Doctor's Search

„ინსულტის განვითარების რიცხვმა საგრძნობლად იმატა!“-რუსუდან სიჭინავა

April 3, 2018 Posted By Vipmed.ge

ინსულტი!
განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის მას მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. რაც უფრ ინფორმირებულები ვიქნებით ნებისმიერი დაავადების შესახებ მით უფრო მეტი შანსი მოგვეცემა უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ, დღეს გაგაცნობთ მოკლე და დეტალური ინფორმაციას: რა არის ინსულტი, რა შემთხვევაში შეიძლება დაგვემართოს, ვინ დგას ინსულტის რისკის ქვეშ…

წარმოგიდგენთ ჩვენი რუბრიკის სტუმარს- თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ნევროლოგს, ქ.ნ რუსუდან სიჭინავას.

-ქ.ნო რუსუდან მოკლედ, რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველს რას ნიშნავს ინსულტი?

- ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. არსებობს ორი სახის ინსულტი-იშემიური ანუ ტვინის ინფარქტი და ჰემორაგიული ანუ თავის ტვინში სისხლჩაქცევა.

განასხვავებენ ინსულტის განვითარების არამოდიფიცირებად და მოდიფიცირებად რისკს ფაქტორებს. არამოდიფიცირებადი რისკ ფაქტორებია: ასაკი, სქესი, მემკვიდრეობა. მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორებია: არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები. გულის რითმის დარღვევა (მოციმციმე არითმია). შაქრიანი დიაბეტი, საძილე არტერიის სტენოზი, ღამის აპნოე, თამბაქოს მოხმარება.

ინსულტი ვლინდება ცნობიერების დარღვევით, მეტყველების მოშლით, მოძრაობის შეზღუდვით კიდურებში.

- შეუძლია თუ არა ადამიანს რაიმე გზით, ინსულტისგან დაიცვას თავი?

- ინსულტის დასაცავად 100%იანი გზა არ არსებობს ,თუმცა თუ შევამცირებთ და მოვაწესრიგებთ მოდიფიცირებად რისკ ფაქტორებს უფრო ნაკლებ პროცენტში იქნება შესაძლებელი ინსულტის განვითარება.

- არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი ინსულტთან მიმართებაში?

- სტატისტიკის მიხედვით თავის ტვინის სისხლძარღოვანი დაავადების გავრცელებულობა შეადგენს დაახლოებით 800 კაცს 100000 კაცზე. 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა დაახლოებით 5 %-ს უკვე გადატანილი აქვს ინსულტი. ყოველწლიურად ინსულტით 6 მილიონამდე ადამიანი ავადდება ანუ ყოველ 1,5 წუთში ერთს უვითარდება ეს დაავადება. ასაკობრივი მაჩვენებლის მიხედვით :65-74 წლის ასაკში ინსულტი 6 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე 45-54 წლის ასაკში, ასაკში ინსულტი მამაკაცებში 2 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, თუმცა 65 წლის ასაკისთვის ერთნაირი სიხშირითაა გამოვლენილი. უკანასკნელ წლებში ინსულტი შედარებით გაახალგაზრდავდა. დღეისათვის მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს ინსულტთან ბრძოლა, ვინაიდან იწვევს ღრმა ინვალიდიზაციას.

- როგორ უნდა მოიქცნენ ის პაციენტები, რომელთაც ინსულტის განვითარების რისკი მაღალი აქვთ?

- ინსულტი ვითარდება უეცრად, ამიტომ ინსულტის რისკის ქვეშ მყოფმა პაციენტებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ თავის ტვინის სისხლძარვების გამოკვლევა და ლაბორატორიული კვლევები.

-ინსულტამდე და ინსულტის შემდეგ ცხოვრების წესის მნიშვნელობა…

- ცხოვრების წესს ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა, უმეტეს შემთხვევაში პაციენტი ინსულტის განვითარების შემდეგ გებულობს, რომ აქვს შაქრიანი დიაბეტი, მოციმციმე არითმია, ამიტომ ასაკის მატებასთან ერტად პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს ამბულატორიული კონსულტაცია ნევროლოგთან, ჩაიტაროს მინიმალური ლაბორატორიული კვლევები.

- ინსულტის განვითარების შემთხვევაში, თქვენთან მოსულ პაციენტებს მკურნალობის რა მეთოდს და მიდგომას სთავაზობთ?

- თითოეული პაციენტის მკურნალობა არის ინდივიდუალური, თანმხლები დაავადებიდან გამომდინარე. თუ დაავადების განვითარებიდან 6 სთ-ში გახდება შესაძლებელი მკურნალობის დაწყება, შედეგიც უკეთესი იქნება, ინსულტის მკურნალობის დროს ტარდება ინფუზიური, ვაზოაქტიური და ანტიაგრეგანტული თერაპია, რომლებიც ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ააქტიურებს ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის გადაცემას. მკურნალობაში ასევე მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, ყველაზე სასურველ შედეგებს იძლევა ინსულტის შემდგომი ადრეული სარეაბილიტაციო პროცესები, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ნევროლოგი, ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი. სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტვინის რეზერვების სრულად გამოყენებისა და ადამიანის ფიზიკური, გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული.

-თქვენს კლინიკაში მოსულ პაციენტებს, ეძლევათ თუ არა საშუალება ჩაიტარონ (ინსულტის შემთხვევაში) სრულფასოვანი დიაგნოსტიკა?

- ჩვენს კლინიკაში ინსულტის დიაგნოსტირებისათვის არსებობს ყველა საშუალებები ე.წ ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები. დღესდღეობით კლინიკური დიაგნოსტირება და გამოკვლევის სხივური მეთოდების სრულყოფა შესაძლებლობას იძლევა დაზუსტდეს ინსულტის ხასიათი და ლოკალიზაცია, შესწავლილ იქნას მათი თანმხლები დაზიანებები (სისხლძარღვები), რაც მკურნალობას ხდის გაცილებით მიზანმიმართულს.

დიაგნოსტიკის მეთოდებს მიეკუთვნება:

✔ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) კონტრასტირებით და მის გარეშე.
✔ კტ ანგიოგრაფია (ტვინის ქსოვილთან ერთად მკვებავი სისხლძარღვების გამოსახვა).
✔ ბირთვულ მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია(მრტ) ანგიორეჟიმით და მის გარეშე.

- გყოლიათ თუ არა მძიმე პაციენტი და დროულ მომართვას რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? 

- რა თქმა უნდა გვყოლია მძიმე პაციენტები. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად უტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რაც საბოლოოდ მკურნალობის დროულ დაწყებასთან ერთად იძლევა სასურველ შედეგს. თუმცა შედეგი დამოკიდებულია ასევე ინსულტის ლოკალიზაციაზე და ზომაზე. ინსულტის დროს ხდება ტვინის ნაწილის დაზიანება. თუ დაზიანება დიდი არ არის ფუნქციები მკურნალობის ფონზე რამდენიმე დღესა თუ კვირაში ნაწილობრივ აღდგება, მაგრამ თუ დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება შეიძლება დამთავრდეს ლეტალობით ან ღრმა ინვალიდიზაციით.

-რამდენად იმატა ინსულტის განვითარების რიცხვმა ბოლო წლებში?

- ინსულტის განვითარების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, არა მარტო ეკონომიურად ღარიბ ქვეყნებში, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც. რაც დაკავშირებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესთან და პირობებთან.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე
მობ.: +995 577 72 00 73

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები