Doctor's Search

ბავშვთა და მოზარდთა სწორი სქესობრივი აღზრდა – იოსებ შურღაია

October 19, 2019 Posted By Vipmed.ge

თანამედროვე მსოფლიოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ასაკობრივ-სქესობრივი განვითარება საზოგადოების კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საკითხს წარმოადგენს და მას დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც კი ენიჭება.

სქესობრივი აღზრდა არის სამედიცინო-პედაგოგიური ღონისძიებების სისტემა, რომელიც გულისხმობს მშობლების, ბავშვების, მოზარდი ახალ­გაზრ­დობის ჯანსაღ დამოკიდებულებას სქესის საკითხისადმი. სქესობრივი აღზრდა მიზნად ისახავს მოზარდი თაობის ჰარმონიული განვითარების ხელსშეწყობას, სექსოლოგიური ცოდნის ამაღლებას, შვილოსნობის ფუნცქიის სრულყოფილად ჩამოყალიბებას მომავალ მშობლებში, ასევე მოზარდებში მომავალი მეუღლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუ­შა­ვებას, მორალურ და ზნეობრივ გაწონასწორებას.

სქესობრივი აღზრდა დაკავშირებულია ძალზე რთულ სამედიცინო-პედაგოგიურ და სოციალურ პრობლემებთან, რომლებშიც ერთმანეთთან არის გადახლართული ჰიგიენური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური ასპექტები.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის

ისტორია და წინაპირობები

სექსუალური აღზრდისადმი მეცნიერული მიდგომის პირველი ცდები მე-20 საუკუნის შუა ხანებში გამოიკვეთა და უკვე ამავე საუკუნის მეორე ნახევარში აღნიშნული თემისადმი ინტერესი საყოველთო გახდა არა მარტო სპეციალისტების, სექსოლოგების, პედაგოგების და ფსიქოლოგებისა, არამედ თვით საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. ამ პერიოდიდან მოყოლებული სექსუა­ლური აღზრდის საკითხები თანდათანობით იქცა მსოფლიო პრობლემად და ამას ხელი ინფორმაციის ხელმისაწვდომმა საშუალებებმა, მეცნიერულ-ტექნიკურმა განვითარებამ კიდევ უფრო შეიწყო.

სამწუხაროდ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ნებით თუ უნებლიერდ, ხშირ შემთხვევაში მოზარდებს არა მაღალზნეობრიობას უნერგავს, არამედ უბიძგებს მათ გარყვნილებისა და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირებისაკენ. ზოგიერთი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის წარმოიშვა შეხედულება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ შეზღუდულობას სქესობრივ ცხოვრებასა და მორალურ ნორმებში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულს საქმე აღვირახსნილობამდე მიჰყავს, რასაც არცთუ იშვითად თან ახლავს ქალის მიმართ ძალადობა. ამასთანავე, არასწორი სქესობრივი ცხოვრებით გამოწვეულმა სნეულებებმა, პროსტიტუციის მასშტაბის ზრდამ, სქესობრივმა და სხვადასხვა ტიპის ძალადობებმა, მოზარდი გოგონების ნაადრევმა ორსულობებმა, ხშირმა აბორტებმა და მშობიარობებმა შესაბამისი სპეციალისტები და სახელმწიფო ორგანიზაციები დაარწმუნა იმაში, რომ საჭირო იყო ამ სფეროზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და შესაბამისი კომპლექსური ზომების შემუშავება.

„თავისუფალმა სიყვარულმა“ განსაკუთრებით საშიში ხასიათი მიიღო აშშ-ში, შვეციაში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ამიტომ სწორედ ამ ქვეყნების მეცნიერებმა შექმნეს სექსუალური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვინილი პირველი სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებები. მოგვიანებით პერიოდში სქესობრივ აღზრდის მეთოდების შემუშავებას შეუდგნენ რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური აღზრდის პრობლემების კვლევის შედეგები ტაბუდადებული იყო: უცხოეთის გამოცდილება და ლიტერატურა ქვეყანაში არ შემოდიოდა, არ ქვეყნდებოდა, რის გამო მეცნიერებს, სხვა საკითხების მსგავსად, არ გააჩნდათ სხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების საშუალება. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში ტერმინს, „სქესობრივი აღზრდა“, საერთოდ არ იცნობდნენ. იმპერიის განაპირა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, ამის შესახებ საუბარიც ზედმეტი იყო.

