Doctor's Search

“კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა ყოველთვის არის დროებითი!”

April 23, 2018 Posted By Vipmed.ge

არსებობს დაავადებები, რომელთაც შესაძლოა ადრეულ ინვალიდობამდეც მიგვიყვანოს. სწორედ ასეთი დაავადება გახლავთ კოქსართროზი.

იცოდით, თუ არა რომ: კოქსართროზი- მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის წამყვანი ადგილი უკავია. ზოგჯერ მას „მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოპოროზსაც“ უწოდებენ და რომ საქართველოში ყველაზე ხშირად სწორად ეს დაავადება გვხვდება. ამ დაავადების გავრცელება ჩვენში 15%-ს აღწევს, გამოვლენილი შემთხვევების 94% კი დისპლაზიური კოქსართროზის წილად მოდის, რაც გამოწვეულია ქართულ პოპულაციაში მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მაღალი სიხშირით (3,4%). უმეტესად ვითარდება ნამშობიარებ ქალბატონებში და გვიანი დიაგნოზი ქირურგიული ჩარევის გარეშე არაეფექტურია!

როგორც უკვე ვახსენეთ დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში- „ინტერვიუ ექიმებთან“ ვისაუბრებთ მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზზე. ჩვენი რუბრიკის სტუმარი კი გახლავთ- კლინიკა ავერსის ექიმი-ტრავმატოლოგ-ორთოპედი კახაბერ არონია.

-მოგესალმებით, ბ.ნ კახა მოკლედ, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს კოქსართროზი და რა სიმპტომები ახასიათებს?

- კოქსართროზი ნიშნავს მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს, რომელსაც ახასიათებს სახსართა ზედაპირების დეგენერაციული ცვლილება, ჭარბი ოსტეოფიტოზი ანუ ე.წ „მარილები“ და ძლიერი ტკივილი მოძრაობის დროს.

- რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?

- მოგახსენებთ, ამ დაავადების რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს, არსებობს დისპლაზიური კოქსართროზი, როდესაც სახსრის  დისპლაზიური არაგანვითარებლობის გამო ხდება ტაბუხის ფოსოს დეგენერაცია ანუ  ამ შემთხვევაში დატვირთვა მიდის არასწორად და ყალიბდება დისპლაზიური კოქსართროზი. არსებობს პოსტ ტრავმული კოქსართროზი, როდესაც არის რაიმე ტრავმა მიღებული სახსარში და ამის შემდეგ ყალიბდება და არსებობს იდეოპათიური როცა თავისით ყალიბდება.

- ახასიათებს თუ არა კოქსართროზს სტადიები და რომელ სტადიაში მკურნალობის, რომელი მეთოდი გამოიყენება?

- რა თქმა უნდა ახასიათებს. არსებობს 3 ან 4 სტადია, გააჩნია, რომელ ქვეყანაში. საქართველოში არის მიღებული პირველიდან ოთხამდე. მესამე და მეოთხე სტადია არის ყოველთვის საოპერაციო, ხოლო პირველი და მეორე სტადიის შემთხვევაში თუ გვაძლევს ორგანიზმი საშუალებას შეიძლება კონსერვატიული მკურნალობა.

- რა ასაკიდან არის შესაძლებელი, რომ განვითარდეს კოქსართროზი?

- ყველაზე ადრინდელი ეს არის დისპლაზიური კოქსართროზი, რომელიც უმეტესად ვითარდება დაახლოებით 40 წლიდან, თუმცა მე მყავდა პაციენტი 38 წლის. როგორც წესი ვითარდება მშობიარობის შემდეგ.

- რა სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ტრავმატოლოგ-ორთოპედს?

- პირველი სიმპტომები არის: ყრუ ტკივილი საზარდულის მიდამოში, ტკივილი როდესაც ქალბატონი იცვამს ჩექმას ან წინდას, ასევე დილაობით სახსრის ჩაკეტვის შეგრძნება, როდესაც დილით რამდენიმე ნაბიჯია საჭირო გასავლელი იმისთვის, რომ თავისუფლად ამუშავდეს სახსარი. უმეტესად აი ამ სიმპტომებით არის გამოხატული.

- რა შემთხვევაში არის კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა უშედეგო?

- როგორც წესი, კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა არის დროებითი ყოველთვის, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც გახდება ოპერაცია საჭირო 90%-ში, მაგრამ როდესაც არის მესამე-მეოთხე სტადია კონსერვატიულ მკურნალობას არანაირი აზრი არა აქვს.

- შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში იცვლება თუ არა ქირურგიული ჩარევის მეთოდი?

- არანაირად არ იცვლება, შაქრიანი დიაბეტი არ არის პირდაპირი უკუჩვენება ამ ოპერაციის. ზოგადად ოპერაციის ტაქტიკა არ იცვლება, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ამ დაავადებას ქირურგიული ჩარევის დროს და პოსტ ოპერაციულ პერიოდში.

- დაახლოებით რა დრო სჭირდება პაციენტს რეაბილიტაციისთვის?

- რეაბილიტაცია იწყება მესამე დღიდან, ოპერაციის მერე პაციენტი დგება ფეხზე, დადის. სრულ რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, პირველი თვე ნახევარი დადის ორი ყავარჯნით ან ჭოჭინით, შემდეგ გადადის ერთ ყავარჯენზე და საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაადგილდება.

- რა გართულებებს უნდა ელოდოს პაციენტი პრე ოპერაციის შემდეგ?

- ყველაზე რთული და ყველაზე ცუდი გართულება რაც შეიძლება მოხდეს პირველი, ეს არის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რის პრევენციასაც ვაკეთებთ ჩვენ. შედის სპეციალური გამათხელებელი პრეპარატები, ელასტიური ჩულქები და ა.შ. მეორე, არის პროთეზის ჩირქოვანი პროცესი პროთეზში, რომელიც პრაქტიკაში ჩვენ არ გვქონია და მესამე, პროთეზის ინდივიდუალური შეუთავსებლობა, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს პროთეზს, მაგრამ ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში მხოლოდ გამიგია და პირადად არ მინახავს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა.

- რა შედეგებს გვაძლევს ქირურგიული ჩარევა კოქსართროზის დროს?

- კარგად გაკეთებული ოპერაციის დროს და როდესაც პაციენტს ნამდვილად სჭირდება ეს ოპერაცია და სხვა გამოსავალი არ არის, ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ. ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელდება ადამიანი. რაღაც შეზღუდვები არის, მაგრამ თითქმის სრულყოფილ ცხოვრებას უბრუნდება პაციენტი.

- კლინიკა ავერსში (სადაც ამჟამად მოღვაწეობთ) რა სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისებს სთავაზობთ იმ პაციენტებს ვისაც ესაჭიროება კოქსართროზის ქირურგიული ჩარევა?

- სრულ სერვისებს, ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში რაც შეიძლება შესთავაზო კოქსართროზის დროს ყველაფერ ამას ვთავაზობთ ჩვენ უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ოპერაციებს. ამასთან, ძალიან კომფორტულ პოსტ ოპერაციულ პერიოდს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მომწოდებელ კომპანიასთან ვისაც შემოაქვს პროთეზები და პაციენტს შეუძლია გაიგოს ოპერაციის ფასი (3500 ლარია ჩვენთან) და პროთეზის ფასი, რომელიც იწყება 1800 ლარიდან და მთავრდება 5000 ლარით ანუ პაციენტს შეუძლია აარჩიოს ნებისმიერი მოდელი პროთეზის და ა.შ

- მოქმედებს თუ არა დაზღვევა ან ფასდაკლება კლინიკაში მოსული პაციენტებისთვის?

- კოქსართროზის დროს სტანდარტულად მოქმედებს დაზღვევა. ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევასთან ისე კერძო სადაზღვეო კომპანიებთან.  საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში ეს არის პენსიონერი, სოც. დაუცველი ან პედაგოგი. ხოლო, როდესაც კერძო დაზღვევა აქვს პაციენტს პაკეტიდან გამომდინარე ჩვეულებრივ იღებს მომსახურეობას.

- იმატა თუ არა მომართვიანობამ ბოლო წლებთან შედარებით და თქვენი აზრით რით არის განპირობებული?

- ძალიან იმატა! ოპერაციული აქტიურობა გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის საშუალებით. ჩვენს კლინიკაში რაც კეთდება 70%-75 % ეს არის საყოველთაო დაზღვევის საშუალებით გაკეთებული ენდოპროთეზირება.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე
მობ.: +995 597 027 373

მასალა მოამზადაგვანცა ჯვარიძემ

მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები