Doctor's Search

“ბადურის ჩამოშლა ყველას შეიძლება დაემართოს” – სოფიო ჭყონია

March 26, 2018 Posted By Vipmed.ge

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა უფრო მეტად გაგვიმარტივა და გაგვიმრავალფეროვნა ყოველდღიურობა, ხაზგასმით უნდა ავღნიშნოთ ისიც თუ რამდენად მომრავლდა ჯანმრთელობის პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით. თანამედროვე ადამიანი, რაც უფრო ძლიერდება გონებრივად და იზრდება მისი თვალსაწიერი სხვადასხვა ტექნიკის დახმარებით, მით უფრო სუსტდება და მცირდება ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირების უნარი. ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის კი ერთ-ერთია ოფთალმოლოგიური პრობლემები არის ეს ჩვილ, მოზარდ, ზრდასრულ თუ მოხუცებულთა ასაკში.

თვალი! -ეს ის პერიფერიული ორგანოა, რომელსაც ადამიანის სრულყოფილ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს რუბრიკაში „ინტერვიუ ექიმთან“ გაგაცნოთ ამ დარგში არსებული ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ – „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“-ს, ამბულატორიული სამსახურის უფროსის, ექიმი – ოფთალმოლოგის სოფიო ჭყონიას რჩევები:

- ქ.ნო სოფო, დაასახელეთ თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებები.

- სამწუხაროდ ბოლო პერიოდში თვალის დაავადებებმა საკმაოდ იჩინა თავი, მოგახსენებთ, რომ ყველაზე ხშირად დღესდღეისობით თითქმის ყოველ მეორე პაციენტს ვხვდებით – მშრალი თვალის სინდრომით, თუმცა ასეთი მშრალი თვალის სინდრომი არც თუ ისეთ მძიმე ნოზოლოგიას წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მარტივი გამოსავალით, ასევე ხშირად ვხვდებით გლაუკომასა და დიაბეტურ რეტინოპათიას.

- რა იწვევს თვალის სიმშრალეს?

- მშრალი თვალის სინდრომი შესაძლებელია მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მოგეხსენებათ, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტერნეტ სივრცის გარეშე დღეს მოღვაწეობა შეუძლებელია, რაც ერთერთი მიზეზია ამ სინდრომის განვითარების, თუმცა შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის, გორმონალური დისბალანსის და ასევე სისტემატიური მედიკამენტის გამოყენებაც (ანტიგლაუკომატოზური წვეთები) გახდეს მიზეზი.

- არის თუ არა დიაბეტი სიბრმავის გამომწვევი?

- დიაბეტი ზოგადად სისხლძარღვოვან პრობლემებთან ასოცირდება, ასევეა ოფთლმოლოგიაშიც.

რა თქმა უნდა დიაბეტი შესაძლოა გახდეს მხედველობის მკვეთრი გაუარესების და სიბრმავის მიზეზიც, რადგან დიაბეტური რეტინოპათია, მაკულოპათია, დიაბეტური ფსკერი – საყურადღებოა და დროულ მკურნალობას მოითხოვს. ამ დროს აღინიშნება ბადურა გარსისის სისხლძარღვოვანი დაზიანებები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, რასაც მივყავართ მძიმე შედეგამდე!

- შეიძლება თუ არა ბადურის ჩამოშლა დაემართოს ჯანმრთელ ადამიანს?

- რა თქმა უნდა არავინ არის დაზღვეული ბადურა გარსის ნახეთქისა და ჩამოცლის განვითარებისაგან, თუმცა არსებობენ რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები, მაგალითად როგორებიც არიან ახლომხედველები. ბადურას ჩამოცლა ასევე შესაძლებელია იყოს ტრავმული გენეზით განპირობებული და სხვა… არსებობენ პაციენტები, რომლებიც მოგვმართავენ მხედველობის “ბუნდოვანების” ჩივილით და აღნიშნავენ, რომ ყოველთვის იდეალური მხედველობა ჰქონდათ – ამ დროს კი ვლინდება, რომ ბადურას ნახეთქი ან ბადურას ჩამოცლა აქვთ. ბადურას ნახეთქის ჩამოყალიბება მიმდინარეობს უსიმპტომოდ რის გამოც პაციენტს ჩივილი უკვე გვიან ეტაპზე უჩნდება.

- აქვს თუ არა ასაკი, მხედველობის დაქვეითებას?

- ცხადია, მხედველობის დაქვეითება ფიზიოლოგიურად მოისაზრება, როდესაც პაციენტები მოგვმართავენ 40 წლიდან ზევით და უჩივიან ახლო მანძილზე მხედველობის გაუარესებას. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკშიც ხშირად ვხვდებით მხედველობის დარღვევას.

- როგორ გავიხანგრძლივოთ 100% მხედველობა?

- სისტემატიური მეთვალყუროება, ჯანსაღი საკვების მიღება – არის ის აუცილებელი, ელემენტარული და საჭირო პირობა, რომელიც ყველა ასაკში უნდა შევასრულოთ.

- აყენებს თუ არა ზიანს ადამიანს, სათვალის ექიმთან ვიზიტის გარეშე თვითნებურად შერჩევა?

- რა თქმა უნდა, თვითნებურად სათვალის შერჩევა ხორციელდება ყველა წესის დარღვევით. გარდა იმისა რომ, სათვალის შერჩევას გარკვეული წესების დაცვა სჭირდება, ასევე ყველა ადამიანს გუგებს შორის მანძილი ინდივიდუალური აქვს, რომლის დაცვაც თვითნებურად შერეულ სათვალეში ვერ ხორციელდება, რის გამოც მალე აღიქვამენ მხედველობის ბუნდოვანებას. შემდგომ ისევ თვინებურად ირჩევენ სათვალეს და საბოოლოდ იმაზე ბევრად მეტი დიოპტრიის გამოყენება უხდებათ ვიდრე საჭიროება მოითხოვს.

- რა სიახლეებს და მიდგომებს სთავაზობთ, ოფთალომოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად თქვენთან მოსულ პაციენტებს?

- გააჩნია ჩვენი პაციენტი რა ტიპის ოფთალმოლოგიური პრობლემის წინაშე დგას. საბედნიეროდ არსებობს ისეთი თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაავადების ნაადრევი ფაზის გამოვლენა – შესაბამისად მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

ფლუორესცენტული ანგიოგრაფიის საშუალებით ხორციელდება ბადურა გარსის და ხორიოიდეას პათოლოგიური ცვლილებების ნაადრევი დიაგნოსტირება – როგორიცაა სიმსივნეები, ანგიოპათიები, მაკულოპათიები და ა.შ.

ასევე დიდი იმფორმატიულობით გამოირჩევა ოპტიკურ-კოხერენტული ტომოგრაფია.

- არის თუ არა სავალდებულო პერიოდულად ოფთალმოლოგთან ვიზიტი?

- რა თქმა უნდა! გეგმიური შემოწმება, ჩემი აზრით სავალდებულოა.

ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, თვალი უნდა ადევნოს საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კი თვალის მდგომარეობას, მითუმეტეს იმ ადამიანებს ვურჩევდი მიმართონ თვალის ექიმს, რომლებსაც აქვთ: შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი, ასევე გლაუკომის დიაგნოზი. მშობლებს ვურჩევდი სკოლამდელი ასაკის ბავშვების კონტროლს. ასევე მძღოლებს, რომლებსაც აქვთ დაბალი მხედველობა ამ პრობლემის გამო ხომ შესაძლოა, როგორც საკუთარი ასევე სხვისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ. გაუფრთხილდით თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას!

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე
მობ.: +995 577 41 49 41

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები