Doctor's Search

“ქართველი პაციენტები ქვეყნიდან გაუსვლელად უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ სერვისებს მიიღებენ”–ხათუნა კალაძე

July 6, 2018 Posted By Vipmed.ge

საქართველოს მოსახლეობისთვის ხშირად საზღვარგარეთ მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი სამედიცინო პროცედურა ხელმისაწვდომი არ არის.

ალბათ ამიტომაც, ამ ბოლო დროს უფრო დამკვიდრდა საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარების პრაქტიკა, უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.

რა მიზნით შეიქმნა საქართველოში კომპანია “Elite Surgeons International”? რას სთავაზობს კომპანია ქართველ პაციენტებს და რას გეგმავს ახლო მომავალში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენი რუბრიკის „ინტერვიუ ექიმებთან“ სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE” –ს ჟურნალისტი “Elite Surgeons International“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს – ხათუნა კალაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით თქვენი მიზნების შესახებ.

- ჩვენი მიზანია, ქართველ პაციენტებს, ქვეყნიდან გაუსვლელად, უმაღლესი ხარისხის ქირურგიული სერვისები შევთავაზოთ და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, აგრეთვე, ახალგაზრდა ქართველ ქირურგებს კვალიფიკაცია ავუმაღლოთ, მედიცინის ტურიზმი განვავითაროთ და საქართველო თანამედროვე სტანდარტების ჯანმრთელობის ტურიზმის ქვეყანად წარმოვაჩინოთ, მოვიზიდოთ საერთაშორისო პაციენტები და მათ უმაღლესი ხარისხის ქირურგიული სერვისები მივაწოდოთ.

ამ მიზნით, შეიქმნა კომპანია “Elite Surgeons International” საქართველოში, რომელიც “World Elite Surgeons”-ის ბრენჩს წარმოადგენს.

World Elite Surgeons – მსოფლიოს საუკეთესო და უმაღლესი კატეგორიის ქირურგების გაერთიანებაა, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობის წამყვან სპეციალისტებად ითვლებიან. მათი ნებითა და ჩვენი დიდი სურვილით წარმატებული თანამშრომლობა შედგა.

უცხოელი ქირურგები თვეში ერთხელ თითო კვირით საქართველოში ჩამოსვლასა და ადეკვატური სერვისების მიწოდებით უმაღლესი, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას გეგმავენ, რაც მოიცავს როგორც ინტრაოპერაციული დახვეწილი ტექნიკის გამოყენებას, ასევე ავადმყოფის პერიოპერაციულ (პრე- და პოსტოპერაციულ) მართვას. ყველაფერი დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე, პაციენტის სიცოცხლის მაღალ ხარისხსა და ოპერაციის შემდგომ მინიმალურ დისკომფორტზეა გათვლილი.

პირველ ეტაპზე, მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას ვგეგმავთ. მომავალში ორთოპედიულ, ნეიროქირურგიულ, ბავშვთა ქირურგიულ და სხვა ქირურგიულ ბრიგადებს მოვოწვევთ, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ოპერაციებს ჩაატარებენ.

პირველი ჩვენი შეხვედრა საერთაშორისო ელიტ ქირურგებთან პირველ ივნისს, ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” შედგა, როდესაც World Elite Surgeons–ის დამფუძნებლები ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ ავსტრალიელი პროფესორი უილიამ ბრაუნი და გერმანელი პროფესორი კონრად კარჩი – კომპანიის საპატიო მრჩეველი და ექსპერტი. ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა.

დიდი იმედი გვაქვს, მომავალში ქართველი პაციენტებისთვის კეთილ საქმეს გავაკეთებთ. აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, ამ პროექტში იყოს ქართველი ქირურგების მაქსიმალური ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ სრულიად უფასოდ, რამდენიმე კვირით მათ საზღვარგარეთ, ტრენინგებზე გამგზავრებას და მომავალში World Elite Surgeons-ის პროექტში ჩართვას.

ჩვენ ქართველი ქირურგების კომპეტენციას ჩრდილს ნამდვილად არ ვაყენებთ და მზად ვართ მათთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის.

World Elite Surgeons ქირურგების საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გვინდა, ერთი დღე ჰუმანიტარულ აქციას დავუთმოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპერაციები ისეთ პაციენტებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ. დიდი სურვილი გვაქვს, უფასო ოპერაციები მრავალშვილიან დედებსაც ჩავუტაროთ.

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს World Elite Surgeons ქირურგების პირველი ოფიციალური ვიზიტი იგეგმება. დიდი იმედი გვაქვს, მაღალი ხარისხის ქირურგიულ ოპერაციებს ჩავატარებთ. დაახლოებით ერთ თვეში ვებ–გვერდიც გვექნება (ფეისბუქ გვერდი უკვე არსებობს), რისი საშუალებითაც პაციენტებს სრულ ინფორმაციას მივაწვდით. უცხოელი ექიმების თითოეული ვიზიტი საქართველოში გახმაურებული იქნება, რათა ყველამ გაიგოს რა კეთდება.

– აპარატურის თვალსაზრისით რა სიახლეები იგეგმება?

– სულ ცოტა ხნის წინ ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა ქირურგებმა ოპერაციებისთვის ყველა საჭირო მასალა ჩამოიტანეს, რადგან ვგეგმავთ ისეთი ტიპის ოპერაციების გაკეთებასაც, რომლებიც საქართველოში ან საერთოდ არ კეთდება ან იშვიათად აკეთებენ.

მომავალში საქართველოში რობოტის ქირურგის დანერგვასაც ვგეგმავთ.

– რას გულისხმობს რობოტის ქირურგია?

– რობოტის ქირურგია ეს სპეციალური აპარატურაა, რომელიც საქართველოში ცნობილია, თუმცა მსგავსი ტიპის ოპერაციები აპარატურის სიძვირიდან გამომდინარე ჯერ არ კეთდება და ჩვენთან ამ მიმართულებით სპეციალურად დატრენინგებული ექიმებიც არ არსებობენ. რობოტის ქირურგია პირველ რიგში, პაციენტის კეთილდღეობაზე, ოპერაციული ტექნიკის გამარტივებაზე, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული დროის შემცირებაზე, ადრეულ დიაგნოსტიკასა და რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის ოპერაციული ჩარევა საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდის შემცირებიდან გამომდინარე პაციენტებისა და კლინიკებისთვის ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.

ასევე გვინდა შევამციროთ პაციენტის დაყოვნება კლინიკაში, რადგან მათი კლინიკაში ყოფნის ყოველი დღე დიდი ხარჯია კლინიკისთვის და პაციენტისთვის.

– საქართველოს რომელ კლინიკებთან გეგმავთ თანამშრომლობას?

– ბოლო პერიოდში, შეხვერდა გვქონდა “ავერსის” კლინიკების ქსელისა და “მედიქლაბ ჯორჯიას” დირექციასთან, თანამშრომლობას ვგეგმავთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან და მისივე კლინიკა “ახალი სიცოცხლესთან”.

შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციოები და ლაბორატორიები გააჩნია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა კლინიკებთან თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებთ. ჩვენ ღია ვართ ყველა იმ სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც რაიმე მნიშვნელოვანს შემოგვთავაზებენ.

იგეგმება მცირეინვაზიური ონკოლოგიური ქირურგიის განვითარება და ასეთი პაციენტების კომპლექსური მართვა – ეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იქნება შესაძლებელი, რადგან მათ სერიოზული ბაზა გააჩნიათ, რომელიც ონკოლოგიური პაციენტის მართვის საშუალებას მოგვცემს.

იმედი გვაქვს, მომავალში სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც შევძლებთ გასვლას.

სურვილი გვაქვს, უახლოეს მომავალში ჩავატაროთ კონფერენცია ოპერაციების დროს დაშვებულ შეცდომებზე.

ოქტომბერში ოპერაციები ჩატარდება კლინიკა “ახალი სიცოცხლე”-სა და „მედიქლაბ ჯორჯია“-ში.

ვგეგმავთ მეტაბოლურ-ქირურგიული, ბარიატრიული ოპერაციებს, რადგან, მოგეხსენებათ, სიმსუქნე XXI საუკუნის გლობალური ეპიდემიაა და ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. ამ პროცესში, როგორც ქირურგები, ასევე ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, ანდროლოგები, ფსიქოლოგები და რეაბილოტოლოგებიც იქნებიან ჩართულები.

ჩატარდება ოპერაციები შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის და მეტაბოლური დარღვევების შემთხვევებშიც (ილეალური ტრანსპოზიცია) ასეთი ოპერაციებია უკვე დიდი წარმატებით ტარდება.

ვგეგმავთ კოლორექტარული (მსხვილი ნაწლავის ქირურგია) მცირედტრავმული (ლაპაროსკოპული) ოპერაციებიც ჩატარებას როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი და არასიმსივნური დაავადებების შემთხვევებში.

პაციენტებს შეუძლიათ ნებისმიერი ქირურგიული პათოლოგიის შემთხვევაში მოგვმართონ – მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია, სრულყოფილი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ქირურგიული ჩარევა.

ვემსახურებით როგორც ქართველ, ასევე ჩვენი რეგიონის (აზერბაიჯანი, სასომხეთი) და უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ პაციენტებსაც, გვინდა, საქართველოს წარმოვაჩინოთ მსოფლიო დონის ჯანმრთელობის ტურიზმის ქვეყანად.

კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
(+995-595) 00 45 59
(+995-593) 14 96 26

სრული ინფორმაცია Elite Surgeons International” -ის შსახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.vipmed.ge/esi/

ESI

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები