Doctor's Search

„შობადობიდან გამომდინარე, გადაშენების პირას ვართ, სახელმწიფო კი არ გვეხმარება უშვილობის პრობლემის დაძლევაში“ -ნინო მუსერიძე

August 3, 2017 Posted By Vipmed.ge

კაცობრიობა შთამომავლობით გრძელდება. ამიტომაცაა, რომ შვილების ყოლის სურვილი ინსტიქტურად გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ ბავშვის გაჩენა ყველა ქალს არ შეუძლია.

მედიცინა უშვილობის დაძლევას უხსოვარი დროიდან ცდილობს და მნიშვნელოვანი წარმატებებიც იქნა მიღწეული. საბედნიეროდ, დღეისათვის არსებული ინოვაციების მეშვეობით, ხელოვნური გზით უშვილობის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

ინ-ვიტრო განაყოფიერება საქართველოში პირველად 1999 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ქალს, რომელსაც არ შეუძლია ბუნებრივი გზით დაფეხმძიმება, საშუალება აქვს მიმართოს ხელოვნურ განაყოფიერებას.

ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაციასა და ხელოვნური განაყოფიერების ფასებზე სამედიცინო პორტალი „VIPMED.Ge” -ს ჟურნალისტი სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ინ-ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ემბრიოლოგს, პათომორფოლოგს – ნინო მუსერიძეს ესაუბრა.

როდის უნდა მიმართოს ქალმა ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის ექიმს?

რეპროდუქციული ასაკის წყვილს, 1 წლიანი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ თუ შვილი არ უჩნდება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის მიზნით, ქალმაც და მამაკაცმაც უნდა მიმართონ ექიმს.

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ქალის ბიოლოგიური ასაკი იყო მთავარი. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ განაყოფიერების დროს მამაკაცის ასაკიც გასათვალისწინებელია. 38 წლამდე ქალის რეპროდუქციული ასაკი სტაბილურად მომდინარეობს. 44 წლიდან კი, გაიდლაინით ითვლება, რომ ქალბატონები საჭიროებენ დონაციას. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ მომართვიანობას, რათა არ მოხდეს კვერცხუჯრედის ხარისხის ცვლილება ცუდისკენ. ქალბატონების შემთხვევაში, 38 წლის ზემოთ, იზრდება გენეტიკური პათოლოგიების განვითარების რისკი. ასაკის ცვლილებასთან ერთად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აღარ გამომუშავდება ისე, როგორც ადრეულ ასაკში, უჯრედებში გაყოფის პროცესებიც ირღვევა და კვერცუჯრედის ხარისხი იმდენად ფუჭდება, რომ შვილოსნობა შეუძლებელი ხდება.

საქართველოში ძირითადად, რა ასაკის ქალბატონები მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

საქართველოში, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად არ იგზავნებიან პაციენტები ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე, ძირითადად, 10-15 წლის უშვილოები, 38 წელს გადაცილებული ქალბატონები მიმართავენ რეპროდუქტოლოგს, რადგან ჩვენთან, ინ-ვიტრო განაყოფიერებას რატომღაც, ბოლო ეტაპად იტოვებენ, ზოგჯერ ისეთი ტიპის უშვილობასთან გვაქვს საქმე, რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლია ქალბატონს შვილის გაჩენა. უშვილობის დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი პაციენტები მკურნალობენ სხვა მიმართულებით და არ მოდიან ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად.

რამდენად ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალს ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაშიც კი არ შეუძლია შვილის ყოლა?

ინ-ვიტრო განაყოფიერებასაც აქვს თავისი პროცენტი, ისევე როგორც ყველა დამხმარე ტექნოლოგიას, რაც კი არსებობს დღევანდელ რეალობაში. 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ ვერაფერში მოგვცემს, მით უფრო, მედიცინაში, თუმცა, რაც უფრო დროული იქნება მომართვა და ადრეულად დაესმება პაციენტს დიაგნოზი, შედეგიც უფრო დროული იქნება. თუ ქალბატონები 35 წლამდე მოგვმართავენ ინ-ვიტრო განაყოფიერების სურვილით, დაფეხმძიმების შანსიც უფრო მაღალია.

რას ნიშნავს ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაცია და რა შემთხვევაში მიმართავენ ამ მეთოდს?

ბიოლოგიური მასალის კრიოპრეზერვაცია ნიშნავს ქალის კვერცხუჯრედის თუ საკვერცხის ქსოვილის, აგრეთვე მამაკაცის ბიოლოგიური მასალის, სპერმის ან სათესლე ჯირკვლის ქსოვილის გაყინვას.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, ონკოლოგიური დაავადებები აღარ არის განაჩენი და ეს დიაგნოზი სიკვდილთან აღარ ასოცირდება, უშვილო პაციენტებს ძალიან კარგი გამოსავალი აქვთ. ადრეული დიაგნოსტიკა, კლინიკური მეთოდები ონკოლოგიური დაავადებების დროულად გამოვლენის საშუალებას იძლევა და შესაბამისად, შეგვიძლია ვიზრუნოთ ამ პაციენტების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც. აქედან გამომდინარე, როდესაც ისმევა დიაგნოზი და თუ ეს არის რეპროდუქციულ, ან ბავშვთა ასაკში, სასურველია ბიოლოგიური მასალა გაიყინოს, რადგან ის პრეპარატები, რომლითაც ქიმიასა და დასხივებას ატარებენ, ტერატოგენულია, რაც ნიშნავს იმას, რომ აფუჭებს კვერცხუჯრედისა თუ სპერმის ხარისხს. ამდენად, უმჯობესია, რომ პაციენტის ქსოვილის კრიოპრეზერვაცია მოხდეს.

რამდენად დიდია ინ ვიტრო განაყოფიერებით დაავადებულ ბავშვებში გენეტიკური და სხვა დაავადებების რისკი?

მე, როგორც ემბრიოლოგი გეტყვით, რომ თუ გადავხედავთ არსებულ სტატისტიკას, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები გენეტიკური პათოლოგიებით გაცილებით ცოტაა. დიაგნოსტირება ანუ გენეტიკური სკრინინგი საკმაოდ სწრაფად ხდება და პათოლოგიური ემბრიონები არ გადაგვაქვს. გარდა ამისა, ვაკვირდებით ემბრიონის მორფოლოგიურ განვითარებას მეხუთე დღემდე. მე თვითონ ვარ მორფოლოგი და შემიძლია შევაფასო ამა თუ იმ უჯრედში არსებული პრობლემა, ანუ არის თუ არა უჯრედი სიმსივნურად გადაგვარებული. ასეთივე ცვლილებები მიმდინარეობს ემბრიონშიც. ამიტომ, გადაგვაქვს მხოლოდ პირველი და მეორე ხარისხის ემბრიონები. ეს არის კარგი ემბრიონები, რომლებიც სიცოცხლისუნარიანია. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეტი შანსია იმისა, რომ ჯანმრთელი ახალშობილი დაიბადოს. დღეისათვის, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ჯანსაღი.

რა ინოვაციები და მიდგომები გაქვთ თქვენს კლინიკაში?

ჩვენს დეპარტამენტთან თანამშრომლობენ ებრაელი კონსულტანტი, ვლადისლავ კორსაკი და პროფესორი ფელდბერგი, რომელთაც ისრაელში ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ჩვენთან ერთად მართავენ პაციენტებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს სუროგაცია-დონაციის პროგრამა ინფიცირებულ პაციენტებში, საუბარია აივ ინფექციაზე, ვგულისხობ შიდსს, C და B ჰეპატიტს. ძალიან ხშირად, ამ ტიპის პაციენტებს არ მკურნალობენ სხვა კლინიკებში, ჩვენ მკურნალობის ყველანაირი საშუალება და პირობები გვაქვს. პირველი კონსულტაცია უსვილო წყვილებისათვის ჩვენთან უფასოა, ხოლო 30 წლამდე პაციენტებისათვის, შერჩევითი სამედიცინო ჩვენებებით ინ-ვიტრო განაყოფიერება გარანტიით, პერიოდულად კი გვაქვს სხვადასხვა სახის აქციები და ფასდაკლებები.

თქვენს კლინიკაში დაახლოებით, რა ჯდება ხელოვნური განაყოფიერება?

ხელოვნური განაყოფიერება წამლებისა და გამოკვლევების ჩათვლით დაახლოებით, 7 000 -დან 8 000 -მდე ჯდება. ყოველთვის ჯობია, რომ წყვილი მოვიდეს გამოკვლევებზე. თუ რაიმე გვჭირდება ენდოსკოპიურ ქირურგიაში თუ ლაპაროსკოპიურ დიაგნოსიკაში, ჩვენ ამის საშუალებაც გვაქვს. საბედნიეროდ, ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ჩატარდეს ჰისტეროსკოპია თუ ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა. რა თქმა უნდა, აქვეა სამშობიარო სახლი, სადაც ორსულებს უკვე მეანებს გადავცემთ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს მთელი ორსულობა. პრაქტიკულად, პაციენტს ჩვენთან მკურნალობის სრული ციკლი შეუძლია გაიაროს.

საქართველოში, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. სახელმწიფო თუ ეხმარება ინ-ვიტრო განაყოფიერების მსურველებს ფინანსურად?

საქართველოში უშვილობასთან მიმართებაში არანაირი პროგრამა არ არსებობს. ინ-ვიტრო განაყოფიერების მსურველებს არავინ ეხმარება. არც ერთი სადაზღვეო კომპანია არ აფინანსებს უშვილობას, არც ერთ გამოკვლევასა და ტესტს. თუ ჩვენ რეალურად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს უშვილოებს ამ პრობლემის დაძლევაში. ფაქტია, რომ შობადობიდან გამომდინარე გადაშენების პირას ვართ. როდესაც ილია II-მ ყოველი მესამე ბავშვის ნათლობა განახორციელა, ამ პერიოდში დემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელ რეალობაში შობადობა მაღალია.

პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ცოლისა და ქმრის უშვილობის შემთხვევაში, როდესაც შვილის ყოლის ერთადერთი გამოსავალი ხელოვნული განაყოფიერებაა, სახელმწიფო ამ ტიპის მკურნალობას სრულად აფინანსებს. მე ვმუშაობდი ისრაელში და შემიძლია გითხრათ, რომ იქ, ვიდრე ორ ბავშვს არ გააჩენს ქალბატონი, შეუძლია გაიკეთოს რამდენი ციკლიც უნდა და ამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ასეთივე მიდგომაა რუსეთშიც. კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც დააფინანსებს სახელმწიფო უშვილოებს, რადგან უამრავი წყვილია, რომელთაც არ შეუძლიათ შვილის ყოლა და არც იმის ფინანსური საშუალება აქვთ, რომ მიმართონ ხელოვნურ განაყოფიერებას. ერთჯერადი პროცედურა მაინც რომ დააფინანსოს სახელმწიფომ, შესაძლოა პაციენტმა 12 წლის შემდეგ კი არა, პირველი ორი წლის განმავლობაში მოგვმართოს და მას დასჭირდეს მინიმალური თანხა დასაორსულებლად. ზოგჯერ ქალბატონს მექანიკური უშვილობა აქვს, სწორი და დროული კვლევებისა და მკურნალობის შემდეგ ის ინ-ვიტრო განაყოფიერების გარეშეც დაფეხმძიმდება. ან, დაბალი სპერმატოზოიდების შემთხვევაში, 20 – 30 წლის წინ ამ დიაგნოზით შვილის ყოლა შეუძლებელი იყო, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს შესაძლებელია. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სხვისი ან დონორის კვერცხუჯრედი თუ სპერმა გამოიყენო, აქ საუბარია საკუთარ შვილებზე, რომლის ყოლა წყვილს მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით შეუძლია. თუ სახელმწიფო დაეხმარება საზოგადოებას, ამდენი პრობლემაც არ იქნება და გაცილებით მეტ ქალბატონს შეეძლება ბავშვის გაჩენა. ასეთი ნერვული სისტემითაც აღარ მოგვმართავენ პაციენტები, რადგან 10 წელი უშვილობა პრობლემური დიაგნოზია, რომელსაც სტრესული ფაქტორი ახლავს თან.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჯანდაცვის სამინისტრო, მოტივირებული და გონიერი გუნდით, აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ახლო მომავალში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებასაც ჩადებს. ეს იქნება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის დასაძლევად.

YouTube Preview Image

ნათია ღამბაშიძე


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები