Doctor's Search

მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია!

September 19, 2017 Posted By Vipmed.ge

სექტემბერი, შემოდგომის სეზონის პირველი თვეა და გაზაფხულის მსგავსად ვირუსების, ალერგიების და ინფექციების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით, რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ დაიცვან შვილები შემოდგომის სეზონთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემებისგან ამ და სხვა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკა “სეუ” და “მზიური მედი”-ს ექიმი-პედიატრი – ინგა მამუჩიშვილი.

--ნო ინგა შემოდგომის სეზონზე უმეტესად, რომელი პრობლემები იჩენს თავს?

- სასწავლო პროცესის დაწყება ხდება გარდამავალ პერიოდში, როდესაც იწყება სხვადასხვა ვირუსების აქტივაცია, ამას ხელს უწყობს სეზონი და ბავშვთა თავშეყრა ერთ შენობაში, ეს ვირუსების გავრცელების შესანიშნავი პირობაა. შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტიურდება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, როგორც ზედა ასევე ქვედა სასუნთქი გზების, ვირუსი ვრცელდება ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით, ამიტომ დიდი ყურადღება მართებს მშობელს, რათა ვირუსული ინფექციის სიმპტომებით არ მიიყვანოს ბავშვთა დაწესებულებაში ბავშვი. ამით თავიდან აიცილებს საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას და სხვა ბავშვებსაც დაიცავს დასნებოვნებისაგან. მშობლები ხშირად ხმარობენ ტერმინს, “ჩემი შვილი გაციებულია“. არ არსებობს ასეთი რამ, ყველა შემთხვევაში საქმე გვაქვს ვირუსთან, თუმცა ვირუსული ინფექციებიც ზოგი შედარებით მარტივი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს, მაგალითად ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, წამოხველება, სუბფებრილური (დაბალი) ტემპერატურა, რომელსაც იწვევენ ეგრედ წოდებული რინო ვირუსები, მაგრამ მაგალითად გრიპს ახასიათებს რთული კლინიკური სურათი, მაღალი ცხელება,თავის კუნთების და ძვლების ტკივილი, ღებინება და ა.შ

ასევე ხშირად ვხვდებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ფარინგიტებს, ლარინგიტებს (ცრუ კრუპს), ტონზილიტებს და ა.შ. აღინიშნება ქრონიკული დავადებების გამწვავება. წინა პლანზე გადმოდის ალერგიული და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით?

- სახლშიც და ბავშვთა დაწესებულებაშიც თითქმის ერთი და იგივე ჰიგიენის ნორმები გვაქვს დასაცავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს ვირუსების გავრცელება, საჭიროა ბავშვი მივაჩვიოთ ხელების ხშირ დაბანას. ხშირად უნდა განიავდეს სასწავლო ოთახები, ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული 20-22 გრადუსამდე, ტენიანობა 60-65%. აუცილებელია ჯანსაღად და ბალანსირებულად ვკვებოთ ბავშვები. დავიცვათ სწორი ძილის რეჟიმი. ვაგრძნობინოთ სითბო და სიყვარული. შევუქმნათ სასიამოვნო გარემო. მათაც მოვუსმინოთ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწუნოთ მათი მოთხოვნები. მეტი ფიზიკური აქტივიბა და სუფთა ჰაერი. რაც მთავარია დროულად ჩავუტაროთ პროფილაქტიკური აცრები, როგორც გეგმიური ასევე მოსალოდნელი ეპიდემიების საწინააღმდეგო, მაგალითად გრიპის ვაქცინაცია, რომელიც სასურველია ოქტომბრის ბოლომდე გავუკეთოთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია სავალდებულო, ასაკობრივი აცრები ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

-ის რომ ქვეყანაში ლიკვიდირებულია სიცოცხლისთვის საშიში დააავადებები, სწორად პროფილაქტიკური აცრების დროულად ჩატარებამ განაპირობა. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით ეცადეთ ბავშს დროულად ჩაუტაროთ, გეგმიური ვაქცინაცია აცრის კალენდრის მიხედვით.

- ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხშირად თან სდევს ბავშვის, როგორც ფიზიკური ქმედების, ასევე შინაგანი განწყობის შეცვლა. რით არის ეს ცვლილებები გამოწვეული და როგორ უდა მოიქცეს მშობელი?

- რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, რომ იწყება ახალი სასწავლო წელი, ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვები უბრუნდებიან სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ზოგი პირველად შეაღებს ბავშვთა დაწესებულების კარს, რაც არცთუ ისე მარტივია ჩვენი პატარებისთვის, რადგან ისინი გადიან სერიოზულ ადაპტაციის პროცესს. თავიდან იწყებენ კომუნიკაციებს, ბავშვებს ძალიან ნაზი და იოლად ტრავმირებადი ფსიქიკა აქვთ, ამიტომ ხშირად ამ პერიოდში მათ უვითარდებათ სტრესი ახალ გარემოსთან ურთიერთობის გამო, რაც შეიძლება უარყიფითად აისახოს მათ ნერვულ სისტემაზე და ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ყველას ვინც ვზრუნავთ მომავალ თაობაზე. მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ პოზიტიური, მათთვის სასიამოვნო, თბილი, ოჯახური გარემო. ბავშვი სიხარულით უნდა მიდიოდეს ბავშვთა დაწესებულებაში. ამ პერიოდში ისინი ხშირად იცვლიან ხასიათს, იოლად ღიზიანდებიან, მშობლები ხშირად უჩივიან მადის დაქვეითებას, უძილობას, გაღიზიანებას, ეს ყველაფერი ახლავს ადაპტაციის პროცესებს, ამიტომ ნუ გადატვირთავთ ბავშვებს პირველივე დღეებში. კვლავ უნდა ჰქონდეთ მათ სასწავლო პროცესში თავისუფალი დრო და თამაშის საშუალება. არ უნდა იყოს ეს ყოველდღიური მოსაბეზრებელი რუტინა. ნუ ავავსებთ შენიშვნებით! ხშირად შევაქოთ და გავუმახვილოთ ყურადღება კარგ საქციელზე, მათთვის სასწავლო პროცესის დაწყება არის სერიოზული დატვირთვა, რასაც ისინი ვერ ამბობენ, მაგრამ აისახება მათ ქცევასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, რათა არ მივაყენოთ დამატებითი ტრამვები ნერვულ სისტემას.

- სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კიდევ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობას?

 – შემოდგომის პერიოდში, ხშირად მწვავდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული დაავადებები. ამიტომ ექიმს და მასწავლებელს მშობლისგან უნდა ჰქონდეს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია. თითოეული ბავშვის ორგანიზმის სუსტი მხარე უნდა იცოდეს, რათა დროულად იქნეს შემჩნეული გამწვავება, ალიმენტური ალერგიის შემთხვევაში ამოღებული უნდა იყოს ბავშვის კვების მენიუდან ალერგენები. აქედან გამომდინარე, ყველა სასწავლო დაწესებულებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ექიმი და ფსიქოლოგი, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ბაშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდება ფიზიკურ და ფსიქო-მოტორული განვითარება. არ გამოეპარებათ ტანადობის დარღვევის შემთხვევები, მხედველობის ცვლილებები. გარდა ამისა, სააღმზრდელო დაწესებულებებში ექიმი უნდა აკონტროლებდეს, ადგენდეს მენიუს ჯანსაღი პროდუქტებით ბალანსირებულად, რათა ბავშვმა მიიღოს ყველა ის ძირითადი ინგრედიენტი, როგორიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, კალორიები,რაც აუცილებელია ბავშვის სწორი განვითარებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია თავიდანვე იცოდეს ბავშვმა, რომელია მისთვის სასარგებლო საკვები, რომ არ დალიონ ფერადი გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, არ მიირთვან “ჩიფსები” და სხვადასხვა გაურკვეველი წარმოშობის შოკოლადები და ტკბილეული. უპრიანი იქნება თუ იმ სკოლებში, სადაც არ არის სპეციალიზირებული ბავშვთა კვება, მშობელი თავად უმზადებდეს ბავშვს ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარ ულუფას ან ხილს.

- რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტის გამო?

- ყველაზე ცუდი შედეგი, თავად მშობლების მხრიდან, ექიმისგან დამოუკიდებელ თვითნებურ ქმედებას შეიძლება, რომ მოჰყვეს, მაგალითად მშობლები ხშირად ითხოვენ ბავშვებისთვის ვიტამინების დანიშვნას, ხშირად დამოუკიდებლად იძენენ და თვითნებურად აძლევენ რაც დაუშვებელია. დაუშვებელია ნებისმიერი თვითმკურნალობა ბავშვთა ასაკში, რადგან ჰიპოვიტამინოზზე უფრო ცუდ გავლენას ორგანიზმზე ჰიპერვიტამინოზი იწვევს. ნებისმიერ, მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, თუნდაც ვიტამინების მიცემა შეათანხმეთ თქვენს პედიატრთან… მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია! მშობლის, ექიმის, აღმზრდელის მეწარმის, რომლებიც აწარმოებენ ბავშვთა კვებას, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს, სათამაშოებს, მედიკამენტებს. ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ნუ შევწირავთ საკუთარ ინტერესებს ბავშვთა ჯანმრთელობას… ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პატარებზე, მათ ჯანმრთელობაზე და ბედნიერ მომავალზე…

- შეიძლება თუ არა საკვები დანამატით შევავსოთ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობა?

- რათქმაუნდა, შეეცადეთ რომ შოკოლადები, კრემიანი ნამცხვრები, ფერადი კამფეტები, „ჩიფსების“ და სხვა პროდუქტების ნაცვლად რომლებიც შეიცავენ პალმის და რაფსის ზეთს რომელიც კატეგრიულად უნდა შეიზღუდოს ბავშვთა კვებაში მიაჩვიეთ ბავშვი ხილის და ბოსტნეულის, ცოცხლად მიღება წასახემსებლად კი ჩირის და თხილის, ხშირად მიღება.

- რა ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვან ბავშვებმა უშუალოდ სკოლაში?

- ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ დაცემინების შემთხვევაში გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც აუცილებლად ურნაში უნდა ჩააგდოს, თან იქონიოს საკუთარი წყლის ბოთლი, შესაძლოა ერთჯერადი ანტიბაქტერიული სველი სალფეტკების გამოყენება.

- რა ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი, როგორც სკოლაში ასევე საბავშვო ბაღში და რა ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა ან პედაგოგებმა?

- ბავშვთა დაწესებულებებში ადგილი აქვს ხშირად ბავშვის დამცირებას, შეურაცყოფას, ძალადობას ბულინგს რაც დროულად უნდა აღმოიფხვრას, რათა არ მოხდეს ბავშვის დასტრესვა-დათრგუნვა, რასაც რიგ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდეც მივყავართ. ამ პროცესების აღმოსაფხვრელად აუცილებელია მასწავლებლების, მშობლების და ყველა მომუშავე პირის ერთობლივი ჩართულობა. ასევე, სასურველია ბავშვთა დაწესებულებას ჰქონდეს ეზო, სპორტული დარბაზი და საზაფხულო მოედანი. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს არ შეიძლება 40 ბავშვი ერთ ჯგუფში (20 კვადრატულ მეტრ ოთახში) გადანაწილდეს მითუმეტეს, სადაც მათ განძრევის საშუალება არ აქვთ. გარდა ამისა (ფიზიოლოგიური მოთხოვა მაგალითად) სტრესულ სიტუაციებში ბაშვის შარდის ბუშტი შეიძლება გახდეს ჰიპერაქტიური, რამაც შეიძლება განაპირობს მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება. (მასწავლებელმა შესაძლოა შეაფასოს, როგორც სიმულაცია და უარი უთხრას ბავშვს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია).

- თქვენ ახსენეთ ფიზიკური განვითარება, რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ბავშვებისთვის მძიმე ჩანთების ტარებამ და არასწორად შერჩეულ მერხთან ჯდომამ?

- როგორც უკვე ვახსენე, შეუსაბამო ინვენტარმა შესაძლოა გამოიწვიოს ტანადობის დარღვევა. განსაკუთრებით სქოლიოზის განვითარება, რაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა ინვენტარმა, მძიმე ჩანთების ტარებამ, არასწორად ჯდომამ.

- რამდენად გაიზარდა ამ სეზონზე მომართვიანობა?

- მომართვიანობა უკვე გაიზარდა. ძირითადად ღებინებით და დიარეით მიმდინარე ვირუსული ინფექციების და ზედა სასუნთქი სისტემის ტრაქტის მწვავე ინფექციების გამო.

- რომელ სეზონს გამოყოფდით ამ მხრივ?

- მომართვიანობის კუთხით შემოდგომის ბოლოდან ზამთრის მიწურულამდე. თუმცა XXl საუკუნეში ვირუსების ყველა სეზონი მეტ ნაკლებად აქტუალურია.

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები