Doctor's Search

„ჩვენს კლინიკაში ყველა სირთულის ონკო-გინეკოლოგიური ოპერაციები კეთდება“ – იგორ მარდალეიშვილი

November 25, 2018 Posted By Vipmed.ge

ექიმი ჭეშმარიტად ყველაზე კეთილშობილური, ამასთანავე კი რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის განმახორციელებელია. ადამიანი, რომელიც ერთდროულად უნდა იყოს მეცნიერი, ხელოვნალი, ფსიქოლოგი, მეგობარი, მრჩეველი, მკურნალობის დაწყებამდე სიტყვით გიწამლოს, რწმენა და იმედი დაგიბრუნოს და გადარჩენისათვის ბრძოლაში დაგეხმაროს-სწორედ ასეთი უნდა იყოს  ნებისმიერი პროფილის ექიმი, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ორმაგად მნიშვნელოვანია ამ თვისებებით შემკული იყოს ონკოლოგი, ის, ვისაც ყველაზე რთულ პაციენტთან ყველაზე რთულ მომენტში უწევს შეხება. როდესაც დიაგნოზი განაჩენის ტოლფასი ხდება, ექიმმა უნდა შეძლოს განაჩენის კვლავ დიაგნოზად გადაქცევა.

სწორედ ასეთი ექიმი გახლავთ იგორ მარდალეიშვილი. მასთან პირველივე შეხვედრისას იგრძნობთ, რომ სწორ ადგილას მოხვდით, სადაც ექიმი თქვენი მოკავშირე და მეგობარია. დარწმუნდებით, რომ თქვენი ისტორია გამოცდილი მედიკოსისთვის უბრალოდ მორიგი შემთხვევა არ გახლავთ. იგორ მარდალეიშვილი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

იგორ მარდალეიშვილი: „2013 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა და დაარსდა ეს კლინიკა, მაშინვე იყო გახსნილი გინეკოლოგიური განყოფილებაც. 2018 წლამდე განყოფილებას ძალიან ცნობილი პროფესორი  და ადამიანი ერეკლე ცინცაძე ხელმძღვანელობდა. სამწუხაროდ, ბატონი ერეკლე 2018 წელს გარდაიცვალა. ახლა მე გახლავართ გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი და მინდა რამდენიმე სიტყვით განყოფილების მუშაობაზე მოგიყვეთ“.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელი ყველაფერზე მეტყველებს. კლინიკის გინეკოლოგიური განყოფილება ისეთივე ძლიერია, როგორიც ყველა სხვა. აქ ნებისმიერი სირთულის პაციენტს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

„ჩვენ ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს.  ამის საშუალებას რა თქმა უნდა, როგორც გამოცდილება, ასევე ის ფაქტორიც გვაძლევს, რომ კლინიკა პოლიპროფილურია, ჩვენთან მუშაობენ ზოგადი ქირურგები, ანგიოლოგი ჩვენს კლინიკაში თავი და კისერია.  რა თქმა უნდა, ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტი, რაც ყოველდღიური, რუტინული მოვლენაა და ეს  გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ ქირურგიული მკურნალობა ძალიან მაღალ დონეზე“-განაცხადა იგორ მარდალეიშვილმა.

მკურნალობის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურა იძლევა:

„განყოფილება ძალიან თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. ჩვენ შევიძინეთ ენდოსკოპიური OLYMPUS-ის კომპლექსი, რომელიც ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარების საშუალებას გვაძლევს ძალიან მაღალ დონეზე. აღნიშნული კომპლექსი გათვალისწინებულია როგორც ზოგადი ქირურგებისთვის, ასევე რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენთვის- გინეკოლოგებისთვისაც. ჩვენთვის სრულიად რუტინულია საშვილოსნოს  ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული ექსტირპაცია, ანუ როდესაც საშვილოსნოს ვიღებთ ყელთან და დანამატებთან ერთად. ეს რამდენიმე წლის წინ შეიძლება მთელ მსოფლიოში იშვიათი ოპერაციები იყო, თუმცა ჩვენთვის ყოველდღიური, რუტინული ჩარევებია.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს კომპლექსი  საშუალებას გვაძლევს, რომ ჩავატაროთ ჰისტეროსკოპიები, ფერტილოსკოპია და აშ“-აღნიშნა მარდალეიშვილმა.

როგორც ამბობენ, კარგმა ქირურგმა იცის, როდის ჩაატაროს ოპერაცია, საუკეთესომ კი როდის არ ჩაატაროს. მით უმეტეს, გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, როცა საქმე რეპროდუქციულ სისტემას ეხება, როდესაც ზედმეტად რადიკალურმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პაციენტის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

„ჩვენს კლინიკაში გარდა იმისა, რომ თანამედროვე და ძალიან ფართო ოპერაციები და ჩარევები ტარდება, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვცდილობთ იყოს როგორც რადიკალიზმი რა თქმა უნდა,  უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიაში, ასევე საჭიროა ორგანოდ დამზოგველი ოპერაციები. არის სიტუაციები, როდესაც ქალბატონს არ აქვს დასრულებული რეპროდუქციული ფუნქცია, ანუ  დაფეხმძიმება სჭირდება და ონკოლოგიური რადიკალური ოპერაცია, ან  შემდგომი დასხივება, ქიმიოთერაპია ამის საშუალებას არ იძლევა. რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი შეფასების  შემდეგ დაავადების მასშტაბის იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ორგანო-დამზოგველი ოპერაციის ჩატარება, ჩვენ ყოველთვის ვატარებთ ორგანო-დამზოგველ ოპერაციებს, ეს იქნება საკვერცხის გადაადგილება, ე.წ. ტრანსპოზიცია, გამოყვანა მისი დასხივების ზონიდან და აშ“.

გონივრული რადიკალიზმი -სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში ახალი მიმართულება დაინერგა.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში  ახალი მიმართულება, ახალი შეთავაზება გვაქვს. ასეთ სიტუაციაში, როდესაც არ არის დასრულებული რეპროდუქციული ფუნქცია, ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ კრიოკონსერვაციას, ანუ საკვერცხის ნაწილი, ქერქი, რომელშიც განლაგებულია კვერცხუჯრედები, მთლიანი საკვერცხე ან თუ ამის დრო და საშუალება არსებობს, კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაცია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ხანგრძლივობით ეს ორგანო ან კვერცხუჯრედები გავყინოთ და შემდეგ, როდესაც ადამიანი ქიმიოთერაპიას, დასხივების ციკლს გაივლის, შეეძლება დაბრუნდეს ამ რეპროდუქტიული ფუნქციის შესასრულებლად, ამ კვერცხუჯრედის გადანერგვა ცხიმოვან ქსოვილში მოხდეს და ამით ჩვენ ვასრულებთ რეპროდუქტიულ ფუნქციას“.

კრიოკონსერვაცია მხოლოდ ერთ-ერთია იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის, რომელიც განყოფილებაში ინერგება. ამ დროისათვის კლინიკაში კიდევ ერთი, ახალი მეთოდის დამუშავება მიმდინარეობს.

“ჩვენთან სწორედ ახლა ინერგება ტექნოლოგია, რომელიც  მოდარაჯე- ლიმფური კვანძების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს ინტრაოპერაციულად. აღნიშნული ტექნოლოგია კარგად არის დამუშავებული სანქტ-პეტერბურგში, პეტროვის ონკოლოგიურ ცენტრში. მოგეხსენებათ, რომ 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სანქტ-პეტერბურგში. განყოფილებას ჩემი ძალიან კარგი მეგობარი ხელმძღვანელობს. ახლა ეს ტექნოლოგია ჩამოტანილია საქართველოში და ჩვენ ვნერგავთ მას, რაც ინტრაოპერაციულად ბევრად უკეთეს, ზუსტ შემოწმებას მოგვცემს და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დაავადების მკურნალობას“.

მკურნალობამდე რა თქმა უნდა, დიაგნოზი უნდა დაისვას. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში დაავადების ზუსტი, სანდო დიაგნოსტიკისათვის ყველა პირობაა შექმნილი:

„ჩვენს კლინიკაში ტარდება როგორც სკრინინგული, ასევე ნებისმიერი სიღრმის პროფესიონალური შემოწმება. ჩვენთან არის იმის საშუალებაც, რომ ექსპერტ კლასის ექოსკოპია გაკეთდეს, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ. ჩვენთან ტექნიკური საშუალებები ძალიან ძლიერია. ჩვენი განყოფილება მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ონკო-გინეკოლოგიური ევროპული სტანდარტებითა და გაიდლაინებით.  პაციენტის დაავადების გავრცელების შეფასება ორიენტირებულია მხოლოდ ევროპულ გაიდლაინებზე. პერიოდულად ჩვენი სპეციალისტები კვალიფიკაციის ამაღლებას გადიან, ჩვენ კონტაქტები გვაქვს როგორც რუსეთის წამყვან კლინიკებთან, ისე იტალიასთან, გერმანიასთან… ეს გადამზადება აუცილებელია, რადგან სპეციალისტი უნდა ანვითარებდეს თავის პროფესიონალიზმს და ჩვენ ამის ყველანაირი საშუალება გაგვაჩნია. სწორედ ახლა, ჩვენი ერთ-ერთი სპეციალისტი კვალიფიკაციას იტალიურ კლინიკაში იმაღლებს, პროფესიონალიზმის ზრდის გარეშე შეუძლებელია. იმის გარდა, რომ კლინიკაში ყველა ტექნიკური საშუალება არსებობს, საჭიროა სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაციაც, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაღწევთ“-აღნიშნა მარდალეიშვილმა.

მარდალეიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი იმ დაავადებათა შესახებ საუბრობს, რომელთა გამოც გინეკოლოგიურ განყოფილებას ყველაზე ხშირად მიმართავენ:

„შეიძლება დასახელებული იყოს სამი დაავადება: საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვნის ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე და მესამე ადგილზე ალბათ, საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე გახლავთ. საშვილოსნოს ყელის კიბო პირდაპირ კონტაქტშია პაპილომავირუსთან. აღნიშნული დაავადება 99%-ის შემთხვევაში დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანს  სქესობრივი კონტაქტით პაპილომა ვირუსის ინფექცია შეეყრება. საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე 25 წლამდე თითქმის არ გვხვდება, რადგან იმუნიტეტი მაღალია, თუმცა 25 წლის შემდეგ აღნიშნული დაავადება სამწუხაროდ, გავრცელებულია და ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებეში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე, ანუ საშვილოსნოს ღრუს ლორწოვნის ავთვისებიანი სიმსივნე გახლავთ. აღნიშნული დაავადება გამოხატულია პროცენტულად პრეკლიმაქტერიულ და კლიმაქტერიულ პერიოდში. ამ დაავადებას საშვილოსნოს ყელის კიბოს აგრესიული ავთვისებიანობა იმდენად არ ახასიათებს, თუმცა თუ შორს წასულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მკურნალობა საკმაოდ რთულია, ის ოპერაციულ ჩარევას და ზოგჯერ ქიმიო-სხივურ თერაპიას გულისხმობს“.

სიხშირით მესამე ადგილს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე იკავებს, ონკოლოგიური დაავადება, რომელიც განსაკუთრებით ვერაგი და პროგნოზულად ნაკლებად კეთილსაიმედოა.

„საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე იმით არის განსხვავებული, რომ ძალიან ვერაგი დაავადებაა. პროცენტულად ყველაზე ხშირად ეს დაავადება უჩნდებათ ქალბატონებს 60-65 წლის ასაკში, როცა ის ფიქრობს, რომ ყველა გინეკოლოგიური პრობლემა უკვე წარსულშია. საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკში ჩნდება და როგორც წესი, 80 %-ის შემთხვევაში მესამე ანუ დაგვიანებულ სტადიაზე ვნახულობთ, რადგან სიმსივნე თავს არსად არ აჩვენებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგებთ, როდესაც პაციენტს მუცლის მოცულობის ზრდა ეწყება, ყალიბდება ასციტი, ადამიანი მიდის ექიმთან. რადგან მანამდე არაფერი არ აწუხებდა, როგორც წესი, საქმე ძალიან შორს წასულ შემთხვევებთან გვაქვს. მესამე სტადია 80%-ის შემთხვევებში გვხვდება. ამასთან ერთად, საკვერცხეების კიბო ძალიან აგრესიული სიმსივნეა და თუ ადამიანი დაავადების გაჩენიდან ტრაგიკულ მომენტამდე არ მკურნალობს,  5-6 თვე გადის“.

სამწუხაროდ, ავთვისებიანი დაავადებები გლობალურ ჯანდაცვას კვლავ დიდ ტვირთად აწვება, არც თუ მცირეა მათი გავრცელება საქართველოში. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წელიწადში ერთხელ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ჩივილები, ჩაიტაროთ სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოზე. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოთ პროფესიონალს და გახსოვდეთ, რომ თუ ამის საჭიროება დადგა, თქვენს ჯანმრთელობასა და მომავალზე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ექიმები იზრუნებენ.