Doctor's Search

„ქალი უნდა გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას“

November 8, 2017 Posted By Vipmed.ge

დედობა თითქმის ყველა ქალისთვის ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება ფსიქოლოგიური მზაობა დედობისთვის, სწორედ მაშინ როცა ბავშვი თოჯინებით იწყებს თამაშს და დედობრივ მზრუნველობას იჩენს საყვარელი სათამაშოს მიმართ. შვილის ყოლის სურვილი სამწუხაროდ ზოგჯერ სურვილად რჩება. რაც საკმაოდ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის სხვადასხვა გზით მოგვარება უკვე შესაძლებელია, მედიცინის ეს დარგი ხომ ყოველდღიურად ვითარდება. თავის მხრივ კი უშვილობასთან საბრძოლველად გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგები გვთავაზობენ მკურნალობის უნიკალურ მეთოდებს.

მკურნალობის პროცესის წარმართვა სწორი მიდგომით, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით და მაღალკვალიფიციური გინეკოლოგ- რეპქოდუქტოლოგის მეშვეობით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტის სურვილი დაკმაყოფილებულ იქნეს.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ნებისმიერ გინეკოლოგიურ პრობლემას აქვს სათავე. ეს პრობლემები კი ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. აუცილებელია ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ ასაკში ვაცნობოთ გინეკოლოგს. წინააღმდეგ შემთვხვევაში შესაძლოა სამომავლოდ ისეთი მწვავე პრობელემების წინაშე დავდგეთ, რომელთა მკურნალობა გრძელვადიან პროცესად გადაიქცეს ან უარეს შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდეს.

ამ მნიშვნელოვან გინეკოლოგიურ საკითხებზე ვისაუბრებთ VIPMED.GE-ს საავტორო რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმთან“ ჟორდანიას კლინიკის ექიმ მეან-გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგ, მედიცინის დოქტორ ქეთი კოტრიკაძესთან, რომელიც გახლავთ თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მისი დახმარებით ჩაისახა ბევრი ახალი სიცოცხლე და არაერთ მშობელს დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი!

- ყველაზე მცირე რა ასაკში შეიძლება ველოდოთ გინეკოლოგიურ პრობლემებს და რა სიმპტომებით?

გინეკოლოგიური პრობლემები მოსალოდნელია გოგონას დაბადებისთანავე, რადგან მას ასაკისგან დამოუკიდებლად აქვს იგივე სასქესო ორგანოები, რაც ზრდასრულ ქალბატონს და რადგან არსებობს ორგანო ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია მასში არასასურველი პროცესის განვითარება, რომელიც მომავალში რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის მიზეზი ხდება. მაგალითად ახალშობილობის და ადრეული ბავშობის პერიოდში საყურადღებოა გარეთა სასქესო ორგანოების კანისა და ლორწოვანის სიწითლე, ქავილი, გამონადენი საშოდან, სასირცხო ბაგეების ნაწილობრივი ან სრული შეხორცება, გარეთა სასქესო ორგანოების არასწორი განვითარება და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია ვიზიტი ბავშვთა გინეკოლოგთან.

მეტად საყურადღებოა სქესობრივი მომწიფების დასაწყისი ანუ პრეპუბერტატული (7-9 წ.) და მენსტრუაციული ფუნქციის ჩამოყალიბების (10- 13 წ.) პერიოდები, რადგან ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ჰორმონული ძვრები და თუ ეს ძვრები არასწორად წარიმართა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, (8 წლის ასაკამდე გოგონას შეიძლება დაეწყოს სასქესო გათმიანება ბოქვენზე, სარძევე ჯირკვლების ზრდა, მენსტრუაცია) ან სქესობრივი მომწიფების შეფერხებას (მაგ. მეორადი სასქესო ნიშნების და მენსტრუაციის არ არსებობა ან იშვიათი მენსტრუაციები 15 წ-ზე უფროს ასაკში), რაც შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის, საკვერცხეების ან სხვა ენდოკრინული ორგანოს დაავადების მიზეზი იყოს. მენსტრუაციის არ არსებობა ზოგჯერ სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებს უკავშირდება.

- გარდატეხის ასაკში ციკლის დარღვევა არის თუ არა საგანგაშო და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

- პირველი მენსტრუაცია, რომელსაც მენარხე ეწოდება დგება 12-13 წლის ასაკში. პირველი 2 წლის განმავლობაში მენსტრუაციული ციკლები ხასიათდება ყვითელი სხეულის უკმარისობით, ხოლო უმეტეს წილად ანოვულაციურია და ამით აიხსნება პუბერტატული პერიოდის დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან, რაც მომართვიანობის ხშირი მიზეზია. ზოგ შემთხვევაში მენარხეს შემდგომ მენსტრუაციები არ იღებს რეგულარულ ხასიათს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაშიც, საკმაოდ საყურადღებოა მოზარდის წონაში მატება, თეძოებზე და მუცელზე ვარდისფერი სტრიების გაჩენა, პათოლოგიური გათმიანება. აღნიშნული მდგომარეობა დაუყოვნებლივ საჭიროებს მოზარდის ჰორმონული სტატუსის შესწავლას და მართვას.

- გამონაყართან, სიმსუქნესთან, ჭარბთმიანობასთან საბრძოლველად დღესდღეობით ქალბატონები სხვადასხვა გზებს მიმართავენ, ვის უნდა მიმართონ ქალბატონებმა პირველ რიგში?

- ჭარბთმიანობა ქალისთვის კოსმეტიკური თვალსაზრისით დიდ ნაკლად ითვლება. ამ პრობლემით შეწუხებული ქალები ხშირად, პირველ რიგში კოსმეტოლოგს მიმართავენ, მაგრამ მრავალგზის ჩატარებული ეპილაციის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩება. ეს უარყოფითად მოქმედებს ქალის ფსიქიკაზე და მას სერიოზულ სულიერ ტრავმას აყენებს. ჭარბთმიანობა ქალის სახეზე, გულმკერდზე, მუცელსა და ბარძაყებზე ჰირსუტიზმის სახელითაა ცნობილი და უმეტესწილად ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების გამოვლინებაა და ხშირად ახლავს მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა სახის მოშლილობა, სხეულის ჭარბი წონა და უშვილობა. ზოგჯერ თმიანობა, მით უმეტეს თუ სწრაფად პროგრესირებს, ისეთი მძიმე დაავადების მაუწყებლად გვევლინება, როგორიცაა ანდროგენების ანუ მამაკაცის სასაქესო ჰორმონების მაპროდუცირებელი სიმსივნე, რომელიც ხშირად 45-დან-55 წლამდე ასაკის ქალებს უვითარდებათ. ქალის ორგანიზმი ანდროგენებს გამოიმუშავებს საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. ამ ორგანოებში ჰორმონების წარმოქმნის პროცესს თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები აკონტროლებს. აქედან გამომდინარე ჰირსუტიზმი შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმოშობის: საკვერცხისმიერი, თირკმელზედა ჯირკვლისმიერი და ცენტრალური ნერვული სისტემისმიერი. თითოეულ შემთხვევაში მკურნალობა ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით ტარდება, სწორედ ამიტომ ჭარბთმიანობის მიზეზების დასადგენად აუცილებელია სრულყოფილი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა და მაღალკვალიფიციური კლინიცისტის მიერ გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტაცია. პარალელურად შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს დერმატო-კოსმეტოლოგი.

- არაჯანსაღი ცხოვრების წესი ახდენს თუ არა უარყოფით გავლენას ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე?

პროცესები, რომლებიც ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში წააგავს ჩვეულებრივ მშენებლობას. მყარი ნაგებობა ვერ აშენდება უხარისხო სამშენებლო მასალით. ასევეა ჩვენი ორგანიზმიც თუ თითოეულ უჯრედს, თუნდაც არაჯანსაღს უზრუნველვყოფთ ყველა აუცილებელი სამშენებლო მასალით, შევუქმნით ხელსაყრელ გარემოს, მივიღებთ უჯრედთა ჯანმრთელ თაობას, რომელიც შეასრულებს თავის ფუნქციებს. ხოლო ჯანმრთელი უჯრედების შესანარჩუნებლად საჭიროა ჰაერი, წყალი, სწორი კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და მოძრაობა. ჯანმრთელობა-საკუთარი თავისადმი პატივისცემის მაჩვენებელია. „ჯანმო“-ს კლასიფიკაციის მიხედვით ჯანმრთელობა ეს არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, ხოლო რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ჩასახვის, ორსულობის ბოლომდე მიტანის და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის უნარს გულისხმობს. ქალი უნდა გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას.

- ვისაუბროთ სიმსივნურ წარმონაქმნებზე საჭიროების შემთხვევაში რა ჩარევებს მიმართავთ?

სიმსივნეები და სისმსივნისმაგვარი წარმონაქმნები მეტად აქტუალური თემაა. პაციენტთა მომართვიანობისას, ამ პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება საშვილოსნოს მიომა და თუ ადრე ამ პათოლოგიას ვხვდებოდით ძირითადად პრემენოპაუზურ პერიოდში, ბოლო დროს იმატა მიომატოზის შემთხვევებმა 30 წლამდე ასაკის ქალებშიც. შესაბამისად მატულობს მისი წილიც უშვილობის გამომწვევ მიზეზთა შორის. ლოკალიზაციიდან გამომდინარე მან შეიძლება ხელი შეუშალოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებას საშვილოსნოს კედელში, გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა ადრეულ ვადაზე ან ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობისშემდგომი სისხლდენები. ამიტომ ორსულობამდე ზოგჯერ საჭირო ხდება პაციენტის საშვილოსნოს მომზადება სპეციალური პრეპარატებით ან ქირურგიული (ლაპაროსკოპიული და ჰისტერორეზექტოსკოპიული) მეთოდებით.

საკვერცხის ცისტები-ეს სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნებია და გვხვდება პრაქტიკულად ყველა ასაკში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რეპროდუქციული სისტემის ძირითადი რგოლების ასაკობრივი ჰორმონული ძვრების პერიოდებში-სქესობრივი მომწიფების, რეპროდუქციულ და პრემენოპაუზურ ასაკში. უმეტესწილად ეს ფოლიკულური ცისტებია, ფუნქციურ ხასიათს ატარებს და ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

საკვერცხის კისტომა -კეთილთვისებიანი სიმსივნე. ის შეუმჩნევლად ვითარდება, მომართვისას პაციენტი აღნიშნავს ყრუ ხასიათის ტკივილს მუცლის ქვემო არეში, ზოგჯერ სიმძიმის შეგრძნებას. მკურნალობა-ქირურგიულია გადაუდებელი წესით, რადგან შესაძლებელია საკვერცხის კიბოს განვითარება.

საკვერცხის ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნე-ესტროგენ ან ანდროგენ მაპროდუცირებელი. ესტროგენმაპროდუცირებელი პატარა გოგონებში შეიძლება შეგვხვდეს. იგი იწვევს მენსტრუაციის მსგავს გამონადენს, სარძევე ჯირკვლების გაზრდას და გათმიანებას ბოქვენზე. ეს სიმსივნე ასაკოვან ქალებში იწვევს სისხლიან გამონადენს საშვილოსნოდან, თითქოსდა ქალის გაახალგაზრდავებას და ხშირად ავთვისებიან ხასიათს ატარებს.

ანდროგენ მაპროდუცირებელი სიმსივნისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციის შეწყვეტა, სარძევე ჯირკვლების ზომებში შემცირება, პათოლოგიური გათმინება, ხმის ტემბრის შეცვლა. მკურნალობა ქირურგიულია და თუ დროულად ჩატარდება, მთვრდება პაციენტის გამოჯანმრთელებით.

ტერატომები-დერმოიდული კისტა-საკმაოდ საინტერესო წარმონაქმნებია. მათი შიგთავსი წარმოდგენილია თმებით, ცხიმით, ძვლოვანი ქსოვილით გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ზრდასრულ ასაკში მკურნალობა ქირურგიულია.

ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ხშირია საშვილოსნოს ყელის და ტანის კიბო, შედარებით იშვიათია გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს კიბო.კლნიკურად დამახასიათებელია ჭარბი გამონადენი საშოდან, რომელიც თანდათან იღებს სისხლოვან ხასიათს, ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ქვემო და წელის არეში. ამიტომ არის აუცილებელი წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

- არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი ან კრიზისული პერიოდი, როდესა ქალბატონებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა მოგმართონ?

მე ვიტყოდი ასე, რომ სქესობრივად მომწიფებული ქალისთვის დაწყებული 18წ ასაკიდან, მით უმეტეს თუ ის სქესობრივ ცხოვრებას ეწევა ყოველწლიური პროფილაქტიკური გასინჯვა აუცილებელია, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სქესობრივად გადამდები ინფექციებით გამოწვეული ანთებითი დაავადებები, რომელთა გამოსავალი ხსირად უშვილობაა, ხოლო 35წ ასაკიდან სასურველია წელიწადში ორჯერაც, რადგან ამ პერიოდიდან მატულობს ონკოდაავადებების რისკი. ცალკე მინდა გამოვყო კლიმაქტერული პერიოდი, რომელიც მართლაც კრიზისული და რთული პერიოდია ქალის ცხოვრებაში, როგორც სოციალური, ასევე სამედიცინო ასპექტით. ჰორმონული ძვრების შედეგად ორგანიზმს ეწყება მოუსვენრობა, რაც გავლენას ახდენს ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე, გუნება-განწყობაზე, იწყება უსიამოვნო შეგრძნებები: უძილობა, გაღიზიანებადობა, ალები, კანისა და ლორწოვანის სიმშრალე, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რასაც მივყავართ ჭარბ წონამდე. ამასთან ცხიმის ჩალაგება მიმდინარეობს არა იმ ადგილებში, რაც ჩვეულებრივ ქალის ლამაზ ფორმებს ქმნის, არამედ მუცელზე და ეს თავის მხრივ ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, გულის იშემიური დაავადების განვითარების წინაპირობაა, ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა, ძვლები ხდება მყიფე და მატულობს მოტეხილობების რისკი. წონის მატებასთან ერთად თავს იჩენს გინეკოლოგიური პრობლემებიც, ხშირია საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, რომელთაც არა მარტო ფუნქციური, არამედ ხშირად ორგანული ხასიათიც აქვთ. პროფილაქტიკური გასინჯვები ძირითადად მოიცავს: სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის გამორიცხვას-კოლპოცერვიკოსკოპიით, პაპ დიაგნოსტიკით, მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერით გამოკვლევას-საშვილოსნოს და საკვერცხის პათოლოგიის (საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპი და ჰიპერპლაზია, საკვერცხის სიმსივნე და სიმსივნსმაგვარი წარმონაქმნები-საკვერცხის ცისტები) გამორიცხვის მიზნით.

- რა იწვევს უშვილობას და რამდერე ხანში უნდა მოგმართოთ ქალბატონმა თუ არ დგება ორსულობა?

თუ ორსულობა არ დგება რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1წ განმავლობაში ეს უკვე უნაყოფო ქორწინებად ითვლება და საჭიროებს რეპროდუქტოლოგის ჩარევას. ქალის უშვილობის მიზეზთა შორის სიხშირის მიხედვით საყურადღებოა ორი მთავარი ფაქტორი ეს არის რეპროდუქციული ფუნქციის მოშლის ენდოკრინული და მილისმიერი ფაქტორები, სხვა შემთხვევებში უშვილობა გამოწვეულია სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებით და იმუნოლოგიური ფაქტორებით.

უშვილობის ენდოკრინული ფორმა ხასიათდება ციკლური პროცესებს დარღვევით ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს პრობლემები სათავეს სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან იღებენ. ამ პრობლემების გამო საკვერცხეში განაყოფიერებისათვის აუცილებელი კვერცხუჯრედი ვეღარ მწიფდება. აღნიშნული მდგომარეობა მოგვარებადია სათანადო ჰორმონული გამოკვლევების ჩატარების და კვალიფიციური დანიშნულების მიღების შემდეგ. მილისმიერი ფაქტორი კი გულისხმობს საშვილოსნოს მილების ანატომიური და ფუნქციური მოშლილობების ერთობლიობას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გადატანილი ინფექციური დაავადებების თუ ქირურგიული ჩარევისშემდგომი შეხორცებითი პროცესებით. ამ შემთხვევაში უშვილობის სამკურნალოდ ცალსახად გამოიყენება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები.

- მკურნაობის, რომელი მეთოდია უფრო მეტად ეფექტური უნაყოფობის დროს?

მთავარია დიაგნოზის სიზუსტე და ეფექტურია ყველა ის მეთოდი, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერაა შერჩეული. უშვილობის სამკურნალოდ გამოიყენება კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. როდესაც ენდოკრინულ უშვილობასთან გვაქვს საქმე მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია, მაგრამ თუ მკურნალობა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება და შედეგი ვერ მიიღწევა დიაგნოსტიკური და სამკურნალო თვალსაზრისით ხშირად გამოიყენება დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოქროს სტანდარტი ლაპაროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია. მილისმიერი უშვილობის დროს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აუცილებელია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც წარმატებით გამოიყენება სხვა შემთხვევებშიც. (ენდომეტრიოზი, იდიოპათიური და მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა, წარუმატებელი კონსერვატიული მკურნალობები, სადაც უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორიც ერთვება, რაც უარყოფითად და დამაბრკოლებლად ისახება შედეგის მიღწევაზე).

- ნაადრევ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება არის თუ არა დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან?

სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება ზრდის ამ ასაკში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, დაუგეგმავი ორსულობების, აბორტების რისკს, რასაც მივყავართ ნეგატიურ შედეგებამდე.

- სტატისტიკურდ თუ გაიზარდა მომართვიანობა?

რა თქმა უნდა მომართვიანობა გაიზარდა და ეს უკავშირდება მოსახლეობის ინფორმირებულობას. მოგვმართავენ სხვადასხვა ასაკში, გინეკოლოგიური თუ ენდოკრინული პრობლემებით, უშვილობით. არა მარტო საქართველოს, არამედ უცხო ქვყნის მოქალაქეებიც. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ გაიზარდა ახალგაზრდების მომართვიანობა პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები