Doctor's Search

„ფარისებური ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების რადიოაქტიური იოდით მკურნალობა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით ხდება“-ნატალია შენგელია-დე ლანგე

May 2, 2018 Posted By Vipmed.ge

ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა ფარისებური ჯირკვლის დაავადებებმა. 2015-2017 წლების კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალთა პოპულაციაში ფარისებური ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება მეორე ადგილს იკავებს სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური პათოლოგიის შემდეგ. დაავადების გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას ასახელებენ.

„სხივური მედიცინის ცენტრში“ ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიებს რადიოაქტიური იოდით წარმატებით მკურნალობენ. კვალიფიციური პერსონალისა და ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით კლინიკაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პაციენტმა თავი მაქსიმალურად დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. რომელი მიმართულებები ფუნქციონირებს სამედიცინო ცენტრში? როგორია საქართველოში სტატისტიკა ფარისებური ჯირკვლის დაავადებების თვალსაზრისით და შესაძლებელია თუ არა რადიოაქტიული იოდით მკურნალობის შემთხვევაში ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიით დაავადებული პაციენტის სრულად განკურნება?-ამ და სხვა საკითხებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს „სხივური მედიცინის ცენტრი“-ს ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნატალია შენგელია-დე ლანგე ესაუბრა.

- ქალბატონო ნატალია, გვიამბეთ კლინიკის შესახებ

- „სხივური მედიცინის ცენტრი“ 2017 წელს დაარსდა. ჩვენს ცენტრში სხივური მედიცინისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებები ფუნქციონირებს. კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებზეა აგებული და უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

სხივური თერაპიის მიმართულებით კლინიკაში სამედიცინო მენეჯმენტს თურქეთის რესპუბლიკაში ცნობილი კლინიკების ქსელი „ლივ ჰოსპიტალი“ ახორციელებს.

რაც შეეხება უშუალოდ ბირთვულ მედიცინას, ჩვენ ბირთვული მედიცინის მიმართულების სრულ სპექტრს მოვიცავთ, ვანხორციელებთ როგორც რადიოაქტიური იოდით მკურნალობას, ასევე, დიაგნოსტიკურ მანიპულაციებს. ბირთვული მედიცინა თავისი სპეციფიკით საკმაოდ განსხვავებულია და მულტიმოდალურ დარგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო პროცესში ჩართულები არიან როგორც ექიმები, ასევე, სამედიცინო ფიზიკოსები, ტექნიკოსები, სპეციალურად გადამზადებული მედდები და სხვები.

კლინიკის სტაციონარი შვიდი პალატისგან შედგება, რომლებიც ყველა იმ საშუალებითაა აღჭურვილი, რაც აუცილებელია პაციენტების მისაღებად. ბირთვულ მედიცინასა და იზოტოპებზე საუბრისას, ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი კლინიკის რადიაციული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მსოფლიოს სტანდარტს შეესაბამება. აქ საუბარია იმ სალექარზე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემაზე, რომლებიც ასეთი დეპარტამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი, რათა პაციენტებისა და პერსონალის ზედმეტი დასხივება არ მოხდეს და გარემოს ზიანი არ მიადგეს. ჩვენს ცენტრში ყველა ეს კომპონენტი ტექნიკური თვალსაზრისით დაცულია.

- უფრო დეტალურად გვიამბეთ, რას გულისხმობს რადიოაქტიური იოდით მკურნალობა და რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი აღნიშნული პროცედურების ჩატარება?

- რადიოაქტიური იოდით მკურნალობა ფარისებური ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული სიმსივნეების დროს ინიშნება. მკურნალობა ხორციელდება იოდის იზოტოპით I-131. ჩვენს ცენტრში, ისევე როგორც მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში, იოდის იზოტოპი კაფსულის სახით გამოიყენება. პერორალური გზით ორგანიზმში მოხვედრილი რადიოაქტიური იოდი ორგანიზმში ცირკულირებს და როგორც ფარისებური ჯირკვლის ნორმალური, ასევე პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედების ელიმინაციას ახდენს.

გარდა ამისა, იოდის -131 იზოტოპი ერთგავარად უნიკალურ იზოტოპს წარმოადგენს, ახასიათებს ბეტა და გამა გამოსხივება, რაც თერაპიულ ეფექტთან ერთად საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი გარეგანი დეტექცია გამა კამერის საშუალებით. ასე რომ, რადიოაქტიურ იოდით მკურნალობის პარალელურად პაციენტის დიაგნოსტიკაც წარმოებს.

რადიოთერაპია არის მიზნობრივი მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ იზოტოპის ორგანიზმის სხვა ნაწილებში დაგროვება მინიმალურია.

- როგორ ხდება პაციენტის მომზადება რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის?

- ფარისებურ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტების სპეციალური მომზადება ხდება, რის შემდეგაც 40 დღის განმავლობაში ინიშნება დასხივება. ამ დროს პაციენტს მკაცრად მოეთხოვება ექიმის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულება და სპეციალური დიეტის დაცვა. რადიოაქტიული იოდით მკურნალობა როგორც აბლაციის, ასევე, დაავადების რეციდივის ან მეტასტაზის სამკურნალოდ ინიშნება.

რაც შეეხება უშუალოდ მკურნალობის პროცედურას, რადიოაქტიური იოდით მკურნალობის პროცესში პაციენტი 2–3 დღის განმავლობაში იზოლირებულ ოთახში თავსდება. როდესაც მისი რადიაციული დონე დაიწევს შესაბამის ზღვრულ მაჩვენებლამდე, პაციენტი ეწერება კლინიკიდან და მას 21 დღის განმავლობაში რეკომენდაცია ეძლევა შეზღუდულ კონტაქტზე. მათ დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ეძლევათ იმის შესახებაც, თუ როგორ მოიქცნენ სახლის პირობებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტთა უმრავლესობას უწევთ გარკვეული პერიოდულობით კონტროლი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს დაავადება, დროულად მოვახდინოთ სწორი შეფასება და მკურნალობა.

- რადიოაქტიული იოდით მკურნალობა იძლევა თუ არა პაციენტის სრულად განკურნების შესაძლებლობას?

- შორს წასულ შემთხვევებშიც კი რადიოაქტიული იოდის გამოყენებით საკმაოდ კარგი შედეგი მიიღწევა, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხისა და სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტი ხდება.

დღეს, ფარისებური ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხდება. წლების განმავლობაში რადიოაქტიური იოდით დასხივება ქართველი პაციენტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და მათ უხდებოდათ ქვეყნის დატოვება. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია და ჩვენი ცენტრი წარმატებით ემსახურება, როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ პაციენტებს.

- როგორია საქართველოში სტატისტიკა ფარისებური ჯირკვლის დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით?

- ფარისებური ჯირკვლის სიმსივნეები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. ამას კიბოს რეგისტრის 2017 წლის სტატისტიკაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ფარისებური ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება ქალთა პოპულაციაში მეორე ადგილს იკავებს სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური პათოლოგიის შემდეგ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ბევრი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს დაავადება გავრცელებური. ერთ-ერთი მოსაზრება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაახლოებით 30 წლის წინ მომხდარ კატასტროფას უკავშირდება, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით.

- ძირითადად, რომელი სქესისა და ასაკის ადამიანებში ჭარბობს ფარისებური ჯირკვლის დაავადებები?

- ამ დაავადებით ძირითადად 35 წლიდან 55 წლამდე ასაკის პაციენტები მოგვმართავენ, თუმცა პათოლოგია 12-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებშიც ხშირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები სპეციალისტებს მაშინ მიმართავენ, როდესაც პროცესი უკვე ლიმფურ სისტემაშიც არის გავრცელებული. აღნიშნულ შემთხვევაში კომბინირებული მკურნალობის გამოყენებაა აუცილებელი.

- რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

- სამწუხაროდ, გამოხატული სიმპტომები ამ დაავადებას არ აქვს. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობამ გარკვეული პერიოდულობით ჩაიტაროს ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, ჰორმონალური გამოკვლევები, გაიაროს კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან და პათოლოგიური პროცესის გამოჩენისთანავე მიმართოს კვალიფიციურ დაწესებულებას.

- და ბოლოს, თქვენს ცენტრში დანერგილ დიაგნოსტიკურ მეთოდებზეც რომ გვესაუბროთ

- როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ბირთვული მედიცინა აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის. დიაგნოსტიკა ხორციელდება რადიოაქტიური ნივთიერებით: იოდის იზოტოპითა I-131 და ტექნეციუმის Technetium-99m (99mTc) საშუალებით. რადიოიზოტოპური კვლევა, რადიოლოგიურ კვლევებთან ერთად, გვაწვდის დამატებით ინფორმაციას ორგანიზმში ფუნქციურ დონეზე მიმდინარე პროცესებზე, რაც აუცილებელია პაციენტის სრულფასოვანი დიაგნოსტიკისთვის.

სხივური მედიცინის ცენტრში ტარდება შემდეგი სახის დიაგნოსტიკური ვლევები: ძვლის სცინტიგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, პარათირეოიდული ჯირკვლის სცინტიგრაფია. ვგეგმავთ თირკმლის სცინტიგრაფიის და მიოკარდიუმის სცინტიგრაფიული კვლევების დანერგვას.

კვლევის დროს ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერების შეყვანა ხდება. პრეპარატი შერჩევითად ნაწილდება ორგანიზმში, რის შემდეგაც ხორციელდება სკანირება სპეციალურ აპარატზე – გამა კამერაზე. SPECT კამერის საშუალებით ხდება გამოსახულების მიღება და მონაცემების ინტერპრეტირება. მნიშვნელოვანია, რომ იზოტოპურ კვლევის დროს არის მინიმალური დასხივება და მას გვერდითი ეფექტები არ გააჩნია.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
2 42 99 99 ან 599 72 99 90

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები