Doctor's Search

„როგორ სძინავს იმ ბავშვის მშობელს, რომლის შვილსაც კარდიოგრამა არ აქვს გადაღებული?!“-გიორგი ჩახუნაშვილი

July 25, 2017 Posted By Vipmed.ge

XXI საუკუნეში, ახალი ტექნოლოგიებისა და სამედიცინო აპარატურის განვითარების გზაზე, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება ბავშვთა კარდილოგიური დაავადებები და ამ დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა. როგორც პედიატრი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – გიორგი ჩახუნაშვილი სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, საქართველოში საკმაოდ ეფექტურად ხდება დროული დიაგნოსტირება, გვყავს გამოცდილი და კვალიფიციური კადრიც, თუმცა ზოგჯერ, ბავშვთა ქირურგიული პრობლემები დაგვიანებული მკურნალობის გამო სავალალო შედეგითაც შეიძლება დასრულდეს.

პედიატრის თქმით, მწვავე ვირუსების გადატანის შემდეგ ბავშვი სასწრაფოდ ექიმთან უნდა მივიყვანოთ. გიორგი ჩახუნაშვილი მშობლებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად გადაუღონ თავიანთ შვილებს წელიწადში ერთი კარდიოგრამა მაინც, რომელიც უფასოა და მისი შემცვლელელი დღევანდელ რეალობაში არ არსებობს.

როგორია სტატისტიკა საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით?

სამწუხაროდ, ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია. არ ვიცი მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ დიაგნოსტირება სრულყოფილად არ ხდება და შესაბამისად, არსებული სტატისტიკა არასრულფასოვანია.

დღეს, ბავშვთა კარდიოლოგიური სამსახური საქართველოში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და წლების განმავლობაში წარმატებული ოპერეციებიც კეთდება.

კარდიოლოგია არ არის მხოლოდ კარდიოქირურგია, თერაპიასაც დიდი ნაწილი უკავია. როდესაც მსოფლიო კონკრესებზე დავდივარ, დიდ კარდიოლოგიურ კონგრესზე დაახლოებით, 3-5 პროცენტი პედიატრიულ კარდიოლოგიას უკავია და ამ 3-5 პროცენტშიც 90-95 პროცენტი კარდიოქირურგიულ პრობლემებზე, მის მკურნალობასა და პრევენციაზეა საუბარი.

ვთვლი, რომ ბავშვთა და თერაპიული კარდიოლოგიები საქართველოში ცუდად არ მუშაობენ. ბავშვთა კარდიოლოგიურ ჟურნალს 2007 წლიდან ვუშვებთ, მაშინ, როცა ის მსოფლიო არენაზე 2000 – იან წლებში გამოჩნდა. ასე რომ, ამ მხრივ საქართველო სხვაზე უკან არ არის, თუმცა იმ კარდიოლოგიურ ჟურნალებშიც დიდი პროცენტი ქირურგიულ კარდიოლოგიაზეა საუბარი. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები, რომ ერთმა ექიმმა გასინჭოს 80 წლის ადამიანი და ერთი თვის ბავშვი.

1992 წელს, როცა ბავშვთა კარდიოლოგიური ასოციაცია შევქმენით, შეთანხმება მოხდა დიდ კარდილოგებთან, რომ საქართველოში 30-40 წელი უნდა ყოფილოყო ბავშვთა კარდიორევმატოლოგია, რათა განვითარებულიყო ეს სფერო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი სტატისტიკა სრულყოფილი არ არის და ჩვენ მას ვერ დავეყრდნობით. რევმატოლიგიაში შეიძლება არსებობდეს ზუსტი სტატისტიკა, თუმცა ესეც საეჭვოა. გვყავს კარგი სპეციალისტები და იმედია, მომავალში უკეთ განვითარდება ეს სფერო.

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებს?

ახლა ვირუსების სეზონია და შესაბამისად, ხშირია ენტერო-ვირუსები და ნაწლავური ინფექციები. ამ ვირუსებმა გადატანის შემდეგ შესაძლოა გულის კუნთი დააზიანოს. მძიმე ვირუსის შემდეგ ბავშვს აუცილებლად კარდიოგრამა უნდა გადავუღოთ. ამასთან ერთად, მშობელი ყოველთვის შეამჩნევს იმ ცვლილებებს, რომლებიც ვირუსებმა გამოიწვია: ამ დროს მოზარდი ასუსტებს დატვირთვას, უფრო მეტად თამაშობს ჩაცუცქული, თუ მანამდე თავდამსხმელი იყო, ახლა მეკარეა და ა.შ. ზოგჯერ, ბავშვს გული აქვს აჩქარებული, ემართება ციანოზი და ტუჩები ულურჯდება.

რა გამოკვლევებია საჭირო, იმისთვის რომ არ გამოგვეპაროს კარდიოლოგური დაავადებები?

ექიმმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება შუილს. 3 და 5 წლის ბავშვს გულის თანდაყოლილი მანკი არ უნდა ჰქონდეს. გულის კუნთის შუილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ბავშვი კარდიოლოგს და კარდიოგრამა თვითონ გვიჩვენებს ცვლილებებს. ჩვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც ბავშვის ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტი.

არ შემიძლია არ შევეხო ჯანმრთელ ბავშვებს. დღესდღეობით, საქართველოში დაახლოებით, 200 000 – დან 300 000 -მდე ბავშვი დადის სპორტზე.

მინდა მშობლებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ გადავუღოთ ბავშვს წელიწადში ერთი კარდიოგრამა მაინც, რომელიც უფასოა და ეს კარდიოგრამა თვითონ დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას. 5 და 6 წლის ბავშვს კარდიოგრამა რომ არ აქვს გადაღებული, იმ ბავშვის მშობელს საერთოდ როგორ სძინავს?!

სპორტით დაკავებულ ბავშვებს ორჯერ მაინც უნდა გამოვუკვლიოთ სისხლი და გადავუღოთ კარდიოგრამა, რადგან სპორტული დატვირთვა ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს. სპორტი აუცილებელია, თუმცა მას მტრად ნუ გადავაქცევთ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ნორმალური დატვირთვა, რეჟიმი და კვება, თუმცა რეალურად, სტატისტიკურად, ძალიან ცოტა ბავშვს აქვს კვება მოწესრიგებული და კარდიოგრამა გადაღებული. რა უფლება აქვს მშობელს, ან პედაგოს, რომ ბავშვის უფლებები შელახონ? ის უნდა იყოს ყველანაირად დაცული.

თანამედროვე მედიცინაში აუცილებელია მედიცინის, განათლებისა და სპორტის ერთიანი მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ..

არსებობს სტატისტიკა, გუტეინტერვალის გახანგრძლივება ანუ უეცარი სიკვდილი, რაც ევროპაში დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ დაარსდა და თუ ეს დაავადება იქ არის გავრცელებული, ჩვენთანაც ხომ იქნება?!

ამ ბოლო დროს კარგი ტენდენცია შემოვიდა, 100- 150 და მეტ სკოლებში ჰყავთ ექიმები, თუმცა ესეც ძალიან ცოტაა და იმედია, მომავალში ყველა სკოლას ეყოლება.

რამდენად სწორად დგას საქართველოში დროული დიაგნოსტირების საკითხი?

ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს წარმატებული კლინიკები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, კარდიოგრამა და ეხოც კარგად იშიფრება. შესაბამისად, თუ მშობელმა დროულად მიიყვანა ბავშვი ექიმთან, დიაგნოზს მარტივად დაუსვამენ.

არის თუ არა სხვა დაავადებები გულის დაავადებების გამომწვევი?

ყველა არსებული დაავადება შეიძლება გართულდეს, მაგ: ბრონხოპლევმონია, ფილტვის დაავადებები. ზოგჯერ ბავშვი საკუთარ თავში ცვლილებებს ვერ ატყობს, მაგრამ მოზრდილობაში ემართება გიპერტენზია, ინფაქტი. ეს ყველაფერი ჩაკირული ვულკანია და კაცმა არ იცის, როდის იფეთქებს. ჩვენ ბევრი უნდა გავისარჯოთ, რომ ჯანსაღად მივიყვანოთ მოზარდი 18 წლამდე.

თუ ბავშვს ყურებში შუილი და ციანოზი აქვს, ან ორივე ერთად, ეს რამდენად საგანგაშოა?

თუ ბავშვს ციანოზი აქვს და ტუჩ-კბილის არეში სილურჯეები შეენიშნება, ეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, შეიძლება ეს მარტო გულმა არ გამოიწვიოს. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ და უნდა ვაჩვენოთ პატარა ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგს.

სხვათა შორის, კარდიოლოგია და კარდიო-რევმატოლოგია ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი ემოციურად თერაპევტს გულისხმობს. როდესაც ბავშვს კარდიო-ქირურგიული პრობლემა აქვს და ოპერაციას გაუკეთებენ, შემდგომ ისევ კარდიო-რევმატოლოგთან უნდა მიიყვანონ, რადგან ნაოპერაციებელს პარკუჭები აქვს გადატვირთული და ისევ პედიატრს უნდა დაუბრუნდეს.

იძლევა თუ არა დღევანდელი ოპერაციები იმის გარანტიას, რომ ღრმა მოხუცებულობამდე ჯანსაღი გული გვექნება?

ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს, თუმცა დროული დიაგნოზით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კარდიოლოგიური პრობლემები. ამას წინად 6 წლის ბავშვს აღმოვუჩინე გულის მანტი, რომელიც ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა თავის ცხოვრებას და კარგად არის.

ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება გულის განკურნება?

გულის თანდაყოლილი მანკის განკურნება ოპერაციის გარეშე შეუძლებელია, თუმცა დღევანელ რეალობაში ეს ოპერაციები შედარებით გაიოლებულია.

რა არის ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია?

ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია ექიმთან დროული ვიზიტია.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ მითხრათ, ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით, რაიმე ღონისძიება ხომ არ იგეგმება?

გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება საპრევენციო -სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც საკმაოდ დახვეწილი იქნება. ეს აპარატურა რისკ-ჯგუფების დროულად გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. ვთანამშრომლობთ უცხოელ სპეციალისტებთანაც და მინდა აღვნიშნო, რომ ისინიც ბევრს სწავლობენ ჩვენგან.

რას ფიქრობთ სამედიცინო პორტალზე „VIPMED-GE- ზე?

ძალიან კარგი საიტია, კარგად მუშაობს და ხალხი ნახულობს თქვენს პოსტებს. ამასთან ერთად, „VIPMED-GE“ სამ ენოვანია და ეს ფაქტი უცხოელებს თქვენი პოსტების ნახვის საშუალებას აძლებს. ხშირად ვათავსებ ჩემს პოსტებს სხვადასხვა საიტზე და მას ბევრი უცხოელი მნახველიც ჰყავს.

მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ. ჩვენ რაც შეგვიძლია მხარში დაგიდგებით.

ნათია ღამბაშიძე


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები