Doctor's Search

საქართველო ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში “გაიზომე წნევა #ამასშენთვისგეუბნები”

May 24, 2018 Posted By Vipmed.ge

დღესდღეობით ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, იგი ზრდასრული მოსახლეობის 40% -ს აღენიშნება და აქედან ნახევარმა არ იცის ამ დაავადების არსებობის შესახებ. ჰიპერტენზიის დროული გამოვლენა წარმოადგენს სამედიცინო საზოგადოების უმთავრეს გამოწვევას.

სწორედ ამას ეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით გლობალური საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“.

ამ მნიშვნელოვანი კამპანიიდან გამომდინარე, სამედიცინო პორტალმა VIPMED.GE-მ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს სტატია, რომელის მეშვეობით, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს თუ როგორ უნდა გაიზომოს სახლის პირობებში არტერიალური წნევა. თუ რას გვირჩევენ მსოფლიოს წამყვანი კარდიოლოგები?

 

 

როგორ გავზომოთ სწორად არტერიული წნევა სახლის პირობებში?

არტერიული წნევის თვითკონტროლი სახლის პირობებში ძალზე ფართოდ გამოიყენება. არტერიული წნევის გაზომვები სახლში ძალზე სასარგებლოა – ისინი ექიმს აძლევენ შესაძლებლობას უფრო ზუსტად შეაფასოს არტერიული წნევის ჭეშმარიტი დონე და სწორად დანიშნოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

ეს გაზომვები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაძლევენ ინფორმაციას არტერიული წნევის დონის შესახებ დროის ხანგრძლივ მონაკვეთებში, რომელთა დროს პაციენტი არ მიდის ექიმთან და იმყოფება მისთვის ჩვეულ ვითარებაში.

ექიმების თვალსაზრისით როგორ გავიზომოთ სწორად წნევა სახლის პირობებში?

  • არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი.
  • არტერიული წნევის გაზომვამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე თავი უნდა შეიკავოთ სიგარეტის მოწევისაგან და კოფეინის (ყავა, კოლა, ჩაი) მოხმარებისაგან.
  • გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე.
  • გაზომვის დროს არ უნდა ილაპარაკოთ.
  • მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე.
  • მანჟეტის გასაბერი ნაწილი უნდა იყოს გულის დონეზე გაზომვის დროს.
  • ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული.
  • ტერფები უნდა იდოს იატაკზე.
  • შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს.
  • მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა).
  • ამ პირობების დაუცველობამ შეიძლება მიგვიყვანოს არტერიული წნევის ზედმეტად მომატებამდე:
    ყავის მიღების შემდეგ – 11 / 5 მმ ვწყ.სვ.
    ალკოჰოლის მიღების შემდეგ – 8/8 მმ ვწყ.სვ.
    სიგარეტის მოწევის შემდეგ – 6/5 მმ ვწყ.სვ.
    გადავსებული შარდის ბუშტისას – 15/10 მმ ვწყ.სვ.
    ზურგისთვის საყრდენის არარსებობისას – სისტოლური წნევა 6-10 მმ ვწყ.სვ.
    ხელისთვის საყრდენის არარსებობისას – 7/11 მმ ვწყ.სვ.

რომელი ტონომეტრების გამოყენებაა უკეთესი?

სახლის პირობებში არტერიული წნევის გაზომვისთვის არსებობს რამდენიმე ტიპის მოწყობილობა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე:

  • აუსკულტაციური მეთოდი: ვერცხლისწყლის მოწყობილობები, ანეროიდული („ციფერბლატური“) და ელექტრონული („ჰიბრიდული“) მოწყობილობები არტერიული წნევის გასაზომად გამოიყენება სტეტოსკოპთან ერთად.
  • ელექტრონული ავტომატიზირებული ხელსაწყოები არტერიული წნევის გასაზომად მხრის, წინამხრისა და თითების დონეზე.

ელექტრონული ხელსაწყოები არტერიული წნევის გასაზომად მხრის დონეზე (იქნება ეს ნახევრად ავტომატური (ხელის მანჟეტები იბერება მსხლის შეკუმშვის გზით) ან ავტომატური (ელემენტებზე ან ქსელიდან მომუშავე) უფრო კარგია სახლის პირობებში არტერიული წნევის დამოუკიდებელი გაზომვისთვის. ეს მოწყობილობები მარტივია გამოყენებაში, საჭიროებენ მინიმალურ მომზადებას და მრავალი მათგანი ხელმისაწვდომია გონივრულ ფასში.

უმჯობესია ტონომეტრები მეხსიერებით, რომლებიც ავტომატურად ინახავენ თითოეული გაზომვის მონაცემებს (თარიღისა და დროის მითითებით) და ექიმთან ვიზიტამდე ყველა გაზომვის საშუალო სიდიდეებს.

ხელის მოწყობილობები ნაკლებად ზუსტია და არ არის რეკომენდირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არტერიული წნევის მხრისმხრივი გაზომვა შეუძლებელია ან ძალზე გაძნელებულია.

თითის მოწყობილობები არ არის რეკომენდირებული.

ვერცხლისწყლის ტონომეტრები საჭიროებენ საგულდაგულო სწავლებას და აკრძალულ იქნა ზოგიერთ ქვეყანაში ეკოლოგიური მოსაზრებებით. ანეროიდული მოწყობილობები, აგრეთვე, საჭიროებენ მომზადებას და რეგულარულ დაკალიბრებას. ამ მოწყობილობების გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული პაციენტებისთვის, რომლებშიც ავტომატური გაზომვები შეუძლებელია ან არაზუსტია.

სახლის პირობებში არტერიული წნევის გაზომვისთვის არა ყველა, ბაზარზე ხელმისაწვდომი ტონომეტრი იყო სათანადოთ შემოწმებული. აქტუალური ინფორმაცია მოწყობილობის შემოწმების შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ექიმის მიერ.

ზუსტი გაზომვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი მანჟეტის არჩევას, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ხელს. მანჟეტის გასაბერი ნაწილი უნდა ფარავდეს მხრის გარშემოწირულობას 80-100%-ით. პატარა მანჟეტების გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს არტერიული წნევის ზედმეტად მომატებამდე მაშინ, როდესაც დიდი მანჟეტების გამოყენებას მივყავართ აწ-ის ბოლომდე არშეფასებამდე. ამიტომ, თუ თქვენ ხელს გარშემოწირულობა <24 სმ-ზე ან >32 სმ-ზე, მაშინ დარწმუნდით იმაში, რომ მოწყობილობა შესაბამისად აღჭურვილია პატარა ან დიდი მანჟეტით.

რამდენად ხშირად უნდა გაიზომოს არტერიული წნევა სახლის პირობებში?

არტერიული ჰიპერტენზიის თავდაპირველი შეფასებისთვის და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღების შედეგების შეფასებისთვის არტერიული წნევა სახლის პირობებში უნდა გაიზომოს მინიმუმ 3, სასურველია 7 დღის განმავლობაში.

ყოველდღიურად არტერიული წნევის გაზომვები უნდა წარმოებდეს როგორც დღის პირველ ნახევარში (გაღვიძებისთანავე და მკურნალობის დროს პრეპარატის მიღების წინ), ისე საღამოს. თითოეულ შემთხვევაში გამეორებითი გაზომვა უნდა იყოს ჩატარებული 1 წუთის შემდეგ.

ყველა გაზომვის საშუალო მნიშვნელობა გამოანგარიშებული უნდა იყოს პირველი დღის გაზომვების გამორიცხვის შემდეგ.

ეს 7-დღიანი გრაფიკი უნდა დაიცვათ ექიმთან ყოველი შემდგომი ვიზიტის შემდეგ.

ხანგრძლივი დაკვირვებისას მიზანშეწონილია სახლის პირობებში გაზომვების უფრო იშვიათად წარმოება.

გაზომვა სტრესულ პირობებში შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში და ის თავიდან უნდა ავიცილოთ (იხ. არტერიული წნევის გაზომვების ინტერპრეტაცია).

თავიდან უნდა ავიცილოთ სახლის პირობებში არტერიული წნევის გაზომვის გამოყენება მკურნალობის დამოუკიდებელი შეცვლისთვის (დამატებითი ტაბლეტების მიღება ან დოზის შეცვლა).

შედეგები ჩაწერილ უნდა იქნეს ჟურნალში ყოველი გაზომვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელსაწყო ინახავს მეხსიერებაში არტერიული წნევის მნიშვნელობებს თარიღით და თითოეული გაზომვის დროით ან გააჩნია მონაცემების გადაცემის ჩადგმული სისტემა.

არტერიული წნევის რა ნორმებია სახლის პირობებში გაზომვის დროს?

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, განმეორებითი გაზომვები რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იყოს გაშუალებული, რათა მივიღოთ სახლის პირობებში გაზომილი არტერიული წნევის დონის უტყუარი სურათი.

130 მმ ვწყ.სვ.-ზე დაბალი საშუალო სისტოლური არტერიული წნევა და 80 მმ ვწყ.სვ.-ზე დაბალი დიასტოლური წნევა ითვლება სახლის პირობებში გაზომილ ნორმალურ არტერიულ წნევად, ხოლო სისტოლური წნევა 135 მმ ვწყ.სვ. და ზევით და/ან დიასტოლური წნევა 85 მმ ვწყ.სვ. და ზევით – სახლის პირობებში გაზომილ მომატებულ არტერიულ წნევად.

არტერიული წნევის გაზომვების ინტერპრეტაცია

რამდენიმე დღის განმავლობაში სახლის პირობებში არტერიული წნევის რამდენიმე გაზომვის საშუალო მნიშვნელობა ავსებს გაზომვებს ექიმის კაბინეტში და ეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში.

სახლის პირობებში არტერიული წნევის გაზომვის მნიშვნელობები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ გაზომვიდან გაზომვამდე. არტერიული წნევა უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, განსაკუთრებით სტრესული სიტუაციისას, პანიკისას, ძლიერი ტკივილისას და ა.შ., ან საკმაოდ დაბალი, მაგალითად, ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ან ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ. „ერთჯერად“ გაზომვებს აქვთ პატარა მნიძშვნელობები და არ შეიძლება მოგვცენ წარმოდგენა სახლის პირობებში გაზომილი არტერიული წნევის „ჩვეულებრივი“ დონის შესახებ. მაღალი არტერიული წნევა ერთი გაზომვისას არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალზე მაღალი მნიშვნელობები ნარჩუნდება საკმაოდ დიდი ხნის დასვენების შემდეგ ან მათ თან სდევს მძიმე სიმპტომები (მაგალითად, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე ხელში ან ფეხში, მეტყველების გაძნელება).

სახლის პირიობებში არტერიული წნევის თვითკონტროლის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს მკურნალობისთვის ჩვენებას. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, როდის და რა მკურნალობაა ნაჩვენები.

ზოგიერთ შემთხვევაში, სახლის პირობებში დამოუკიდებლად გაზომილი არტერიული წნევა შეიძლება იყოს ექიმთან ვიზიტის დროს წარმოებული გაზომვების შედეგებზე ბევრად დაბალი. ეს მოვლენა არ წარმოადგენს იშვიათობას, და ცნობილი როგორც „თეთრი ხალათის ჰიპერტენზია“. მეორეს მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში არტერიული წნევა შეიძლება იყოს დაბალი ექიმის კაბინეტში მაშინ, როდესაც სახლის პირობებში დამოუკიდებლად გაზომილი არტერიული წნევა მაღალია (ფარული ჰიპერტენზია). ეს სიტუაციები საჭიროებენ ექიმის საგულდაგულო შეფასებას. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები და არტერიული წნევის განმეორებითი მონიტორინგი სახლის ან ამბულატორიულ პირობებში 24 საათის განმავლობაში იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება მკურნალობის აუცილებლობის შემდეგ.

მასალა გამოყენებულია სამედიცინო პორტალიდან: http://www.mirmedicine.ru