Doctor's Search

„ქალბატონების ყოველდღიური ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე ოთხ სანტიმეტრამდე უნდა იყოს“ – გია ჯალალიშვილი

February 15, 2018 Posted By Vipmed.ge

როგორც ამბობენ, ადამიანის ტერფი და მტევანი ორგანიზმის პატარა რუკას წარმოადგენენ და მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ამიტომ, მათი მთლიანობის უმნიშვნელო დარღვევა მთლიანი ორგანიზმის დისფუნქციას იწვევს.

რას ნიშნავს მტევნის ქირურგია? მტევნის რომელი დაზიანებების განკურნებაა შესაძლებელი მხოლოდ ქირურგიული გზით? მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ბრყელტერფიანობის დროს? და როგორ შეიძლება ლიგამენტიტის ანუ მოტკაცუნე თითების განკურნება? ამ და სხვა საკითხებზე სამედიცინო პორტალ „VIPMED.GE” – ს ჟურნალისტს საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი, მტევნისა და ტერფის ქირურგი გია ჯალალიშვილი ესაუბრა.

- ბატონო გია, რას ნიშნავს მტევნის ქირურგია?

- მტევანი ადამიანის ორგანიზმში ძალიან ფაქიზი წარმონაქმნია. მტევნის წარმატებული მკურნალობისთვის დიდი მოთმინება, ზუსტი და ძალიან სპეციფიკური ცოდნაა საჭირო. ამ დარგის კომპეტენცია მტევნის, სხივ-მაჯის სახსრისა და წინამხრის დაავადებები და დაზიანებებია. დღესდღეობით მტევნის ქირურგია უკვე მედიცინის ცალკე დარგია, თუმცა ის მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ტრავმატოლოგია-ორთოპედიასთან, ისე მიკროქირურგიასთან, ანგიოქირურგიასთან, პლასტიკურ ქირურგიასთან, ონკოლოგიასთან, კომპუსტოლოგიასთან …

ჩვენს ქვეყანაში მტევნისა და ტერფის ქირურგია ცალკე დარგად გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა და მან რთული, მაგრამ წარმატებული გზა გაიარა. მტევნისა და ტერფის ქირურგიის განყოფილება 1972 წელს ბატონ ოთარ ღუდუშაურის ინიციატივით შეიქმნა მისი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ. ამ განყოფილების ზენიტი 1987 წელი იყო, როდესაც ქალბატონმა ლამარა თვალიაშვილმა სინდაქტილიის მკურნალობის ახალი მეთოდის გამოგონებისთვის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღო. ასე რომ, ეს განყოფილება ჩვენთან თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში სამი ხელმძღვანელი გამოიცვალა, ბოლოს კი მე დავრჩი ხელმძღვანელად.

ამ განყოფილების ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია შემდეგ ეტაპზე ახლახანს გადავიდა, როცა ამა წლის 9 თებერვალს საქართველოს მტევნის ქირურგიის ასოციაცია დაფუძნდა. საერთაშორისო საზოგადოებაში მტევნის ქირურგია უკვე დიდი ხანია ცალკეა გამოყოფილი, მეტსაც გეტყვით, რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი სინგაპურიდან, სადაც მტევნის ქირურგთა მეორე კონგრესი გაიმართა, პირველი კონგრესი ხუთიოდე წლის წინ ჩატარდა და მესამის მოწყობა მომავალ წელს ესტონეთში იგეგმება.

- რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები მტევნის დაავადებებით და ძირითადად რა ჩივილებით მოდიან?

- როგორც უკვე ავღნიშნე, საქართველოში მტევნის ქირურგიის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს და ეს ტრადიცია ამ დრომდე გრძელდება. სპეციფიკური მკურნალობის მიზნით სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ხშირად გვიგზავნიან პაციენტებს. მიღების დროს დღეში მხოლოდ სამიოდე საათის განმავლობაში მტევნისა და ტერფის პრობლემით დაახლოებით, 10-15 ადამიანი მოდის 15-20 წუთის ინტერვალით.

რაც შეეხება ჩივილებს, ოციოდე წლის წინ ფაბრიკა-ქარხნების გაჩერების შემდეგ საწარმოო ტრამვებმა მნიშვნელოვნად იკლო. დღეს ყველაზე ხშირი ავარიებისა და ექსცესების დროს მიღებული ტრამვები და სხვადასხვა დაავადებებია.

- რა დაზიანებებია თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ხშირი?

- ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირი ტრამვებია. ოპერაციული მკურნალობის შედეგიც ხშირად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ორთოპედიას, სინდაქტილიის, პოლიდაქტილიისა და თანდაყოლილი დეფორმაციების გამოსწორება უფრო რთულია, ვიდრე ტრამვების.

- გენეტიკური ფაქტორები თუ მოქმედებს მტევნის დაავადებებზე?

- გენეტიკური ფაქტორები, სამწუხაროდ, დიდ როლს ასრულებს მტევნის მანკების ჩამოყალიბებაში.

- რა სავალალო შედეგებით შეიძლება დასრულდეს მტევნის დაზიანებები?

- შედეგები შეიძლება ყველანაირი იყოს, მაგრამ პაციენტისა და ოპერაციის შედეგის გადასაზღვევად ჩვენი ჯგუფი შემდეგნაირად მუშაობს – ოპერაციამდელი გამოკვლევის დაგეგმვა, მომზადება, ოპერაცია და ოპერაციის შემდეგი რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია (საკმარისია პაციენტის მხრიდან რეაბილიტაციის, ან რეჟიმის ერთ-ერთი ელემენტი მაინც დაირღვეს, რომ მან 100 %-იანი შედეგი ვერ მიიღოს). თუმცა ყველაფერი მარტო პაციენტზეც არ არის დამოკიდებული, ყველანაირი დაგეგმვის მიუხედავად, მედიცინა „ორჯერ ორი ოთხი“ არასოდეს არის და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა მტევნის ოპერაციამდე, რომ შედეგი წარმატებული იყოს?

- დღეს ნებისმიერ ქირურგიულ პრაქტიკაში გაიდლაინებია შემუშავებული, ამ გაიდლაინებში ზოგადი სქემაა ჩამოწერილი თუ როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის. მე ვარ მტევნის ქირურგი და ლიცენზია არ მაქვს კარდიოლოგიაში, არც თერაპიასა თუ პედიატრიაში ანუ მე პაციენტის ორგანიზმის მდგომარეობასა და ოპერაციის რისკებს ვერ განვსაზღვრავ. ამისთვის არსებობენ: კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ჰემატოლოგი, რადიოლოგი, მენეჯერი და სხვა დარგის სპეციალისტები. თავდაპირველად პაციენტი ჩემთან მოდის, მე დიაგნოზს ვუსვამ და რეკომენდაციას ვუწევ ოპერაციაზე. საბუთების მომზადების შემდეგ კი პაციენტი მენეჯერთან იგზავნება. მენეჯერი აგვარებს პაციენტის კონტაქტს ლაბორატორიასთან და სხ/სხ დარგის სპეციალისტებთან – ანესთეზიოლოგის ჩათვლით. მომზადებული პაციენტი კვლავ ჩემთან იგზავნება და შემდეგ კეთდება (ან არ კეთდება) ოპერაცია.

- მტევნის რომელი დაზიანებების განკურნებაა შესაძლებელი მხოლოდ ქირურგიული გზით?

- მოდით საკითხი უკუღმა დავსვათ, არის დაავადებები, რომლებიც ოპერაციის გარეშეც იკურნება. ჩვენ გაიდლაინით ანუ მითითებით ვხელმძღვანელობთ და შემიძლია გითხრათ, რომ დაავადებების მკურნალობა კონსერვატული მეთოდით იწყება. თუ პაციენტი თავის დროზე, მწვავე პერიოდში მიდის ექიმთან, მისი მკურნალობა გაცილებით ადვილია. სამწუხაროდ, საქართველოში ხალხი ექიმთან ექვსი – შვიდი თვის შემდეგ, დაგვიანებით მიდის და ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობა ვეღარ ხერხდება.

მინდა არაოპერაციულ და ოპერაციულ მკურნალობას შორის ერთი რამ გამოვყო. ჩემი აზრით, საქმისადმი ძალიან ცუდი მიდგომაა, „ოპერაციას გადაგარჩინე“. საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ამისათვის მედიცინაში არაერთი საუკუნოვანი ცოდნა და გამოცდილება არსებობს. შარშან ერთი პაციენტი მობრძანდა ჩემთან, რომელიც თურმე 20 წლის განმავლობაში კონსერვატიულად „მკურნალობდა“ და კმაყოფილი იყო იმით, რომ „ოპერაციას გადარჩა“?! (ბოლოს მაინც დასჭირდა ოპერაცია ამ დაავადების გამო), მსგავსი მიდგომა ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია არა მარტო როგორც ექიმისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის.

- ტერფის ქირურგიასაც შევეხოთ, რას ნიშნავს ტერფის ქირურგია და რა ჩივილები ახასიათებს?

- ადამიანის ორგანიზმში ტერფი და მტევანი ანატომიურად იდენტური წარმონაქმნებია. მილიონობით წლის წინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმის ევოლუცია დაიწყო და ის ორ კიდურს დაეყრდნო, ტერფს ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქცია დაეკისრა, მტევანს კი ფაქიზი სამუშაოები შემორჩა. მტევნისგან განსხვავებით საკმარისია ტერფის ძვლებსა და სახსრებში თუნდაც ერთ-ერთის ფუნქცია დაირღვეს, რომ მთელი ტერფის ყრდნობა და ფუნქცია იცვლება. შესაბამისად, მთელ ორგანიზმს დისკომფორტი გადაეცემა -უხეში შედარებით – „სახლი, რომელიც ცუდ საყრდენზე დგას“.

ტერფების დაავადებებიდან ყველაზე ხშირი თითების ვალგუსური დეფორმაციაა (ანუ ბუნიონი – Hallux Valgus). რა თქმა უნდა, ამ დაავადებას არანაირი საერთო არა აქვს ე.წ. „პოდაგრასთან“ მსგავსი დეფორმაციის გარდა. პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებაა, ეს კი გახლავთ ბუნიონი – Hallux Valgus, რომლის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს – განივი ბრტყელტერფიანობა, პროფესია (მოცეკვავე, ბალერინა, ტანმოვარჯიშე), მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმლით ყოველდღიური სიარული, გენეტიკური ფაქტორები და ა.შ.

- ძირითადად, რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს პაციენტმა ბუნიონის მკურნალობა და რამდენად წარმატებულია ეს ოპერაცია?

- ოჯახური განწყობის არსებობის შემთხვევაში (თუ ეს დაავადება აქვთ დედას, ბებიას), გოგონებს 12-13 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ასაკში მკურნალობა უფრო მარტივია და კონსერვატიულ მკურნალობას უკეთ ემორჩილება, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევაში. ზოგჯერ პაციენტი ისეთი საშინელი დეფორმაციებით მოდის ჩვენთან, რომ ქირურგიული გზითაც კი ძნელდება დაავადების სრულად აღმოფხვრა. რაც შეეხება წარმატებას, არსებობს მედიცინის უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ მკურნალობა წარმატებით დასრულდეს. ჩვენს განყოფილებას ეს ცოდნა აქვს და ორმოცდაათი წლის განმავლობაშიც ცდილობდა მის მუდმივად შევსებას, ძალიან ხშირად დავდივართ საზღვარგარეთ და ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ მედიცინაში „ორჯერ ორი ოთხი“ არასოდეს არის.

- დღეს ძალიან აქტუალური თემაა ბრტყელტერფიანობის პრობლემა, რას ნიშნავს ბრტყელტერფიანობა?

- ბრტყელტერფიანობა მართლაც ძალიან აქტუალური თემაა. შეიძლება ითქვას, ერთ – ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე, მთელ მსოფლიოში. ბრტყელტერფიანობა ნიშნავს განივი, სიგრძივი, ან კომბინირებულად თაღის დადაბლებას.

- რომელი ასაკის ადმიანებში ჭარბობს ბრტყელტერფიანობის პრობლემა?

- ასე ხაზგასმით ასაკს ვერ გამოვყობთ. ის გვხვდება ბავშვებშიც, ზრდასრულებშიც და ასაკოვნებშიც. აქვე ერთს დავაზუსტებ, 3 – 4 წლამდე ბრტყელი ტერფი ფიზიოლოგიურად ითვლება.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ბრყელტერფიანობის დროს?

- ბრტყელტერფიანობის მკურნალობის ორი გზა არსებობს – კონსერვატიული და ოპერაციული.

კონსერვატიული მკურნალობის დროს ვარჯიშებთან და მასაჟებთან ერთად აუცილებლად გამოიყენება ინდივიდუალური ღაბაშები და ეს ბავშვებში შედეგიანია. როგორც ცნობილია, ყველა ადამიანის ტერფი ინდივიდუალურია, თვითონ პაციენტშიც კი არ არის ორივე ტერფი ერთნაირი. ამიტომ, სასურველია (და კარგი შედეგი აქვს) გამოვიყენოთ არა სტანდარტული (ქარხნული), არამედ ინდივიდუალური ღაბაშები – თითოეული ტერფის ინდივიდუალური კორექციით. ამჟამად საქართველოში შემოსულია და კლინიკა „ევრომედში“ წარმატებით მუშაობს “Vimanova” – ს ინდივიდუალური ღაბაშების დასამზადებელი აპარატი, რომელიც რბილ, თხელ და რაც მთავარია დინამიურ ღაბაშებს ამზადებს.

- რას ნიშნავს მასტენოზირებელი ლიგამენტიტი ანუ მოტკაცუნე თითები და რომელ ასაკში უფრო ხშირია ეს დაავადება?

- მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრ ბავშვს აწუხებს. ლიგამენტიტი მარტივად რომ ვთქვათ, თითის არხის შევიწროებაა. უფრო ზუსტად, ამ დაავადების დროს მომხრელ მყესზე წარმოიქმნება კვანძი, რის გამოც ის თავისუფლად ვეღარ სრიალებს არხებში და თითი მოხრილ მდგომარეობაში იჭედება. ამ დროს პატარა ყველანაირად ცდილობს თითის გაშლას, მაგრამ არ გამოსდის. მტევნის ქირურგის გარდა, იშვიათად ხვდება ვინმე, თუ რა სჭირს პაციენტს. ასეთ შემთხვევაში დროული ოპერაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია. რაც შეეხება ასაკს, ამ დაავადების ასაკი შეუზღუდავია, თუმცა ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.

- ბატონო გია, საზღვარგარეთ ძალიან ბევრ კონფერენციებში იღებთ მონაწილეობას?

- ცოდნის გაფართოებისთვის მარტო ინტერნეტი არ კმარა. მეცნიერების ყველა დარგის ერთ – ერთი მამოძრავებელი ძალა ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარებაა. მე და ჩემი კოლეგები საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს, რომლებსაც ვერც ინტერნეტში მოძებნით და ვერც სახელმძღვანელოებში.

- ტერფისა და მტევნის ქირურგიაში ძალიან წარმატებული ადამიანი და ამ დარგის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ბრძანდებით!

- ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ალბათ ეს სიყვარულია წარმატების საფუძველი. ამას ემატება დაუღალავი შრომა დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე. ხანდახან პაციენტი მირეკავს ხოლმე დილის 10 – ის ნახევარზე – „ბატონო გია, უკაცრავად, ასე ადრე რომ გაწუხებთო“. არადა ხშირად ამ დროს უკვე დამთავრებული მაქვს ხოლმე ორი თუ არა ერთი ოპერაცია მაინც.

- და ბოლოს, ბატონო გია, რას ფიქრობთ სამედიცინო პორტალ ‘”VIPED. GE”-ზე?

- მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროექტი საუკეთესოა მსგავს პროექტებს შორის. ამ საქმეს ყველაზე უკეთ თქვენი პორტალი აკეთებს. “VIPMED.GE” – თან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობ და ვფიქრობ, თქვენი პორტალი უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს. ისეთ პროფესიონალების გუნდს, როგორიცაა “VIPMED.GE”, წარმატებით შეუძლია შექმნას მედიის სხვა საშუალებებიც. თქვენთან საქმე მართლაც რომ საუკეთესოდ კეთდება და დიდი პროფესიონალები მუშაობენ. თქვენი გუნდის მიერ ჩემთვის დამზადებული ერთ ერთი პროდუქტი უცხოეთშიც ძალიან მოსწონთ. დიდი მადლობა VIPMED.GE”-ს ასეთი პროფესიონალიზმისთვის.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 322 75-29-08, ან +995 322 18-23-00

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები