

- როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზულ პროცესებს?

- ძვალიც ფუნქციური ორგანოა და ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურ აქტივობა სიცოცხლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, მოქმედებს ჰორმონების ცვლაც, მაგრამ უფრო ხშირად უმოძრაობისგან ხდება ძვლის განლევა. თუ ასაკთან ერთად მოძრაობას შეამცირებთ ეს ხელს შეუწყობს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს და ძვლის ატროფიას. მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება. ცურვა და ველოტრენაჟორი ოქროს შუალედადაა მიჩნეული, რა დროსაც ყველა კუნთი მუშაობს. კარგია ფეხით სიარულიც.

- რა დროს დგება ენდოპროტეზირების საჭიროება?

- როდესაც ადამიანს გადაადგილება არ შეუძლია და საშინელი ტკივილები აქვს ამ შემთხვევაში ვცდილობთ დავეხმაროთ, შევცვალოთ სახსარი და მივცეთ მოძრაობის საშუალება. ზოგიერთი კოლეგისგან მსმენია, რომ უმნიშვნელო ტკივილის დროსაც აუცლებლად ოპერაციაა საჭირო გართულების თავდან ასაცილებლად, – ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. შეიძლება შორს წავიდეს ართროზული პროცესი, მაგრამ ოპერაცია არც ერთ ეტაპზე არაა გვიანი. რაც უფრო ადრე გაიკეთებ ენდოპროტეზირებას, მით უფრო ადრე ენდოპროტეზი იწყებს ცვეთას, ამიტომ ჯობს, ადამიანს ბოლომდე ჰქონდეს თავისი ბუნებრივი სახსრები.

- ყოველი ახალი შემთხვევა ალბათ, ახალი გამოწვევაა, რას განიცდით ოპერაციის წინ?

- დიახ, ყოველი შემთხვევა ჩემთვის ნამდვილად ახალი გამოწვევაა, ესაა შეჯიბრი, როცა ებრძვი იმ ძალას, რომელმაც ეს ჩაიდინა და ეძებ გზებს თუ, როგორ დაამარცხო ის. ყველა შემთხვევაში ექიმს ამოძრავებს გამარჯვების სურვილი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ავადმყოფის ნდობა ჩვენ მიმართ. არსებობს გამოთქმა, რომ ამ დროს სამი მოქმედი პირია- ავადმყოფი, ავადმყოფობა და ექიმი. თუ ავადმყოფი ექიმის მხარეს იქნება, ის ბოროტი ძალა, რომელსაც ავადმყოფობა ჰქვია აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ თუ ავადმყოფი და ავადმყოფობა გაერთიანდა და დაეჭვდება ექიმის პროფესიონალიზმში,ამ დროს ექიმი უმცირესობაში აღმოჩნდება და უფრო მეტი ძალისხმევა დაჭირდება გამარჯვების მისაღწევად. ყველა შემთხვევას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ექიმს უნდა ჰქონდეს ცოდნასთან ერთად პროფესიული ალღო და ინტუიცია, რაც წლებს და გამოცდილებას მოაქვს.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 551 34 87 77, +995 593 21 45 42

წყარო: საინფორმაციო სააგენტო პრაიმ თაიმი