Doctor's Search

კლინიკა „გინექსი“ კვლავ  აგრძელებს  მომსახურებას  ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში!

February 26, 2018 Posted By Vipmed.ge

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოთხი უფასო ვიზიტის ნაცვლად ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა ითვალისწინებს რვა უფასო ვიზიტს. ვინ არის სახელმწიფო მომსახურების პროგრამით მოსარგებლე და როგორ უნდა ჩაერთოს ორსული აღნიშნულ პროგრამაში? – ამ და სხვა საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს ესაუბრა ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო კლინიკა „გინექსის“ ხელმძღვანელი – დავით მიქაბერიძე.

ბატონო დავით, ვისაუბროთ ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაზე.

- რა სახის მომსახურეობას ითვალისწინებს აღნიშნული პროგრამა?

- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში შედის შემდეგი სახის უფასო მომსახურება:

- პირველი ვიზიტი (12 კვირამდე): მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, ორსულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, სისხლში რეზუს ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა (იმ შემთხვევაში თუ ორსული რეზუს უარყოფითია), შარდის კულტურალური გამოკვლევა და სკრინინგი უსაფრთხო სისხლზე (B და C ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი).

- მეორე ვიზიტი (20 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერით კვლევა.

- მესამე ვიზიტი (26 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია, სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა, შარდში ცილის განსაზღვრა, რეზუს ანტისხეულების (თუ ორსული რეზუს უარყოფითია) და გესტაციური დიაბეტის სკრინინგი.

- მეოთხე ვიზიტი (30 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის განსაზღვრა.

- მეხუთე ვიზიტი (34 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის განსაზღვრა.

- მეექვსე ვიზიტი (36 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია, სისხლში ჰემოგლობინისა და შარდში ცილის განსაზღვრა.

- მეშვიდე ვიზიტი (38 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის განსაზღვრა.

- მერვე ვიზიტი (40 კვირა): გინეკოლოგის კონსულტაცია და შარდში ცილის განსაზღვრა.

საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაცია და გამოკვლევები ფასიანია.

- რა ვადაზე უნდა შედგეს ორსულთა პირველი კონსულტაცია, რათა ორსული ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში?

- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში მოსახვედრად აუცილებელი პირობაა, რომ პირველი უფასო ვიზიტი განხორციელდეს ორსულობის თორმეტი კვირის ვადამდე, ვინაიდან აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში ორსული ვეღარ მოხვდება უფასო პროგრამაში და ყველა გამოკვლევა და ექიმის ვიზიტი ექნება ფასიანი, რაც საკმაოდ დააზარალებს მათ ბიუჯეტს.

აგრეთვე აუცილებელია ისიც, რომ აღნიშნული ვიზიტი უნდა განხორციელდეს იმ ქალთა კონსულტაციაში, რომელიც მონაწილეობას ღებულობს აღნიშნულ პროგრამაში.

- ვინ არის აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე?

- აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე არის საქართველოს ყველა მოქალაქე. შესაბამისად იმ ორსულთათვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ექიმთა კონსულტაციები და ყველა სახის კლინიკურ-ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები ფასიანია.

- ვის უნდა მიმართოს ორსულმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

- როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს მხოლოდ იმ ქალთა კონსულტაციას, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.

- როგორ უნდა ჩაერთოს ორსული ამ პროგრამაში?

- ყველა ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის ქალთა კონსულტაციას ორსულობის თორმეტი კვირის ვადამდე, რათა ჩაერთოს უფასო ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში. დაგვიანების შემთხვევაში ორსული პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ყველა სახის მომსახერება ექნება ფასიანი. ეს ყველა ორსულმა უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად.

- როგორც ვიცით, ზოგიერთი კლინიკა ვერ მოხვდა ანტერნატალური მომსახურების პროგრამაში. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- სამწუხაროდ, ყველა ქალთა კონსულტაცია ვერ ჩაერთო სახელმწიფო მომსახურების პროგრამაში, რადგან ახალი კრიტერიუმებით ქალთა კონსულტაციას გასული ერთი წლის განმავლობაში სამასი ორსული უნდა ჰყავდეს გატარებული, რომ დაფინანსების პროგრამაში ჩაერთოს. სამწუხაროდ, ის კონსულტაციები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში სამას ორსულზე ნაკლები გაატარეს, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ვერ მიიღეს.

- ჩართულია თუ არა  კლინიკა „გინექსი“ ანტენატალური მომსახურების პროგრამაში?

- ჩვენდა საბედნიეროდ კლინიკა „გინექსი“ ჩართულია ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში და ჩვენს ორსულებს შეუძლიათ ამ პროგრამით სარგებლობა. აქვე მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ სხვა კონსულტაციებში, სადაც აღნიშნული პროგრამა არ მოქმედებს, რომ მათ შეუძლიათ თამამდ მომართონ ჩვენს კლინიკას, სადაც შევუქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს თავად მათ და მათ პაციენტებსაც.

და ბოლოს: ვფიქრობ, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანით ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა გახდა გაცილებით უფრო მოქნილი და დღევანდელ დღეზე მორგებული, ვინაიდან მთელი ორსულობის განმავლობაში რვა უფასო ვიზიტი საკმაოდ დიდ შეღავათს მისცემს ორსულებს და განსაკუთრებით მათ ბიუჯეტს, რაც თავის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მტკივნეული – დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 577 499 919+995 597 477 717

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები