Doctor's Search

“სადაც შეაღწია ფასტფუდმა, იქ გაჩნდა სიმსუქნის პრობლემა” – ქირურგი ნიკოლოზ გვახარია

July 24, 2018 Posted By Vipmed.ge

თანამედროვე მსოფლიოში ჭარბი წონა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო მრავალი გზით ებრძვის. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მრავალი პათოლოგიის გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს.

საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ჭარბ წონასთან ბრძოლის გზები მნიშვნელოვნად გამარტივდა და დღეს, გამოცდილი ექიმებისა და უახლესი აპარატურის საშუალებით სიმსუქნის მკურნალობა შესაძლებელია. რა არის სიმსუქნე? როგორ შეიძლება სიმსუქნის მკურნალობა? რა ასაკიდან შეიძლება სიმსუქნის დროს ქირურგიული ჩარევა? და რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადაცემა “ექიმის საათში” – მ.მ.დ. ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი – ნიკოლოზ გვახარია საუბრობს.

– ბატონო ნიკოლოზ, რა არის სიმსუქნე და რა იწვევს მას?

ეს არის ხანგრძლივ პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში, გენეტიკურად განპირობებული, ძვირადღირებული, მრავალფაქტორიანი დაავადება ჭარბი ცხიმის დაგროვებითა და თანმხლები დაავადებებით. სიმსუქნე ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია და როგორც ორგანულ, ასევე ფუნქციურ დაზიანებებს იწვევს. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ისეთ სავალალო გართულებამდე მივყავართ, რომელსაც მეტაბოლური სინდრომი ეწოდება. აღნიშნული სინდრომი მოიცავს მაღალ არტერიულ წნევას, შაქრიანი დიაბეტს, ჭარბი წონასა და სხვა პრობლემებს, რომლებიც ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლის.

– სხეულის მასის ინდექსზეც ვისაუბროთ. რა დონიდან ითვლება ადამიანი ჭარბწონიანად?

– დღეს ამ მიმართულებით ბევრი რამე შეცვლილია. ადრე ითვლებოდა, რომ თუ პაციენტის სმი იყო 40 კგ m2 და მეტი, ეს გახლდათ ოპერაციის გაკეთების აბსოლუტური ჩვენება. შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა და თანმხლები დაავადებების და მეტაბოლური სინდრომის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი2, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება) დროს, უკვე 33 კგ m2 და მეტი სმი-ის მქონე პაციენტსებისთვის შესაძებელი გახდა ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიული ჩარევები. დღეს, ეს ციფრები ბევრად შეიცვალა. მეტაბოლური ოპერაციები 27 კგ. m2–დან იწყება. მეტაბოლური სინდრომის დროს ოპერაციის SADI-S 30 კგ. m2-ზე ჩატარების საკითხი დგება.

– ბატონო ნიკოლოზ, როგორია სტატისტიკა მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულთა თვალსაზრისით?

– მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულთა მაჩვენებელი საშუალოდ 5–6 %–ია, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით, ჩრდილო ევროპასა და აშშ–ში შაქრის მიმართ ტოლერანტობა 60%–მდე აღწევს, მიზეზი სწრაფი კვების ობიექტების მიმართ სიყვარულია. გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა ამერიკელებმა ნარკოლოგიურ დაავადებებში გაიყვანეს და იწვევს ისეთ დამოკიდებულებას, რაც ჭარბ წონაში, დიაბეტსა თუ სხვა დაავადებებში გადადის. სიმსუქნის ქირურგიით ჩვენ მხოლოდ წონას არ ვებრძვით, არამედ ორგანიზმში კარდინალურ ცვლილებებს ვიწვევთ. ოპერაციიდან წარმატებულ საბოლოო შედეგს ვიღებთ პაციენტთა 90–98 %–ის შემთხვევაში.

– რა სახის ოპერაციული ჩარევები არსებობს ბარიატრიულ ქირურგიაში?

– კუჭის დაპატარავება (კუჭის გრძივი რეზექცია, სლივგასტრექტომია) ერთ-ერთი ოპერაციული ჩარევაა ბარიატრული ქირურგიის თანამედროვე არსენალის 7 ძირითადი (40-მდე მოდიფიკაციით) ჩარევიდან, რომლებსაც პაციენტებს ვუტარებთ. ჩვენს გუნდში ქირურგის გარდა – ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნარკოლოგი, პლასტიკური ქირურგი და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ.

თუ საჭიროება მოითხოვს, უკვე გამხდარი და გამოჯანმრთელებული პაციენტი პლასტიკურ ქირურგთან მიდის და სხეულის სხეულის კონტურულ პლასტიკას იტარებს.

კუჭის დაპატარავება ერთ–ერთი მოსამზადებელი ტიპის ოპერაციაა, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდა ან 60 წელს მიღწეულ ქალბატონებს ვუტარებთ.

სამწუხაროდ, ამ ოპერაციას ერთი ნაკლი გააჩნია: ის ხშირად არ არის ხანგრძლივი ეფექტის მქონე. 80–იანი წლების დასაწყისში კუჭის დაპატარავება (კუჭის გრძივი რეზექცია) ბარიატრიას, როგორც დამოუკიდებელი ოპერაციას გამოეყო. საქართველოში კუჭის დაპატარავების შემდეგ სტაბილურად დაკლებულ წონას ადამიანი დაახლებით 4–5 წელი ინარჩუნებს. მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, 44% 5–6 წლის შემდეგ რევერსული წონით ბრუნდება. ამიტომ, მუდმივად დგება საკითხი თუ რა ვუშველოთ ასეთ პაციენტებს?! თუ ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხდება კუჭის დაპატარავება და უკვე მეორე, ე.წ. ნაწლავურ ეტაპზე ოპერაცია გაცილებით უფრო უსაფრთხო პირობებში შეუსრულდება. დღეს, ენდოკრინოლოგიის თანამედროვე საშუალებები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს მედიკამენტოზურად დავაკლებინოთ 20–30 კილოგრამი და ხანგრძლივი მოქმედების ოპერაციები ჩავუტაროთ.

– რა ასაკიდან შეიძლება ჭარბი წონის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა?

– ისრაელსა და აშშ–ში ქირურგიულ ოპერაციას 13 წლიდან ატარებენ, ადებენ რგოლს და მაქსიმუმ ძალიან მკაცრი შეზღუდვებით კუჭის დაპატარავებასაც ახდენენ. ევროპასა და საქართველოში 18 წლიდან ვაკეთებთ ასეთ ოპერაციებს, რადგან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც უნდა იყოს პაციენტი მზად ამ ოპერაციისთვის.

სამწუხაროდ, მსგავსი ოპერაციები 65 წლამდეა ეფექტური. ასაკოვან პაციენტებში მკურნალობა თერაპიული მეთოდით ხდება.

– როგორ ხდება პაციენტებისთვის კონკრეტული ოპერაციის შერჩევა?

– პირველ რიგში, ფიზიკურ, ობიექტურ მონაცემებს ვიღებთ (რამდენს იწონის პაციენტი, სიმაღლეში რამდენია), შევისწავლით ნახშირწყლოვან, ანუ შაქრის მიმოცვლას, რა ხარისხით დაზიანდა გარკვეული ორგანო დაწყებული თვალის სისხლძარღვებიდან დამთავრებული ტერფის სისხლძარღვებით. ვიკვლევთ პაციენტის სოციალურ გარემოსაც და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის დღის წესრიგსაც.

დღეს, ცხოვრების წესის შეცვლა ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტს ის ოპერაცია შევურჩიოთ, რომელიც ცხოვრების რითმს არ დაურღვევს. თანამედროვე მედიცინაში ოპერაციები ძალიან დახვეწილია, ვინაიდან სრულდება ლაპარასკოპიულად.

აქვე მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ ჩვენთვის ბევრს უცხოელ სტუმარს უთქვამს, რომ პაციენტებს მკურნალობის დიდ ნუსხას ვთავაზობთ და მსოფლიო სტატისტიკით იმ 12 ქვეყანაში შევდივართ, სადაც გამხდარ პაციენტებში ანტიდიაბეტური ოპერაციები ტარდება.

– გარდა იმისა, რომ წინასაოპერაციოდ პაციენტს უტარდება კლინიკურ–ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევები, როგორ ფასდება მისი მენტალური მზაობა ამ ოპერაციებისთვის, გადაიტანს თუ არა ის ამ წნეხს?

–არსებობს სხვადასხვა სახის ტესტები, რომელსაც ფსიქოლოგები პაციენტებს უტარებენ. მაგალითად: ჭამის დროს დავაკვირდეთ ადამიანის ქცევას. თუ ადამიანს ახასიათებს კვებითი ბულიმია, ასეთ შემთხვევაში ისეთი ოპერაციის შერჩევა ხდება, რომელიც ამას კვებას არ შეუზღუდავს, მაგრამ გახდება. ფსიქოლოგებთან და დიეტოლოგებთან ვიზიტები ძალიან ეფექტურია, თუმცა მხოლოდ მათ იმედზე ვერ ვიქნებით.

– როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და რამდენად საჭიროებს ბარიატრიული ჩარევის შემდეგ კანის პლასტიკა?

– კანის პლასტიკა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც უფრო დიდია ადამიანის ასაკი, მით მეტია შანსი, რომ კანის პლასტიკას საჭიროებდეს ხელებზე, მკერდზე, მუცელსა თუ თეძოებზე. ახალგაზრდა ასაკში თუ პოსტოპერაციულად დაიწყებს აქტიურ ცხოვრებას, მასაჟებს, ცურვასა თუ სხვა ფიზიკურ აქტივობებს, ნაკლები შანსია ამ პრობლემის წარმოქმნის.

რაც შეეხება პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, აღნიშნული ჩარევები ლაპაროსკოპიული წესით, ტრადიციული განაკვეთის გარეშე სრულდება, მუცელში ვიდეოკამერა შედის და ოპერაციის ჩატარება სპეციალური, 5 მილიმეტრიანი დიამეტრის ინსტრუმენტებით ხდება.

ოპერაციის შემდეგ პაციენტებს პრესის ტრავმა ფაქტობრივად არ გააჩნიათ. მეოთხე–მეხუთე დღეს კი მათ სახლში ვუშვებთ.

– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ? რა სახის აკრძალვები აქვთ კვების დროს?

– კვების მიღების ჩვევები ერთი თვე კონტროლდება. თავიდან კვება რძის თხიერი პროდუქტების მიღებით იწყება. მეშვიდე კვირას კი კვების შეზღუდვის საჭიროება აღარ არსებობს, საჭიროა მხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი.

პაციენტმა კვების დროს მკაცრად უნდა აკონტროლოს თავი, რადგან რეაბილიტაციისთვის ჯანსაღი, სტერეოტიპული კვებითი ჩვევების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

– ოპერაციის შემდეგ ფიზიკურ აქტივობას რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება?

– ფიზიკური აქტივობა რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოპერაციის შემდეგ მეცხრე დღეს პაციენტს შეუძლია საოფისე საქმიანობა დაიწყოს, სამი კვირის შემდეგ კი მას აუზზე და აქვა-აერობიკაზე ვუშვებთ.

კონსულტაციის მისაღებად გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
+995 599 35 40 01

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები