Doctor's Search

„დენტალურ იმპლანტატებს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუძლიათ იმუშავონ“-კახა გურგენიძე

March 19, 2018 Posted By Vipmed.ge

დღევანდელ რაეალობაში სტომატოლოგთან ვიზიტი ტკივილს აღარ უკავშირდება და აღარც კბილის უსაშველო პრობლემები არსებობს. უახლესი აპარატურის საშუალებით პაციენტი პირის ღრუს მკურნალობას უმოკლეს დროში ახერხებს.

კბილის დენტალურმა იმპლანტაციამ გამოცდილი ტექნოლოგიების საშუალებით რევოლუცია მოახდინა თანამედროვე სტომატოლოგიაში.

რას ნიშნავს დენტალური იმპლანტაცია, რომელი დაავადებების დროს იმპლანტაცია არ არის მიზანშეწონილი და რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?-ამ და სხვა საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი-სტომატოლოგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი და ქირურგი-პაროდონტოლოგი -კახა გურგენიძე ესაუბრა.

-ბატონო კახა, რას ნიშნავს დენტალური იმპლანტაცია?

-დენტალური იმპლანტაცია სტომატოლოგიური მკურნალობის ფორმაა, რომლის დროსაც ხელოვნური ფესვების ანუ ფესვის იმიტატორის (იმპლანტატის) ინსტალაცია ანუ ჩანერგვა ხდება ზედა ან ქვედა ყბის ალვეოლურ მორჩში, რათა მოხდეს ნაკლული კბილის ან კბილების აღდგენა ორთოპედიული სტომატოლოგიის გზით ანუ გაკეთდეს ხელოვნური გვირგვინები ხელოვნურადვე შექმნილ საყრდენებზე.

-რამდენად აქტუალურია დღევანდელ რეალობაში დენტალური იმპლანტაცია?

-დაახლოებით 10-12 წელია, რაც საქართველოში ამ მეთოდის პოპულარიზაცია მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე სტომატოლოგებიც საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობლი ამ მეთოდის მიმართ. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დენტალურ იმპლანტაციას როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია.

-რა უპირატესობები გააჩნია დენტალურ იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?

-დენტალური იმპლანტაციის დროს თუ საქმე ერთეულ დეფექტებს ანუ ერთი ან რამდენიმე კბილის ნაკლოვანებას ეხება, მეზობელი კბილების დამუშავება არ ხდება ნაკლოვანი კბილების აღდგენის მიზნით. ასეთ კონსტრუქციებს დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ. სრული ადენტიის დროს (ანუ სრული უკბილობა) შესაძლებელია პაციენტს ჩაუტარდეს პროთეზირება დენტალური იმპლანტატების გამოყენებით, როგორც მოუხსნელი, ასევე პირობით მოსახსნელი კონსტრუქციების დამზადებით. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსახსნელი კონსტრუქციები იმპლანტატებზე სხვა ტიპის მოსახსნელი კონსტრუქციებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ მეტი სტაბილურობა ახასიათებთ და პაციენტი როგორც საკვების მიღებისას, ასევე საუბრის დროს უფრო თავდაჯერებულია, მას აღარ ეშინია იმის, რომ მოსახსნელი კონსტრუქცია იმოძრავებს და პრობლემებს შეუქმნის ან ჩააგდებს.

-მკურნალობის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს თანამედროვე მედიცინა დენტალური იმპლანტაციის თვალსაზრისით?

-როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ მეთოდიკის გამოყენებით შესაძლებელია პაციენტს როგორც მოუხსნელი (მუდმივი ფიქსაცია), ასევე პირობით მოსახსნელი კონსტრუქცია დაუმზადდეს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაზიანების გარეშე მოხსნის და სრულად მოსახსნელი კონსტრუქცია (ანუ კონსტრუქცია რომელიც პაციენტს შეუძლია თვითონ მოიხსნას, სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში).

-რომელი ჩვენებების საფუძველზე კეთდება დენტალური იმპლანტაცია?

-დენტალური იმპლანტაციის ჩვენებები რამდენიმე პუნქტისგან შედგება:

  • კბილთა მწკრივის ნაწილობრივი დეფექტები;
  • კბილთა მწკრივის სრული დეფექტი (სრული უკბილობა) ალვეოლური მორჩის არტროფიით ან ატროფიის გარეშე;
  • მოსახსნელი პროტეზების ხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები (ღებინების მომატებული რეფლექსი, პლასტმასზე ალერგიული რეაქციები, ყბების შეძენილი ან თანდაყოლილი დეფექტები);

-როგორ ხდება მომზადება იმპლანტაციისთვის? რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა იმპლანტაციის წინ?

-პირველ რიგში, აუცილებელია ობიექტური მონაცემების შეგროვება ანუ ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი კონსულტაციის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც გარეგნული ნიშანთვისებები მოწმდება, მაგალითად: ღრძლის ბიოტიპი, ღიმილის ხაზი, დეფექტის ლოკალიზაცია, თანკბილვა, სახის სიმეტრია და ა.შ.

ასევე რენტგენოდიაგნოსტიკური კვლევები: დენტალური რენტგენოგრაფია, რადიოვიზიოგრაფია, ორტოპანტომოგრაფია და ყველაზე მნიშვნელოვანი კონუსური კომპიუტერული ტომოგრაფია ანუ 3D გამოკვლევა.

ამის შემდეგ კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონების ანალიზი, ანალიზები გლუკოზაზე და ა. შ. რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

-რა ფაქტორებზეა დამოკიდებული იმპლანტის სწორად ჩასმა?

-იმპლანტატის მართებულ პოზიციაში ჩასმა დამოკიდებულია დაგეგმარებაზე, ამიტომ დაგეგმარება სწორედ ორთოპედიული ნაწილიდან უნდა დაიწყოს. სად რა მიდამოშია საჭირო ხელოვნური გვირგვინის განლაგება სწორედ იქ უნდა დაიგეგმოს იმპლანტატის ინსტალაცია და სწორედ იმ კუთხით უნდა დავგეგმოთ, რომელიც მოცემული კლინიკური სიტუაციისთვისა და არსებული თანკბილვისთვისაა საჭირო.

-რა პერიოდს მოიცავს იმპლანტაციის პროცესი?

არსებობს 3 ძირითადი მიდგომა:

კლასიკური სამეტაპიანი: როდესაც იმპლანტატის ინსტალაცია ხდება, შემდგომ ლოდინის რეჟიმი ინტეგრაციისთვის ( ოსეოინტეგრაცია – ძვლის შემოზრდის პროცესი არაბიოლოგიური მასალის ირგვლივ) ზედა ყბისთვის 6 თვე, ხოლო, ქვედა ყბისთვის 4 თვე. ამის შემდეგ მეორე ეტაპი ღრძილის მანჟეტის მაფორმირებლის დაყენებაა. კბილის ირგვლივ სრული ანატომიურ- ბიოლოგიური სამყაროა, ხოლო იმპლანტატის ირგვლივ კი მხოლოდ ექიმის მიერ შექმნილი ღრძილოვანი მანჟეტი. საშუალოდ 14 დღიდან 45 დღის შემდეგ ( დამოკიდებილია კლინიკურ სიტუაციაზე და ღრძლისი ბიოტიპზე) ორთოპედიული კონსტრუქციის დამაგრება ანუ ხელოვნური გვირგვინების მოთავსება ხდება იმპლანტატებზე.

მეორე მეთოდია დაუყოვნებელი იმპლანტაცია ანუ იმპლანტატის ინსტალაცია კბილის ექსტრაქციისთანავე ანუ ამოღებისთანავე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეთოდის გამოყენება ყოველთვის შეუძლებელია, რადგან არსებობს კლინიკური სიტუაციები, რომლის დროსაც ამ მეთოდის გამოყენება არ ღირს. ეს მეთოდი დაახლოებით იმ 6-8 კვირის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს, რომელსაც ჩვენ კლასიკური მეთოდის გამოყენებისას ვკარგავთ ამოღებული კბილის ადგილზე რეპარაციული რეგენერაციის საფუძველზე ჩასმოყალიბებული ახალგაზრდა ძვლის ლოდინში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს მეთოდი მოქმედია და მისი გამოყენება გარკვეული დამაკმაყოფილებელი კლინიკური სურათის დროს შესაძლებელია.

მესამე მეთოდია დაუყოვნებელი დატვირთვა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ახალინსტალირებულ იმპლანტატეზე ხელოვნური დროებითი გვირგვინების დაყენება ხდება. ეს მეთოდიკა გარკვეულ კომფორტს უქმნის პაციენტს, რადგან მას არ უწევს უკბილოდ სიარული. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეთოდის გამოყენებასაც თავისი მოთხოვნები გააჩნია, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არა მგონია მკითხველისთვის ესეთი ნიუანსების მოყოლა საინტერესო იყოს. ამიტომ, უბრალოდ ავღნიშნოთ, რომ მეთოდიკა არსებობს და მისი გამოყენება გარკვეული დამაკმაყოფილებელი კლინიკური მოთხოვნებისა და სასურველი ბიოლოგიური რესურსის საფიძველზე შესაძლებელია.

-სად მზადდება კბილის იმპლანტისათვის საჭირო მასალა?

-კბილის იმპლანტატებისთვის საჭირო მასალა ძირითადად ტიტანია, თუმცა არსებობს სხვა მასალებისგან დამზადებული იმპლანტატებიც, მაგრამ ტიტანი ყველაზე პოპულარული და გამართლებულია.

-რომელი დაავადებების დროს არ არის იმპლანტაცია მიზანშეწონილი?

-ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებები ანუ შემთხვევები, რომლის დროსაც ამ მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის, სწორედ ის წყალქვეშა მეჩეჩებია, რომლებმაც შესაძლებელია წარუმატებლობასთან მიგვიყვანოს. ცნობილია, რომ დენტალური იმპლანტაციის წარმატებული შემთხვევები შესრულებული სამუშაოების 97%-ს წარმოადგენს. ეს წარმატება იმითაა განპირობებული, რომ ამ დარგში მუშაობა წინასწარ შედგენილი ზუსტი გეგმისა და ამ გეგმაზე შექმნილი პროგნოზების მიხედვით მიმდინარეობს. ამიტომაც არის საჭირო ისეთი უკუჩვენებების გათვალისწინება როგორებიცაა:

  • ოსტეოპათიები;
  • ოსტეოგენეზის ხელისშემშლელი დაავადებები;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
  • დაავადებები რომელთა მკურნალობის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზიმის დარღვევა;
  • დაავადებები რომლებიც იწვევენ იმუნიტეტის დაქვეითებას;
  • პირის ღრუსა და ყბა კბილთა სისტემის დენტალური იმპლანტაციისთვის ხელისშემშლელი პათოლოგიები და პათოლოგიური მდგომარეობები
  • რისკ-ფაქტორები, აბსოლუტური და ფარდობითი უკუჩვენებები.

უკუჩვენებები და ხელისშემშლელი ფაქტორებია:

სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სისხლის და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები. (მიელომური დაავადება, ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, კოაგულოპათია, ჰემოლიტიური ანემია, თალასემია, ლიმფომა და ა.შ.). ენდოკრინული დაავადებები ( შაქრიანი დიაბეტი, ტოქსიური ჩიყვი, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა.). თირკმელების დაავადებები: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, აციდოზი, ფანკონის სინდრომი და ა.შ. სასქესო ჰორმონების გამომუშავების დისბალანსი. ჰიპოფიზის დაავადებები. გენეტიკური დარღვევები: არასრული ოსტეოგენეზი, ქონდროდისპლაზია, დიზოსტოზები და ა.შ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: მალაბსორბციის სინდრომი, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ფუნქციის დაქვეითება, წვრილი ნაწლავისა და კუჭის რეზექციის შემდგომი პერიოდი და ა.შ. ოსტეოპათიები, ძვალ-ხრტილოვანი სისტემის დაავადებები: დისპლაზია, ოსტეოდისტროფია, ოსტეოპოროზი: პირველადი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასაკობრივ ფაქტორებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოსტმენოპაუზური დარღვევები. მეორადი, რომელიც ძირითადი დაავადებების შედეგს წარმოადგენს. ოსტეომალაცია -ეს არის ჩონჩხის პათოლოგია, რომელიც გამოიხატება ძვლოვანი მატრიქსის არაადეკვატურ მინერალიზაციაში, თუმცა ქსოვილოვანი მასა და მოცულობა შენარჩუნებულია. მიზეზები შეიძლება იყოს: ჰიპოვიტამინოზი, ციროზი, ჰეპატიტი, ჰიპოპარატირეოზი, ბარბიტურატებით ხანგრძლივი მკურნალობა, ტეტრაციკლინით ხანგრძლივი მკურნალობა, მალაბსორბცია, ჰიპერპარათირეოზი, ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება და ა.შ.

  • ავიტამინოზი;
  • A ვიტამინი: მისი დეფიციტი მინერალიზაციის დამუხრუჭებასა და სასქესო ჰორმონების დეფიციტს იწვევს. შესაბამისად, ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია.
  • C ვიტამინი: მისი დეფიციტი ოსტეობლასტების მიერ კოლაგენის სინთეზს ამუხრუჭებს. მცირდება ოსტეოგენეზი და იზრდება რეზორბციის პროცესები.
  • D ვიტამინი: მისი დეფიციტი იწვევს მინერალიზაციის დარღვევას, ხოლო ჭარბი რაოდენობა რეზორბციას.
  • რევმატიული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სპონდილოართრიტი და ა.შ. ქრონიკული სომატური დაავადებები (ტუბერკულოზი, კოლაგენური აუტოიმუნური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შეგრენის სინდრომი და სხვ. შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებები: სკლეროდერმია.
  • ფსიქიატრიული სტატუსის მქონე პაციენტები, ასევე ალკოჰოლიკები, ნარკომანები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ აკონტროლებენ პირის ღრუს ჰიგიენას. პაციენტის დაბალი ჰიგიენური კულტურა;
  • პაციენტები, რომლებიც სხივურ თერაპიას იტარებენ. (ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა, რომლის დროსაც საჭიროა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;)
  • სისტემური დაავადებები;
  • პაპიონ-ლეფევრის სინდრომი: ეს არის ექტოდერამლური დისპლაზიის იშვიათი ფორმა, რომელსაც ახასიათებს ხელისა და ფეხისგულების კანის კერატოდერმია და პაროდონტიტის ადრეულ ასაკში გამოვლენა. გვხვდება 1/250 000 და 1/1 000 000 სიხშირით.
  • იატროგენული დაავადებები – კერძოდ, მეორადი ოსტეოპოროზი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, კერძოდ, კორტიკოსტეროიდები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ა.შ.

გასათვალისწინებელია ბიფოსფონატებით მკურნალობაც, რომელიც მენოპაუზის დადგომის შემდეგ მანდილოსნებში ხშირად გვხვდება.

-ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა იმპლანტაციისთვის?

-დიახ, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. დენტალური იმპლანტაცია ბავშევებსა და მოზარდებს არ უკეთდებათ, რადგან მათი სახის ჩონჩხი ჯერ კიდე იზრდება.

-რა გართულებები ახლავს თან დენტალურ იმპლანტაციას?

-ყველაზე მთავარი გართულება ეს დეზინტეგრაციაა, რომლის დროსაც იმპლანტატის ირგვლივ ძვლოვანი ქსოვილის შეხორცება არ ხდება. შემდგომში კი ფუნქციონირებისას იმპალნტებს ზუსტად ისეთივე დაავადებები აქვთ ჩასაფრებული, როგორიც კბილებს, თუ კბილთან გინგივიტის გავითარება შეიძლება მოხდეს, იმპლანტატთან მუკოზიტი, პაროდონტიტის ანალოგიური დაავადება პერიიმპლანტიტი შეიძლება იყოს. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ მაინც ყველა იმპლანტირებული პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან დისპანსერულ დათვალიერებაზე.

-როგორ ხდება იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი და როგორ ფასდება მკურნალობის შედეგები?

-რეაბილიტაციის პროცესი როგორც წესი საკმაოდ ნაზად მიმდინარეობს, რადგან თვითონ ოპერაციაც დელიკატური და ნაზი ჩარევაა. ხშირად ისმის ტექსტი იმის შესახებ, რომ იმპლანტაციის შემდეგ პაციენტი ტკივილებით იტანჯება, პოსტოპერაციული მცირე ტკივილი შესაძლებელია, რომელსაც ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გაუყუჩებს, ასევე დასაშვებია მცირე შეშუპება და სისხლნაჟღენთები სახის კანის ზედაპირზე, მაგრამ თუ იმპლანტატები პაციენტს ძალიან სტკივა, ასეთი იმპლანტატი თავის დროზე უნდა ამოვიღოთ და დაახლოებით 6 კვირააში ისევ გავიმეოროთ დენტალური იმპლანტაცია.

-როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა კბილებს იმპლანტაციის შემდგომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებული იყოს? რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

-პირველ რიგში, პაციენტებმა ექიმის რჩევა-დარიგებები უნდა შეასრულონ. სასურველია ცივი საფენების მოთავსება კანის ზედაპირზე იმპლანტების საპროექციო არეში ჰემოსტაზის მიზნით, რათა ძლიერი შეშუპება არ განვითარდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ოპერაციის დღეს, მეორე დღიდან აუცილებელია ჰიგიენური სავლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმის დანიშნულების შესრულებაში ცვლილებების შეტანა თვითშემოქმედება დაუშვებელია.

-რამდენ ხანს ძლებს იმპლანტი?

-იმპლანტატი ტიტანისგანაა დამზადებული და ის დიდხანს ძლებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს ძვალი იმპლანტატის ირგვლივ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებულია.

შესაბამისი ჯანმრთელბის მდგომარეობის, სწორი ჰიგიენისა და დისპანსერული დაკვირვების უწყვეტობის შემთხვევაში, დენტალურ იმპლანტატებს მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუძლიათ იმუშავონ.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
პირადი მობ.: +995 577 45 65 87; რესეფშენი: +995 322 14 18 14,
დენტორიუმი: +995 322 38 60 81

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები