Doctor's Search

“ჩვენ შედეგებზე ვართ ორიენტირებულები, ანუ ბავშვი სახლში”-ნინო მუსერიძე

November 1, 2018 Posted By Vipmed.ge

ადამიანებს შვილების ყოლის სურვილი ინსტიქტურად გადმოგვეცემა. იშვიათია წყვილი, საკუთარი შვილის ყოლა რომ არ სურდეს, თუმცა მსოფლიოში უშვილო წყვილების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

მედიცინა უშვილობის პრობლემის მოგვარებას საუკუნეებია ცდილობს და გასაკვირი არ არის, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება ამ სფეროსაც დაეტყო.

დღეს, ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის მკურნალობა უკვე შესაძლებელია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს დემოგრაფიული პროგრამის მხარდასაჭერად, უშვილო წყვილების დასახმარებლად ექიმ ნინო მუსერიძის ინიციატივითა და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა ფონდი „შენთვის“, რომელიც უშვილო წყვილებს სამედიცინო სერვისებს დაუფინანსებს.

უფრო ვრცლად ფონდის შესახებ გადაცემა „ნაშუადღევში“ ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტისა და ონკოლოგიური პაციენტების გამეტების ბანკის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ემბრიოლოგმა, პათომორფოლოგმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა.

- როგორ მოგივიდათ ფონდის „მხოლოდ შენთვის“ დაარსების იდეა?

- უშვილობა მხოლოდ ერთი ქალის ან ოჯახის პრობლემა არ არის, ეს სოციალური პრობლემაა. დაახლოებით 20 წელია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ, ვარ ექიმი, ემბრიოლოგი, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში ვმოღვაწეობ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვყავს პაციენტები, რომლებსაც ხელოვნური განაყოფიერების გაკეთების საშუალება არ აქვთ. დღევანდელ დღეს მომართვიანობა საქართველოში არის უფრო გვიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ფონდი „შენთვის“, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი იდეა არ ყოფილა. მე თვითონ გამოვიარე ეს გზა ძალიან ადრე. როდესაც ადამიანებმა არ იციან რა არის უშვილობა, იოლია ამაზე ისაუბრო, თუმცა ეს ძალიან დიდი პრობლემა ქალისთვისაც, მამაკაცისთვისაც და ძალიან კარგია, როცა ამაში ვინმე გეხმარება.

ჩვენ სრულიად ექიმთა საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ ჩვენი ძირითადი პროვაიდერია და ამ ცენტრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის, რომ ისინი თავიანთი ფასებით გვეხმარებიან, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ჯერ მხოლოდ ორი თვეა რაც დავფუძნდით და ფონდში უკვე 890 განაცხადია შემოსული.

- როგორც უკვე აღნიშნეთ, უშვილობის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხომ არ გეგმავთ დაფინანსების მოპოვებას?

- ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სხვადასხვა კლინიკებიდან და ექიმებისგან. ბევრი ექიმი თუ კომპანია გვთავაზობს დახმარებას, რომლებიც საერთოდ არ გვიცნობენ. ძალიან ამაყი ვარ, ასეთი ქვეყანა გვაქვს და ამდენი ადამიანი გვყავს, რომელთაც სხვისი უშვილობა ადარდებს. ძალიან გვეხმარებიან საფრანგეთისა და ისრაელის საელჩოები. ასევე დიდ დახმარებას გვიწევენ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და ჯანმრთელობის სახლიც.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ დაფინანსება?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახდა ამ სფეროში მოღვაწეობა და ასეთი ფონდის ჩამოყალიბება, რადგან სხვა სახელმწიფოებს ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსება გააჩნიათ. ისრაელი და საფრანგეთი ხელოვნურ განაყოფიერებას პირველი 3 შვილის გაჩენამდე სრულად აფინანსებს.

ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი სიცოცხლისათვის შეუთავსებელი პრობლემების დაფინანსებაა და ჩვენ არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ყველაფერი შეუძლია დააფინანსოს. ჩვენი პირველი მიზანია, რომ ვაჩვენოთ სახელმწიფოს, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენი პრეცენდენტი პირველი იქნება და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს პრობლემა და შეგვიძლია, რომ მათ დავეხმაროთ. ჩვენ არავითარი ველოსიპედი არ გამოგვიგონია. არსებობს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ესა თუ ის პაციენტი, ჩავრთოთ თუ არა პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენ საქმიანობას ასე კარგად გავაგრძელებთ, აუცილებლად დადებით შედეგს მივიღებთ.

- შეფასების კრიტერიუმები ახსენეთ. რა კრიტერიუმებით წყვეტთ ჩართოთ თუ არა კონკრეტული ადამიანები პროგრამაში?

- შეფასების კრიტერიუმებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შედეგებზე ვართ ორიენტირებულები, ანუ ბავშვი სახლში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყვანთ იმ წყვილებს, რომლებსაც ჩვენი დახმარებით შვილის ყოლა შეუძლიათ. ასაკი ძალიან ბევრს წყვეტ, რადგან როდესაც დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებზე ვსაუბრობთ, არის ქალისა და მამაკაცის უჯრედები, რომლებმაც გაერთიანებით ნაყოფი უნდა მოგვცენ, აუცილებლად ჯანმრთელი თაობა უნდა დაიბადოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქალებს, ასაკი გაგვაჩნია, რომელიც არის ბიოლოგიური ასაკი როგორც ფსიქოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა აღნიშნეს და აუცილებლად უნდა ვიჩქაროთ რომ გავაჩინოთ დროულად შვილები. 40 წლის შემდეგ 30-40 პროცენტია გენეტიკური ოპერაციების საშიშროება.

- თქვენი ფონდი მხოლოდ დაორსულების პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს თუ ორსულობის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვებასაც?

- ჩვენს ფონდში ძირითადად ინ ვიტრო განაყოფიერებას ვაფინანსებთ, ვისაც სჭირდებათ. ჩვენ მაქსიმალურად ვხვდებით ამ პაციენტებს და ვესაუბრებით. ამ ხნის განმავლობაში 138 პაციენტს შევხვდი და დაახლოებით 50 ქალბატონს არასდროს არ მიუმართავს რეპროდუქტოლოგისთვის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ძვირია, საერთოდ არ მისულან არსად, რომ მათთვის კონსულტაცია გაეწიათ. სოციალურად დაუცველებსა და უმწეოებს 100 %-ით ვაფინანსებთ.

-როგორც ვიცით, ხშირად საქველმოქმედო საღამოებსაც ატარებთ. გვიამბეთ ამ ღონისძიებების შესახებ

-საქველმოქმედო საღამო იმისთვის ჩავატარეთ, რომ დიდი მადლობა გადაგვეხადა იმ ადამიანებისთვის , რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ. იმ საელჩოებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებმაც დახმარება შემოგვთავაზეს. როდესაც დავრეგისტრირდით და ამ ფონდის არსებობის შესახებ გამოვაცხადეთ, მათ გვერდში დგომა შემოგვთავაზეს. ეს იყო „ისი პარი”, სამედიცინო პორტალი და სხვა. მე მათთვის არ მიმიმართავს, თვითონ გამოთქვეს დახმარების სურვილი. კლინიკაშიც ბევრი რეკავს დახმარების სურვილით. თუმცა ჩვენი გათვლა მსოფლიო ფონდებზე იქნება, რადგან ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან სავალალოა, პატარა ერი ვართ და 2050 წლისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდის რეესტრით აღმოჩნდა, რომ ასეთი შობადობა თუ გაგრძლდა, ჩვენი მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამიტომ, დღევანდელ დღეს დემოგრაფიაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავმრავლდეთ, ჩვენ ახალი, დიდი და ჯანმრთელი თაობა უნდა გვყავდეს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

-ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს ხელოვნური განაყოფიერების დროს?

-ასაკობრივი შეზღუდვა 45 წლამდეა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ანტი-მიულერის ჰორმონს ვაკეთებთ. ეს ქალის საკვერცხის რეზერვის განმსაზღვრელი ჰორმონია, რომელიც გვეუბნება როგორი ხარისხის კვერცხუჯრედი გვექნება ქალბატონთან. აქედან გამომდინარე, ვაკეთებთ ამას და მამაკაცებშიც თუ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომლებიც 10-15 %-ის მეტს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ორსულობა მივიღოთ, ამ ეტაპზე მათ ვერ დავაფინანსებთ, რადგან ეს ძალიან ბევრია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრი ადამიანი დაგვეხმარება და რაც მთავარია, დონაცია და სუროგაცია აღნიშნულ პროგრამაში არ შედის. მხოლოდ ცოლი და ქმარი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომლითაც ფასდება წყვილი. უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ამ წყვილის გენეტიკური შვილი ჯანმრთელი გამოგვივა და მათ 30-40 % მაინც აქვთ შანსი, რომ მივიღოთ ორსულობა.

-თუ არსებობს ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვთა სტატისტიკა?

- ზუსტი რეესტრი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ჩვენ ვიცით ვინ საიდან მოვიდა, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, ვინც ხელოვნური განაყოფიერება სხვა ქვეყნებშიც გაიკეთა და გაიგეს ამ ფონდის შესახებ, უბრალოდ რომ გაიგეს ფონდის შესახებ, ყველას მოუნდა დაფინანსება. წყვილებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარს აღემატება ამ ეტაპზე ვერ ვაფინანსებთ. უპირატესობა სოციალურად დაუცველ და დაბალბიუჯეტიან ოჯახებს ენიჭებათ. ამიტომ, ჩვენ გვინდა იმათ დავეხმაროთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ და ვერ მოგვმართავს ექიმებს, რადგან საშუალება არ აქვს.

რაც შეეხებათ დაბადებულ ბავშვებს, საჯარო რეესტრის მიხედვით, ინ ვიტრო განაყოფიერებით 3 000-მდე ბავშვია დაბადებული, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში დაახლოებით 6 000-მდე ბავშვი ნამდვილად იქნება დაბადებული. უცხოელი პაციენტების ალბათ 80 % საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩასატარებლად ჩამოდის. ვამაყობ იმით, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება ასეთ დონეზეა განვითარებული.

-რამდენად დიდია საქართველოში უშვილობის პრობლემა?

-უშვილო წყვილები ალბათ ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში 15 % -ს შეადგენს ზოგადი პოპულაციიდან და ამ ყველა 15%-ს ინ ვიტრო არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, არც თუ ცოტაა და არც ისე ბევრი, რომ ვერ დავეხმაროთ.

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ: shentvis4u@gmail.com

სამედიცინო პორტალი ”VIPMED.GE’’ ნიჭიერ და წარმატებულ ექიმს-ნინო მუსერიძეს დიდ წარმატებებს უსურვებს!