Doctor's Search

„ჩვენი მოსახლეობის ძირითად მასას საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაბალი კულტურა აქვს“-მერაბ დეკანოსიძე

March 18, 2018 Posted By Vipmed.ge

თანამედროვე მსოფლიოში ყბა-სახის დაავადებების გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. გავრცელების ყველაზე ხშირი მიზეზი კი ექიმთან დაგვიანებული მიმართვიანობა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. მაშინ როცა მსოფლიოს მოსახლეობა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ყველანაირ მექანიზმს მიმართავს, ქართველები სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არაფერს აკეთებენ. პირის ღრუს მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კბილების არასწორმა მოვლამ და ჰიგიენის დაუცველობამ ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება შეუქმნას. როგორც “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მერაბ დეკანოსიძე “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, ყბა-სახის დაავადებების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან მოსახლეობა საკუთარი კბილების (პირის ღრუს) ჰიგიენაზე არ ზრუნავს. მერაბ დეკანოსიძე პაციენტებს ურჩევს, რომ მცირე პრობლემის დაწყებისთანავე მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს.

- ბატონო მერაბ, რომელი დაავადებები შედის ყბა-სახის ქირურგიაში და რა ჩივილები ახლავს თან?

- ყბა-სახის ქირურგია ყველა იმ დაავადებებს მოიცავს, რომლებიც პირის ღრუს ორგანოებს, ყბა-კბილთა სისტემას, სახის ჩონჩხის რბილ და მაგარ ქსოვილებს შეეხება, დაწყებული ბანალური ანთებითი პროცესებიდან დამთავრებული სიმსივნური დაავადებებით, მათ შორის: თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები და დეფორმაციები. ყველაზე ხშირად ანთებითი დაავადებებით მოგვმართავენ, რომელთა განვითარების მიზეზი კბილია. საქართველოში როგორც წესი, პაციენტები ექიმთან უკვე გართულებული მდგომარეობის შემთხვევებში მიდიან. მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვიმეორებთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ჰიგიენაზე არ ზრუნავს, რის გამოც მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს უწევს. 2013 წლიდან საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებისთანავე სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი დაავადებების მკურნალობას სრულად აფინანსებს, აქ საუბარი ურგენტულ ანუ გადაუდებელ შემთხვევებზე აღარ არის, არამედ გეგმიურ ანუ ისეთ ოპერაციულ მკურნალობასაც აფინანსებს, რომლებიც ქრონიკული პროცესების აღმოსაფხვრელად არის საჭირო.

რაც შეეხება ჩივილებს, დღეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს კბილის გვირგვინის ამა თუ იმ სახის დაზიანება (იგივე კარიესული კბილები) და უსწორო კიდეები აქვთ. გვირგვინის პათოლოგიური დაშლის შედეგად დარჩენილ უსწორო კიდეების ენით მოსინჯვა მავნე ჩვევაა, რაც ნაკაწრებსა და ენის ტრამვას იწვევს. ეს ქრონიკული ტრამვა ენის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობაც საკმაოდ მომრავლდა.

მინდა ვურჩიო პაციენტებს, რომ ბანალური ანთებითი პროცესის განვითარების დროს, ქსოვილის შეშუპებისას, ტკივილის, ფეთქვის (პულსაციის) დროს, გაწითლების შემთხვევაში, პირის გაღების შეზღუდვისას, მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს.

- როგორია სტატისტიკა საქართველოში ყბა-სახის დაავადებების თვალსაზრისით?

- სტატისტიკურად ყველაზე ხშირი ანთებითი დაავადებებია, მას მოსდევს ტრავმული დაზიანებები და შემდეგ კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ყველაზე იშვიათად თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტებითა და დეფორმაციებით მოგვმართავენ.

- რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები დაგვიანებულ შემთხვევებში?

- სამწუხაროდ, დაგვიანებული შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ყველაზე უკეთეს შემთვევაში პაციენტები ორი-სამი დღის დაგვიანებით მოდიან. გვქონია ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც დაგვიანების გამო სავალალო შედეგით დასრულებულა და ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად პაციენტი ვერ გადაგვირჩენია.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში ყბა-სახის დაავადებების თვალსაზრისით?

- ყბა-სახის ქირურგია როგორც კონსერვატულ, ისე ოპერაციულ მკურნალიბას მოიცავს.

- რა შეღავათები აქვთ პაციენტებს მთავრობისგან ყბა-სახის დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით?

- მოსახლეობას სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები საკმარისზე მეტი აქვს. მთავრობა ჯანმრთელობისათვის საშიში ნებისმიერი დაავადებისა თუ პათოლოგიის მკურნალობას სრულად აფინანსებს, თუმცა ჩვენი საზოგადოება დაუნახავი, უმადური საზოგადოებაა და დიდი პრეტენზიები გააჩნია. ისინი მთავრობისგან კოსმეტიკური ოპერაციების დაფინანსებასაც მოითხოვენ, რაც ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა.

დღეს ყველას, ვისაც წნევის გაზომვა ეზარება, სასწრაფო დახმარებას იძახებს. სასწრაფოს გამოძახება რომ თუნდაც სიმბოლურად ორი ლარი გახდეს, გამოძახების შემთხვევები მკვეთრად იკლებს და ექიმს მხოლოდ ის ადამიანები გამოიძახებენ, რომლებსაც დახმარება მართლა სჭირდებათ.

- რას ურჩევთ პაციენტებს, ყოველდღიურ რეჟიმში კბილების მოვლის თვალსაზრისით?

- ყველა ადამიანს ვურჩევ, რომ პრობლემის დაწყებისთანავე მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს.

კბილების გახეხვასა და პირის ღრუს გამოსუფთავებაზე საუბარიც აღარ არის. ადამიანი პირის ღრუს გასასუფთავებლად ჭამის შემდეგ პირში ონკანის წყალს რომ არ გამოივლებს, იმას რაღაზე უნდა ველაპარაკო?! სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძირითად მასას საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ძალიან დაბალი კულტურა აქვს.

- და ბოლოს ბატონო მერაბ, თქვენი კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის დეპატრამენტზეც ვისაუბროთ.

- ე.წ. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა დიდი ისტორიის და ტრადიციის მქონე საავადმყოფო გახლავთ და ის სამ საუკუნეს ითვლის. კლინიკა 1869 წლიდან ფუნქციონირებს და 2012 წლამდე თავის ისტორიულ-ტრადიციულ ადგილზე აღმაშენებლის 60 ნომერში მდებარეობდა. 2012 წლის 20 აგვისტოდან დიღომში, ლუბლიანას 21 ნომერში გადმოვედით. ამ კლინიკის ერთ-ერთი შემადგენელი ტრადიციული განყოფილება სწორედ ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაა.

ჩვენს კლინიკაში ტრავმული დაზიანებიდან დაწყებული ყველა დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
მობ.: +995 599 97 08 51

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები