Doctor's Search

რამდენად დაცულია პაციენტი იმპლანტაციის დროს ალერგიული ჩვენებებისგან?

November 29, 2017 Posted By Vipmed.ge

თანამედროვე ეპოქაში ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფორმაციების ან დაკარგული კბილის აღდგენა პრობლემას აღარ წარმოადგენს და სპეციალისტთან ვიზიტიც უსაშველო ტკივილს აღარ უკავშირდება. დახვეწილი ტექნოლოგიებისა და გამოცდილი ექიმების დახმარებით პაციენტები ყბა-სახის მიდამოს და პირის ღრუს დაავადებების მკურნალობას უმოკლეს დროში ახერხებენ.

რას წარმოადგენს დენტალური იმპლანტაცია? როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა კბილებს, რომ იმპლანტმა დიდხანს გაძლოს? რას ნიშნავს ზედა და ქვედა ყბის პროგნათია, რეტროგნათია? და რამდენად კეთილსაიმედოა ექიმთან დროული ვიზიტი ყბა-სახის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს? – ამ საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს “წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, თერაპევტი სტომატოლოგი გიორგი ბერიაშვილი ესაუბრა.

-ბატონო გიორგი, რომელი დაავადებების სამკურნალოდ მოგმართავენ ყველაზე ხშირად პაციენტები?

-პაციენტები ყველაზე ხშირად ყბა-კბილთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ მოგვმართავენ, მაგალითად, პირველადი ან მეორადი ადენტის შემთხვევაში, როცა კბილის დაკარგვის შემდეგ დენტალური იმპლანტაციების გაკეთება ხდება და ყბების თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები ვითარდება, რომლის დროსაც ქირურგიული გზით ვასწორებთ ყბის ფორმასა და ზომას, მაგალითად, პროგნათია, პროგენია, ანუ ზედა და ქვედა ყბის პროგნათიები. თუ ქვედა ყბა წინაა წამოწეული და საქმე გვაქვს ქვედა ყბის პროგნათიასთან, ჩვენ მას ვასწორებთ, თანკბილვაში ვსვამთ და ვიზუალური ეფექტიც სწორდება.

ყბა-სახის ქირურგიაში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური წარმონაქმნები, ყბების კისტები და ის უფრო ხშირად კბილის ფესვის და მის ირგვლივი ქსოვილების ანთების შემდეგ ვითარდება. სხვადასხვა სახის რბილი და მაგარი ქსოვილების კისტები ან სიმსივნეები დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს. საქმე შეიძლება გვქონდეს კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებთანაც.

-რას ნიშნავს ზედა და ქვედა ყბის პროგნათია, რეტროგნათია და როგორ მკურნალობთ პაციენტებს ამ შემთხვევაში?

-ზედა და ქვედა ყბის პროგნათია თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც ზედა ან ქვედა ყბის (ან ორივეს) უფრო მეტად ზრდა ხდება. პროგნათია ყბის წინ წამოწევას ნიშნავს. ამ დროს ყბა უფრო დიდია ზომებში, ვიდრე უნდა იყოს. ამ დაავადებას სხვადასხვა ფორმები აქვს. ჩვენ ორთოდონტებთან ერთად ვმკურნალობთ ამ ანომალიას. ორთოდონტი გვეხმარება კბილების გასწორებაში და შემდეგ ისევ ქირურგიული გზით ვაპატარავებთ ზედა თუ ქვედა ყბას. პაციენტის მდგომარეობა ესთეტიკურადაც იცვლება და მისი სახე ნორმალურ ფორმას იღებს.

-რამდენად ხშირია საქართველოში ყბა-სახის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები?

-თუ გავითვალისწინებთ კეთილთვისებიან სიმსივნეებში კისტოზურ წარმონაქმნებს, შეიძლება ითქვას, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ავთვისებიანი სიმსივნეები ყბა-სახის ქირურგიაში ყველა სიმსივნეებიდან დაახლოებით 15 პროცენტია.

-რამდენად კეთილსაიმედოა ექიმთან დროული ვიზიტი ყბა-სახის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს?

-კეთილთვისებიანი სიმსივნეები ნელა, უმტკივნეულოდ ვითარდება. მისი აღმოჩენა შემთხვევით, რენტკენის ფირზე ან დაჩირქების დროს ხდება. ის იმდენად უსიმპტომოდ იზრდება, რომ შესაძლოა ყბების დეფორმაცია დანვითარდეს და უკვე შემდგომ ეტაპზე ადამიანს ცხოვრების ვიზუალურ თუ ფუნქციონალურ ასპეკტში პრობლემები შეუქმნას.

რაც შეეხება ავთვისებიან სიმსივნეებს, მისი იდენტიფიცირება დროულად უნდა მოხდეს, რათა სავალალო შედეგით არ დასრულდეს. ადრეული აღმოჩენის შემთხვევაში პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ადგილას არის ავთვისებიანი სიმსივნეები ჩამოყალიბებული და განვითარებული, და მეტასტაზირება რამდენად არის გავრცელებული ორგანიზმში.

-რას წარმოადგენს დენტალური იმპლანტაცია და მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს თანამედროვე მედიცინა?

-დენტალური იმპლანტი სამედიცინო ტიტანისგან არის დამზადებული და ის დღევანდელ რეალობაში ბუნებრივი კბილის მაგივრობას ასრულებს. თანამედროვე მსოფლიოში კბილთა რიგების შენაცვლება უფრო ხშირად კონუსური ფორმის იმპლანტებით ხდება. მეორადი ადენტიის დროს კბილები იკარგება ამა თუ იმ მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში მიმართავენ დენტალურ იმპლანტაციას.

-როგორ ხდება მომზადება იმპლანტაციისთვია და რა გამოკვლევები არსებობს იმპლანტაციამდე ყბის ძვლის სტრუქტურის შესასწავლად?

-პირველ რიგში, პაციენტის წინასწარ გამოკვლევა, გამოკითხვა ხდება. საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ანალიზებიც კეთდება, მაგალითად: სისხლის საერთო ანალიზი, რადიოლოგიური კვლევები. დღევანდელ რეალობაში, დენტალური 3D კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო გავრცელებულია და მისი მეშვეობით სხვადასხვა უბნებში ძვლის სტრუქტურის, ფორმის, ზომისა თუ კონსისტენციის ანუ სიმკვრივის განსაზღვრა ხერხდება.

-ძვლის სტრუქტურა რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირებისა და იმპლანტაციისთვის?

-ძვლის სტრუქტურა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირებისა და იმპლანტაციისთვის. რაც უფრო ჯანმრთელი და ხარისხიანია ძვალი, მით უფრო დადებითია შედეგი. არსებობს ძვლები პირველიდან მეოთხე ხარისხამდე. პირველი ტიპის ძვლები ძალიან მკვრივია, მეოთხე ტიპის კი, ძალიან რბილი. ყბის ძვალში სხვადასხვა იმპლანტის ფორმისა თუ სიგრძის გამოყენება სწორედ ამის მეშვეობით ხდება. პირველი და მეორე ტიპის მკვრივი ძვლისთვის სხვა ფორმის იმპლანტებია მოწოდებული, მესამე- მეოთხე ტიპისთვის კი სხვა. ეს მას რბილ ძვალში საიმედო ფიქსაციის საშუალებას აძლევს.

-ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს იმპლანტაციის დროს?

-დღევანდელ დღეს ასაკს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. იმპლანტაციის გაკეთება როგორც მოზრდილი, ისე 65-70 წლის ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი. აქ მთავარი პიროვნების ჯანმრთელობაა. ორგანიზმის მდგომარეობა იმპლანტაციის შესასრულებლად შესაბამისი უნდა იყოს.

-არსებობს თუ არა ისეთი ჩვენებები, რომლის საფუძველზეც იმპლანტაცია მიზანშეწონილი არ არის?

-დიახ, არსებობს ისეთი ჩვენებები, რომლის დროსაც პაციენტებს იმპლანტის გაკეთებას არ ვურჩევთ, მაგალითად, სისტემური დაავადებების დროს, სისხლის შედედების პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ინფექციური დაავადებების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულიოზის, პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, ძვლოვანი სისტემის დაავადებებისასა და ფსიქიური აშლილობის არსებობის დროს. იმპლანტის ჩასმას არ ვურჩევთ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ქიმიოთერაპიას იტარებდნენ, რადგან მათი იმუნური სტატუსი და ქსოვილების რეგენერაციის უნარი დაქვეითებულია.

-რამდენად დაცულია პაციენტი იმპლანტაციის დროს ალერგიული ჩვენებებისგან?

-არც ერთი ადამიანი არ არის დაცული ალერგიული რეაქციისგან, რადგან პიროვნების ცხოვრების სხვადასხვა პირიოდში მისი იმუნური სტატუსი იცვლება და ამ ცვლილებას ორგანიზმის სენსიბილიზაცია ჰქვია. ალერგიულობისგან დაცულობა პაციენტის წინასწარი მომზადებით განისაზღვრება. შესაძლოა, დღეს პაციენტს ამა თუ იმ პრეპარატზე ალერგია არ ჰქონდეს და ხვალ აღმოაჩნდეს. ოპერაციამდე ექიმთან კონსულტაციის დროს მის მიერ პაციენტის გამოკითხვა და ალერგიული ფონის არსებობის შემთხვევაში, ვურჩევთ სპეციალური სინჯების ჩატარებას. აღნიშნულ სინჯებს კი მხოლოდ ალერგოლოგი აკეთებს.

სტომატოლოგიურ კლინიკაში არასპეციალისტების მიერ კანქვეშა სინჯების გაკეთება დაუშვებელია. კანქვეშა სინჯები შეიძლება იყოს როგორც ცრუ დადებითი, ისე ცრუ უარყოფითი, ანუ შესაძლოა კანქვეშა სინჯის დროს ალერგიული ფონი არ აღმოჩნდეს და პრეპარატის შეყვანის შემდეგ ჩამოყალიბდეს რეაქცია.

-რამდენად ხშირია გართულებები იმპლანტაციის შემდეგ და როგორ ფასდება მკურნალობის შედეგები ?

-იმპლანტაციის შემდეგ გართულებები უფრო ნაკლებია, ვიდრე თუნდაც, ბანალური კარიესის ან კბილის ნერვის მოკვლის, დეპულპაციის დროს. დღევანდელ დღეს, იმდენად დახვეწილია იმპლანტის ქიმიური შემადგენლობა და სტრუქტურა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მარტივია.

-რამდენად მოქმედებს კვება იმპლანტაციის შედგომ რეაბილიტაციის პროცესზე?

-კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმპლანტაციისთვის, არამედ ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. როგორც იკვებები ისეთი იმუნური სტატუსი გაქვს. იმისთვის, რომ ძვლოვანი სტრუქტურა, ძვლის რეგენერაცია დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდეს, საკვები პროდუქტი ხარისხიანი უნდა იყოს და მასში ცილები და მინერალური შემადგენლობა უნდა ჭარბობდეს.

-როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა თავის კბილებს, რომ იმპლანტმა დიდხანს გაძლოს?

-სტომატოლოგთან ექვს თვეში ერთხელ ვიზიტი ყველასთვის სავალდებულოა, რათა გამოიკვლიოს იმპლანტის მდგომარეობა და გაიწმინდოს ის. იმპლანტიც ისე იწმინდება, როგორც კბილი ქვებისგან. როცა ის სუფთა გარემოშია და პაციენტის პირის ღრუ ჰიგიენურია, იმპლანტი დიდხანს გაძლებს.

-რა აზრის ხართ სამედიცინო პორტალ VIPMED.GE -ზე ?

-ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და საჭირო პორტალია, იმისთვის რომ მოსახლეობამ მისთვის სასურველი ექიმებისა თუ კლინიკების შესახებ ინფომაციის მიღება შეძლოს. ძალიან დადებითად ვარ თქვენი პორტალის მიმართ განწყობილი და მინდა წარმატებები გისურვოთ.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 593326171, +995 571 35 66 44

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები