Doctor's Search

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

June 27, 2019 Posted By Vipmed.ge

,,ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე, საზოგადოება არ იქნება თქვენს გარეშე“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.

.

ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ – ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს.

დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ,,მადლობის სიგელი” გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

,,დღეს განსაკუთრებული დღეა – მადლობის თქმის დღე! 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, თავდაუზოგავად იშრომეს, ჩვენს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და შეძლეს მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მთელი საზოგადოების სახელით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება და ექიმები მათი გამოჯანმრთელებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

პრეზიდენტის თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ღამის განმავლობაში, სულ 24 პაციენტი შევიდა. მათ გადაუდებელი ოპარაცია ჩაუტარდათ და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა.

,,6 პაციენტის შემთხვევაში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეუნარჩუნდათ მხედველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ახალგაზრდების თვალები ჩვენი მომავლის თვალებია

მინდა დაჯილდოებით გამოვყო ქირურგ – ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას ღვაწლი, რომელმაც 21 ივნისს დაბადების დღესთან დაკავშირებით მორიგეობა გადაცვალა და სწორედ იმ ღამეს მოუწია სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულება.

,,რეგიონულ ჰოსპიტალსაც“ მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს უწევდა მუშაობა და იქაც ტყვიით დაშავებულ 2 პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
როცა ბელორუსიიდან დავრეკე პირადად, მითხრეს, რომ ვერ გადაარჩებოდა თვალი, მაგრამ სასწაულებიც ხდება და საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა ქირურგ – ოფთალმოლოგს, რეზო ომიაძეს, რომელსაც გამოცდილება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და დაბრუნდა საქართველოში, ესეც ღირსშესანიშნავია.

სულ მუშაობდა 77 სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მათ შეძლეს სხვადასხვა სიმძიმის პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა.

მაკა გვარამია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, იმ ღამეს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებული, სოლომონ როსტომაშვილი – მოვალეობის შემსრულებელი,  არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სამსახურის მობილიზაცია შეძლეს და ამ სამსახურმა ძალიან ეფექტურად იმუშავა. მინდა, რომ ყველას გადასცეთ მადლობა.

ჩვენ ამოვირჩიეთ ეს 4 ადამიანი, შეუძლებელია ყველას დაჯილდოება, მაგრამ მათი ჯილდო თქვენი ჯილდოცაა, ეს ყველას ჯილდოა – სხვადასხვა საავადმყოფოებში მობილიზებული ექიმების.  ეს იყო არნახული ერთად ყოფნა.
ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არაერთი ტრაგიკული, მძიმე დღე, მძიმე ღამე და მძიმე პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას – მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმ პერიოდში, მეორე მხარე, რომელიც იმედისა და გაძლიერების მომცემია და ეს მეორე მხარე, დღეს ხართ თქვენ, ყველა, ვინც ამ ქვეყნისა და მისი მომავლისათვის მზადაა იშრომოს და ბოლომდე დაიხარჯოს. ამისი მაგალითი ვნახეთ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო.

ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას.

არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.

ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენს გარეშე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ექიმებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო ჯილდოსა და ნდობისათვის.

,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის.

ჩემთვის უდიდესი პატივია ეს ჯილდო, მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.

შემოსული იყო ორი უმძიმესი პაციენტი თვალის კაკლის დაზიანებით. საბედნიეროდ, მეც და პაციენტებსაც გაგვიმართლა, რომ მოვახერხე თვალის მთლიანობის აღდგენა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოფთალმოლოგიურ ცენტრში ნინო ბერაძეს, რომელიც ძალიან დამეხმარა და მის გარეშე ეს არ მოხერხდებოდა, ასევე მადლობა ჩემს კოლექტივს ოფთალმოლოგიურ ცენტრს ერთად დგომისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რეზო ომიაძემ.