საქართველოში სქესობრივი აღზრდის სა­კი­თხებზე ყურადღება ქართული უნივერსიტეტის დაარსების და მასში მაღალკვა­ლიფიციური პედაგოგოების, მედიკოსებისა და ფსიქოლოგების თავმოყრის შემდეგ გამახვილდა.

თუმცა უნდა ითქვს, რომ მეცნიერთა დასკვნები ძირითადად ფიზიკური განვითარების პროპაგანდით შემოიფარგლებოდა და ძალზე ფრთხილი, მორი­დებული იყო, ვიდრე მომავალ თაობას  სჭირდებოდა. ამის მიზეზი იყო მკაცრი საბჭოთა ცენზურა, რომელიც კრძალავდა მსგავსი საკითხების გამომზეურებას.

თანამედროვე მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც, ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ასაკობრივ-სქესობრივი განვითარება საზოგადოების კულტურული და ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საკითხად იქცა.

ახალგაზრდობის ზნეობრივი და მორალური გამოვლინებების, ამ სფეროში არსებული პრობლემების კვალობაზე ყველა ქვეყანა ცდილობს შექმნას საზოგა­დოებრივი აზრი, ახალი სპეციალური და პოპულარული ლიტერატურა, ამ საქმეში ჩააბას მოსახლეობის (მშობლების), აღმზრდელების და მედიკოსების რაც შეიძლება ფართო წრე.

სქესობრივი აღზრდის მნიშვნელობა

ბავშვებისა და მოზარდების სქესობრივი აღზრდა მხოლოდ სექსის თემებს არ მოიცავს და იგი ხელს უწყობს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას პირად და სოციალურ სფეროში.

კერძოდ, სწორი სქესობრივი აღზრდა ეხება შემდეგ სფეროებს:

  • ეხმარება იდენტობის მიკუთვნებაში.

ბავშვები უკვე სამი წლის ასაკიდან აღმოაჩენენ ხოლმე თავის სქესობრივ კუთვნილებას და სქესობრივი ნიშნით შეუძლიათ ბიჭებისა და გოგოების გარჩევა. უფროს ასაკში ისინი უკვე ფიქრობენ, თუ როგორია ეს: იყო კაცი ან ქალი. რა განსხვავებებია მათ შორის? რა თავისებურებები აქვთ? როგორ მყარდება ურთიერთობები საპირისპირო სქესთან? რა სირთულეები წარმოიქმნება? ესმით, თუ რა იზიდავს მათში, ან პირიქით – რის გამო შორდებიდან მათ;

  • აყალიბებს სექსუალურ უპირატესობებსა და ორიენტაციას.

ეხმარება საკუთარი სექსუალურობის გაცნობიერებაში. ამის წყალობით ხდება პიროვნების გამდიდრება და ვითარდება მისი სიყვარულის უნარი. ასევე, საკუთარი მიმზიდველობის გაცნობიერების წყალობით, მცირდება სექსოპათოლოგიური დარღვევების რისკი;

  • ამზადებს პასუხისმგებლობისთვის პარტნიორულ და საქორწინო ურთიერთობებში.

ეხმარება ოჯახში საკუთარი როლისა და მოვალეობების გაგებაში;

  • ამზადებს მშობლებისთვის როლური ქცევის ფორმირების გზით.

როგორია, იყო დედა ან მამა? რას აკეთებს მამა? როგორია დედის როლი?

  • და, რა თქმა უნდა, აყალიბებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევებს. ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების ზემოქმედება ბავშვების ჯანმრთე­ლო­ბასა და დაბადებაზე. სწორი და ყოველდღიური ჰიგიენა. დაუგეგმავი ორსულო­ბისა და ვენერიული დაავადებებისგან დაცული სექსი.

ბავშვთა სქესობრივი აღზრდა განსაკუთრებულია იმით, რომ ბავშვის დაბადებიდანვე იწყება და ყოველ ასაკობრივ პერიოდში სულ უფრო სრულ­ყოფილი ხდება. ამიტომ სქესობრივ აღზრდაზე საუბრების დაწყება მოზარდობის (გარდატეხის ასაკში) უკვე ცოტა დაგვიანებულია. პროცესები მრავალი წლით უფრო ადრე დაიწყო.

სქესობრივი აღზრდის თავისებურებები სხვადასხვა ასაკში

ადრეული ასაკი

ფსიქოსექსუალური განვითარება დაბადებიდანვე იწყება. ჩვილი რეაგირებს შეხებაზე, ხელის გადასმაზე და დარწევაზე. 6 თვის ასაკში მას უკვე თავისი სხეულის ნაწილები აინტერესებს. მან ახლახან აღმოაჩინა, რომ განცალკევებულია დედისგან და საკუთარ თავს იკვლევს. ამიტომ ხელს ახლებს ყველაფერს, რასაც კი მისწვდება. ნუ შეგეშინდებათ, თუ სასქესო ორგანოები უფრო ხშირად ხდება მისი კვლევის ობიექტი. ეს ნორმალურია, ნუ გაუბრაზდებით და ხელებს ნუ ავაღებინებთ

ორი წლის ასაკში უკვე იცის, რა ჰქვია სხეულის ყველა ნაწილს. სამი წლისა კი გოგოებს ბიჭებისგან უკვე მხოლოდ ვარდისფრითა და ბაფთებით არ განასხვავებს. შეიძლება დაინტერესდეს, თუ როგორ მოხვდა დედიკოს მუცელში. გასაგებად და დაწვრილმანების გარეშე აუხსენით, როგორ ჩნდებიან ბავშვები (მამის და დედის სიყვარულისგან). და არავითარ შემთხვევაში არაფერი გამოიგონოთ წეროებისა და კომბოსტოს შესახებ, თორემ წამოიზრდება და აღარ ექნება თქვენი სიტყვების ნდობა.

4 წლის ასაკისთვის ხდება საკუთარი თავის ბიჭად ან გოგოდ იდენტი­ფიცირება. განმეორებით შეიძლება დაიწყოს ხელის მოკიდება გენიტალიებზე და მიხვდეს, რომ ეს სასიამოვნოა. ისევ არ ღირს მისი გაკიცხვა, ეს მალე გაივლის. აი, თუ მკვეთრად ნეგატიური ვითარება შეიქმნება, დროთა განმავლობაში შეიძლება სექსუალური ხასიათის სირთულეები განვითარდეს. გონებაში ხომ ის დაილექება, რომ ეს სამარცხვინო, ბინძური და ულამაზოა. თუ უხერხულობას გრძნობთ, უბრალოდ, რამდენიმე წუთით ოთახიდან გადით.

სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკი

ხუთი წლის ასაკისთვის ჩნდება სიმორცხვე. ამ მომენტიდან ბავშვმა შხაპი მხოლოდ თავისი სქესის მშობელთან ერთად უნდა მიიღოს. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არის, ასწავლეთ სქესობრივი ორგანოების სწორი ჰიგიენა და თავად დაიბანს. ან/და აბაზანაში შედის ტრუსებში და იხდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაეხმარებიან ზურგისა და თავის დაბანაში.

სკოლის ასაკში თავის ტოლებთან ერთად შეიძლება აქტიურად მსჯელობდნენ სექსის თემაზე. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც შეიძლება, რომ თქვენს შორის ნდობა გაჩნდეს. აუხსენით პატარას, რომ თუ სექსის თაობაზე რაიმე კითხვა ექნება, შეუძლია, რომ თქვენ მოგმართოს. 7-8 წლის გოგოსთან შეიძლება მენსტრუაციაზე ლაპარაკი, თორემ ის შეშინდება, როდესაც პირველად მოუვა.

მოზარდობა (გარდატეხის ასაკი)

ამ პერიოდში ბავშვებში ჰორმონული ფონის გარდაქმნა მიმდინარეობს. აქტიურად იწყება სქესობრივი მომწიფება. ბიჭებში სექსუალური ლტოლვა უფრო ნათლად არის გამოხატული, ისინი ისწრაფვიან სწორედ სქესობრივი კონტაქტის სრულყოფისკენ. გოგოებისათვის ამ ასაკში უფრო დამახასიათებელია რომანტიული პერიოდი, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწონდეთ, შეიყვარონ და მიიღონ რომანტიული აღიარებები ბიჭებისგან.

მნიშვნელოვანი ზუსტად ვიცოდეთ რომელ ასაკში რის შესახებ უნდა მოვუყვეთ ბავშვს (მოზარდს).

პირველ რიგში, ბავშვს უნდა უთხრათ, თუ როგორ დაიცვას თავი და როგორ შეინარჩუნოს თავისი ჯანმრთელობა. ასევე, მომავალი პარტნიორის ჯანმრთე­ლობა. შესაფერისი დრო შეარჩიეთ და აუცილებლად დაელაპარაკეთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • მათი სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიური აგებულება. შესაძლებელია შეიქმნას საკმაოდ სერიოზული შეცბუნება და დაძაბულობა, მაგრამ მაინც ეცადეთ ყველა ორგანო შესაბამისი ტერმინით მოიხსენიოთ. არ არის საჭირო მოფერებითი სახელების მოგონება. ბავშვს ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულის აგებულების შესახებ. მოუყევით, თუ რა ფუნქცია აქვს თითოეულ ორგანოს, რისთვის შექმნა ის ბუნებამ.
  • სქესობრივი მომწიფება. მიაწოდეთ ინფორმაცია ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ბევრად უფრო გაუადვილდებათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან შეგუება, თუ ეცოდინებათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ყველას ასე მოსდის, უბრალოდ, ზოგს ადრე ეწყება, ზოგს კი – მოგვიანებით. გოგონებს დაწვრილებით უამბეთ მენსტრუაციის შესახებ, უთხარით, რომ ამან შეიძლება მკერდი შეცვალოს, რომ თმა დაიწყებს ზრდას ინტიმურ ადგილებში. ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ ღამის პოლუციების შესახებ, იმის შესახებ, რომ ზოგჯერ განიცდიან აღგზნებასა და ერექციას, რომ ხმა დაიწყებს გარდატეხას და, ასევე, დაეწყებათ თმის ზრდა როგორც ინტიმურ ზონებში, ასევე სახეზე.
  • ჰიგიენა.თითქოსდა ისედაც ნათელია, ბავშვები დიდი ხანია, მიჩვეული არიან ჰიგიენას. მაგრამ ახლა შეიძლება უფრო დაწვრილებით მოუყვეთ იმ დაავადებებზე, რომლებსაც სისუფთავის დაუცველობა იწვევს. მნიშვნელოვანია თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა და რეგულარული და სწორი გამობანა. ზოგჯერ დაბანის ბოროტად გამოყენებამაც კი შეიძლება გოგოებში ანთებითი პროცესი გამოიწვიოს. იშვიათი დაბანა ბიჭებში ჩუჩაში გამონადენის დაგროვებისა და შემდგომი ინფიცირების საფრთხეს შეიცავს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი შევიწროვება, რასაც ფიმოზი ეწოდება.
  • ვენერიული დაავადებები.როგორია ინფიცირების ნიშნები, შედეგები. უამბეთ, რომელი ექიმები აწარმოებენ დიაგნოსტიკას. როგორი მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ საქციელს. რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს კოლოსალური ცვლილებები მათ ორგანიზმში. რომ მკურნალობა, შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს. ხოლო ისეთი დაავადებები, როგორებიც არის აივ-ინ­ფექცია (იგივე შიდსი), მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება და მუდმივად მოითხოვს იმუნური სისტემის მედიკამენტოზურ მხარდაჭერას.
  • კონტრაცეფციის მეთოდები.უამბეთ არა მარტო დაავადებებისგან, არამედ არასასურველი ორსულობისგან კონტრაცეფციისა და დაცვის არსებული ხერხების შესახებ. აჩვენეთ, სწორად როგორ გამოიყენონ პრეზერვატივი. რომელ მხარეს უნდა გადააბრუნონ და როგორ გაიკეთონ სწორად. რომ არ შეიძლება მისი კბილებით გახსნა დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ასევე, რომ არ არის სასურველი მისი ჯიბით ტარება, რათა არ გაიცრიცოს. ყველა ეს ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად დაცვითი ფუნქციები იკარგება.

ამასთანავე, მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ მოწევა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები დამღუპველად მოქმედებს მათ ორგანიზმზე და რომ ეს იწვევს შეჩვევას და ძალიან დიდ გავლენას ახდენს მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, რომ შეიძლება შეცვალოს მათი ცნობიერება და დაანგრიოს მათი ჯანმრთელობა.

საუბრები ინტიმურ თემებზე

მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთან იმავე სქესის მშობელი საუბრობდეს. სხვაგვარად ამან შეიძლება ბავშვი ძალიან შეაცბუნოს და ამის გამო მან უარი თქვას დიალოგზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ამის შესაძლებლობა არ არის, შეეცადეთ ეტაპობრივად, ცოტ-ცოტა მოუყვეთ. როდესაც ბავშვი შეეჩვევა და ნდობით განიმსჭვალება, შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო ღია საუბარზე.

ჰორმონული გარდაქმნის შესახებ არა მხოლოდ ინფორმაცია უნდა მიაწო­დოთ, არამედ უნდა ასწავლოთ კიდეც, თუ როგორ უნდა მოექცნენ სწორად ცვლილებებს. მხარი დაუჭირეთ გოგოებს, ამოურჩიეთ თვიურის დროს აუცილე­ბელი ჰიგიენური საშუალებები, ასწავლეთ, როგორ უნდა გამოიყენოს. ბიჭებს, იმისთვის, რომ თავიდან ააცილოთ სირცხვილის გრძნობა, ასწავლეთ, დამოუკი­დებლად როგორ უნდა გამოცვალონ და გარეცხონ საწოლის თეთრეული. აჩვენეთ, როგორ უნდა გაიპარსონ უსაფრთხოდ. რომელი ბიუსჰალტერი აირჩიონ, რომელი თეთრეულია აუცილებელი კომფორტისა და ჯანმრთელობისთვის.

თუ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას აღმოაჩენთ, არ აერის საჭირო სკანდალის მოწყობა. ეს მხოლოდ დაგაშორებთ მოზარდს. მათ ინტერესს ექსპე­რიმენტული ხასიათი აქვს. მოზარდები, ჩვეულებრივ, განიხილავენ ხოლმე სექს­თან-დაკავშირებულ გარკვეულ მომენტებს. ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას. ამი­ტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენმა ბავშვმა საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. მშვიდად იყავით, თუ შვილმა პორნოგრაფიული მომენტები ნახა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავს განსხვავებას ახლო ურთიერ­თობებსა და უბრალოდ სექსს შორის. თანაც, აკრძალული ხილი ტკბილია. ის ყოველთვის შეძლებს აუცილებელი მასალის პოვნას, ოღონდ, შემდეგ ჯერზე უკეთ დამალავს. ნუ დააშინებთ და ნურც ასეთი პროცესის მიმართ ზიზღზე ნუ მოუყ­ვებით. სხვაგვარად ფასს დაუკარგავთ მთელი იმ ინფორმაციას, რაც მან თქვენგან აქამ­დე მიიღო დაცვის მიზნით. მოთმინება და პატივისცემა გამოიჩინეთ მოზარდის პირადი საზღვრების მიმართ. და ფასეულობების ისეთი სისტემის შექმნას დაუთმეთ დრო, რომელშიც სექსუალურობა არ გადაფარავს ყველა სხვა ინტერესს.

ერთად ნახეთ და განიხილეთ ფილმები სიყვარულზე. ამასთან ერთად, საშუა­ლება მიეცით მოზარდს, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას. და არცერთ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ. ის მხოლოდ ახლა სწავლობს, თქვენთან შედარებით მას არა აქვს გამოცდილება. ჯობს, თქვენი ურთიერთობების ისტორია გაუზიაროთ თავისი შეცდომებითა და მათი შედეგებით, თუ როგორ უმკლავდებოდით მათ, როგორ განიცდიდით რთულ ვითარებებს.

ასწავლეთ, თუ როგორ უნდა განაცხადოს თავისი საზღვრების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა არ მოსწონს ან არ სურს. გაიგოს, რომ უარი და იმის თქმა, რომ „ჩემთვის ეს მიუღებელია“ – სავსებით ნორმალური და სწორია. არავის აქვს უფლება, აიძულოს მას საკუთარი თავის უგულებელყოფა სხვისი სიამოვნების­თვის. მათ ბევრი სისულელე შეიძლება ჩაიდინონ იმის შიშით, რომ არ გახდნენ უარყოფილი. ასწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა და ისეთად მიღება, როგორებიც არიან.

მიაჩვიეთ, რომ ტრფიალი (შეყვარებულობა) არ უნდა შეენაცვლოს ყოველივე დანარჩენს მათ ცხოვრებაში. სკოლაში სწავლა, სახლის მოვალეობები და წრეებში მეცადინეობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. აი, ურთიერთობებში კი მნიშვნელოვანია, შეეძლოს სხვისი პატივისცემა, მასზე ზრუნვა, სინაზის გამოვლენა, მხარდაჭერა და მოსმენა.

ნუ მოახდენთ ბრაზით ან წყენით რეაგირებას, თუ საუბრისას ბავშვი იცინის და ხუმრობს. ის თქვენს მცდელობებს კი არა აუფასურებს, არამედ ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარ უხერხულობას. ასე ხდება განმუხტვა.

მოზარდების სქესობრივი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი ძალიან რთული ასპექტია იმ მშობლებისთვის, რომლებიც გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ეს გარყვნის მათ შვილებს ან მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ამასთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია სექსუალური ურთი­ერთობების მიჩუმათება, რადგან ძალიან დიდ, ზოგჯერ აუტანელ შეცბუნებასა და სირცხვილს იწვევს. ამ უხერხულობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა თანაბრად იყოს განაწილებული როგორც მშობლებზე, ისე სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულების პერსო­ნალზე, სკოლის მედიკოსებზე და ა. შ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკის მიხედვით ბავშვებში, რომლებსაც მშობლები სექსზე ელაპარაკებოდნენ, ნაკლებია ვენერიული დაავადებები და არასასურველი ორსულობა. თუ საუბარი გამოგივიდათ, დროთა განმავლობაში მას ისევ მიუბრუნდებით ხოლმე, რადგან თქვენი შვილი იგრძნობს მხარდაჭერას და გამოცდილებისთვის ახალ-ახალი კითხვებით მოგმართავთ.

დასკვნა:

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კიდევ არსებობს ზოგიერთი პედაგოგისა და მშობლის მოსაზრებები, რომელთა აზრით მოზარდის სქესობრივ აღზრდას სპეციალური საგანი და სახელმძღვანელო არ სჭირდება, რადგან ამ თემებს სკოლის საგნები, კერძოდ კი ანატომია და ფიზიოლოგია ისედაც მოიცავს. ჩვენ ვემხრობით, იმ აზრს, რომ ასეთი მოსაზრება საკითხისადმი ძალზე ზერელე დამოკიდებულებაა, რადგანაც ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდა გულისხმობს ურთულეს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ მიდგომებს და მეთო­დოლოგიას, რომელშიც ანატომიას და ფიზიოლოგიას, სულ რაღაც 20-25% უკავია.

ამის პარალელურად, თანამედროვე კვლევებით დასტურდება, რომ მოზრ­დილ ასაკში გამოვლენილი ყველა ფიზიკური ნაკლი, სექსუალური გადახრები და სხვა პათოლოგიური პროცესები ყალიბდება ბავშვობის ასაკში. ამის მთავარი მიზეზი კი მშობლების, ბაღის და სკოლის აღმზრდელების და ზოგჯერ თვით მედიცინის მუშაკების გაუთვითცნობიერებაა. მართალია, ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებაში არასასურველი მოვლენების წარმოქმნის ძირითადი ობიექტი ბავშვი და მოზარდია, მაგრამ ხარვეზების მიზეზი ხშირ შემთხვევასი არასწორი ასაკობრივი აღზრდის, პირველ რიგში მშობლების, შემდეგ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობის შედეგია.

მართალია, ბავშვებისა და მოზარდების სქესობრივი აღზრდა ზოგჯერ კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ეს ძალისხმევა გამართლებულია იმით, რომ დროულად მიღებული ინფორმაციის წყალობით, თქვენი ბავშვი ისწავლის საპირისპირო სქესთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას.

სტატიის ავტორი: ექიმი ვენეროლოგი, ანდროლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსექსოლოგი იოსებ შურღაია

კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 593 32 35 55, 574 32 35 55, 595 69 55 29


ასევე იხილეთ: