Doctor's Search

„ძვალ-სახსართა სისტემასაც სჭირდება მუდმივი ვარჯიში“…

January 28, 2018 Posted By Vipmed.ge

ათწლეულების წინ მუმიფიცირებული და მეომრების გვამების ნაშთებზე აღმოჩენილია პალმის ფოთლებით დაფიქსირებული, სწორად შეხორცებული ძვლების მოტეხილობათა ნიშნები, ქირურგიული ინსტრუმენტები ტრავმული ოპერაციებისათვის და სხვა.

ტრავმატოლოგია მედიცინის უძველესი დარგია. მართალია XXI საუკუნეში პალმის ფოთლები თაბაშირმა ჩაანაცვლა და ქირურგიული ხელსაწყოებიც გაცილებთ დაიხვეწა-განვითარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტრავმატოლოგები დღემდე აქტიურად და წარატებულად იყენებენ წარსულში გამოცდილ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს.

დღეს რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმებთან“ გთავაზობთ, ვისუბროთ იმ ტრავმატოლოგიურ პრობლემებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი გსმენიათ. შესაძლოა გაწუხებთ და არ იცით რა ნიშნებით უნდა ამოიცნოთ კონკრეტული პრობლემა. ასევე ვისაუბრებთ ჩვილ და მოზარდ ბავშვთა ასაკში მოსალოდნელ დაავადებებზე, სხვადასხვა ასაკში ძვლოვანი სისტემის გართულებებზე ქალებსა და მამაკაცებში, და სხვა იმ მნიშვლეოვან ტრავმატოლოგიურ პრობლემებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ყველა სქესის თუ ასაკის ადამიანისთვის.

უფრო ვრცლად და დეტალურად კითხვებზე პასუხს გაგვცემს „ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი“- ევექსის ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ- „ჰიპოკრატე“-ს ასოცირებული პროფესორი, ბ.ნ გელა ჩადუნელი.

- მოგესალმებით ბატონო გელა, უმეტესად ძვალ სახსართა რა სახის დაავადებებია გავრცელებული და რა მიდგომებს სთავაზობთ პაციენტებს?

– მოგესალმებით, ძვალ-სახსართა ყველაზე უფრო გავრცელებულ დაავადებებს წარმოადგენს კოქსართროზი და გონართროზი, მსხვილი სახსრების მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ართროზული პროცესები. ზოგჯერ საქმე მიდის სრულ ინვალიდობამდე და ადამიანს შეზღუდული აქვს უმტკივნეულოდ გადაადგილების საშუალება, ყოველი მოძრაობა დაკავშირებულია დიდ ძალისხმევასთან. ასეთ შემთხვევევაში ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ართროპლასტიკას- სახსრების ჩანაცვლებას თანამედროვე ენდოპროტეზებით და ვცდილობთ ადამიანებს დავუბრუნოთ მოძრაობის შესაძლებლობა და გავუუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

- ხომ არ ჩაანაცვლა თაბაშირი მოტეხილობების სამკურნალოდ რაიმე სხვა საშუალებამ?

– ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ძვლის ფრაგმენტებს შორის უძრაობის უზრუნველყოფა ოპერაციული მკურნალობის გარეშე, თაბაშირი რჩება ჯერჯერობით შეუცვლელ საშუალებად, რადგან გააჩნია აშკარა უპირატესობები პოლიმერულ და სინთეზურ საშუალებეთან შედარებით, რადგან არის ბუნებრივი მასალა ჰიგროსკოპიული. იგი კარგად ატარებს ჰაერს და აქვს პლასტიკური თვისებები. მისი ნაკლოვანი მხარეა ზოგჯერ სიმძიმე და ტენის მიმართ არამდგრადობა. რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება სხავადასვა ტექნოლოგიებით დამზადებული პოლიმერული საშუალებები. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ მიუხედავად მცდელობებისა თაბაშირის სრული ჩანაცვლება ვერ ხერხდება.

- არსებობს თუ არა ფარული დაავადებები ჩვილ ბავშვთა ასაკში და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მშობლებმა?

– არის კიდურების და ტერფის თანდაყოლილი დეფორმაციები, რომლებიც შესაძლებელია ადვილად შეამჩნიოს მშობელმა. თუმცა, როცა საქმე გვაქვს მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილ დისპლაზიასა და ბარძაყის თავის ამოვარდნილობასთან შესაძლებელია პედიატრსაც გამოეპაროს. ამიტომ აუცილებელია ბავშვთა ორთოპედის კონსულტაცია თუ რაიმე საეჭვოს, მაგალითად, ნაოჭების ასიმეტრიას შეამჩნევენ.

- ბავშვთა ასაკში იდაყვის სახსარში ამოვარდნილობებს, ხშირად სახლის პირობებში მკურნალობენ, შესაძლოა თუ არა გამოიწვიოს არასწორმა მკურნალობამ შემდგომში გართულება?

– იდაყვის სახსარში ხშირად ვითარდება სხივის ძვლის (თავის) ქვეამოვარდნილობა. ამის მიზეზი არის უმეტესად ბავშვის ხელით არასწორი აწევა ამ დროს ბავშვი ტირის და ხელიც ჩამოვარდნილია საჭიროა მიაკითხოთ ექიმ ტრავმატოლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ჩვეული ამოვარდნილობის განვითარება და ფუნქციის შეზღუდვა.

- ხშირად მშობლები სპორტული აქტივობით ცდილობენ შვილების დატვირთვას, რა შემთხვევაში შეიძლება მოვხვდეთ სპორტული დარბაზიდან პირდაპირ ტრავმატოლოგთან?

– ხშირად, როგორც მშობლები ასევე მწვრთნელები არასწორად ტვირთავენ ბავშვს არ ითვალისწინებენ მის შესაძლებლობებს. თუ მზარდი სპორტული დატვირთვების დონე აჭარბებს ბავშვის განვითარების სისწრაფეს, მაშინ რაღაც ეტაპზე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას და არაა გამორიცხული ტრავმატოლოგთანაც მოხვდეს. ყველა ჩემპიონი ვერ გახდება!

- დაგვიხასიათეთ პათოლოგიური მოტეხილობა.

– პათოლოგიური მოტეხილობები ვითარდება ძვლის სხვადასხა დაავადებების დროს,რომელსაც თან ახლავს ძვლის სტრუქტურის რღვევა და ტრავმული მოტეხილობებისგა განსხვავებით ვითარდება შეუმჩნეველად, ან სრულიად უმნიშვნელო ტრავმის გამო. ტკივილიც ნაკლებია ამ დროს. ირღვევა მხოლოდ კიდურის ფუნქცია. ასეთ შემთხვევებში ზოგჯერ გვიხდება პალიატიური ოპერაციის ჩატარება. მაგალითად, ძვლის სიმსივნური მეტასტაზების დროს, როცა ძირითადი დაავადების კერა რჩება ორგანიზმში და ჩვენ მიზანს წარმოადგენს ავადმყოფის მობილიზაცია.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ფეხსაცმლის ძირის სიმაღლეს, შეიძლება თუ არა არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა გაზარდოს ტრავმული დაზიანებების ან ტერფის დეფორმაციების რისკის დონე?

– მნიშვნელოვანწილად, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელის ტარება არღვევს ბიომექანიკას. ძალზედ მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელის ჩაცმა შესაძლებელია იყოს წინაპირობა კოჭ-წვივის ტრავმული დაზიანების, ან მისი ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილ პაციენტებში ხელი შეუწყოს პირველი თითის ვალგუსურ დეფორმაციების განვითარებას.არაფიზიოლოგიურია დაბალი ფეხსაცმელიც. ფიზიოლოგიურად ითვლება, როცა ქუსლის სიმაღლე არ აღემატება 4- 5 სმ-ს და არ არის 2 სმ -ზე დაბალი.

- დაასახელეთ ის კრიზისული ასაკი, როდესაც მოტეხილობის რიცხვი მატულობს, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში და რატომ?

– მოტეხილობების კრიზისული ასაკი ქალბატონებში იწყება პოსტ მენოპაუზის შემდეგ, ამ დროს ძვლის სტრუქტურა თანდათანობით ღარიბდება კალციუმის მინერალებით და კარგავს ელასტიურობას. ძვალი ხდება მყიფე ვითარდება ე. წ. ოსტეოპოროზი. იგივე პროცესები მამაკაცებში ოდნავ მოგვიანებით ვითარდება, ამიტომ ხანშიშესულობის და მოხუცებულობის ასაკი ითვლება მოტეხილობების განვითარების კრიზისულ პერიოდად. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო მინერალების მიღებას და სწორ კვებას. ამავე დროს აუცილებელია ნებისმიერ ასაკში შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტიურობა, რადგან ძვალ-სახსართა სისტემასაც ჭირდება მუდმივი ვარჯიში… იყავით ფიზიკურად აქტიური სიცოხლის ბოლომდე და ამით არ მისცემთ ოსტეოპოროზს განვითარების საშუალებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 551 34 87 77, +995 593 21 45 42

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები