Doctor's Search

“ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება ორთოპედის ნებართვის გარეშე არ შეიძლება”–თამარ ჭიჭინაძე

July 5, 2018 Posted By Vipmed.ge

ადამიანის ტერფს მეტად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამიტომ, ტერფის უმნიშვნელო ტკივილმაც კი შესაძლოა მისი ფუნქციის დაკარგვამდე მიგვიყვანოს, რომელიც თავის მხრივ უდიდეს გართულებებს გამოიწვევს.

დღესდღეობით, ტერფის დაავადებებს ორთოპედიულ პათოლოგიებს შორის დიდი ადგილი უკავიათ და ამ დარგის სპეციალისტებთან მიმართვიანობაც სულ უფრო მეტად მატულობს.

რა ასაკიდან რთულდება ტერფის პათოლოგიების მკურნალობა?

ბრტყელტერფიანობის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? როგორ ხდება ბრტყელტერფიანობის შეძენა? რა არის დიაბეტური ტერფი და როგორია მისი კლინიკური გამოვლინება? –ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გადაცემა “ექიმის საათში” ექიმი, ორთოკინეზი, თერაპევტი–თამარ ჭიჭინაძე საუბრობს.

– ქალბატონო თამარ, ვის უნდა მიმართოს პაციენტმა ტერფთან დაკავშირებული პრობლემებით?

– პაციენტმა ტერფთან დაკავშირებული პრობლემებით ორთოპედს უნდა მიმართოს, რადგან ტერფის ტკივილის შემთხვევაში პედიატრის გარდა, ორთოპედ-ტრამვატოლოგის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ტერფის პათოლოგიების საკმაოდ დიდი სპექტრი არსებობს, მაგალითად: ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, ღრუ ტერფი, ნამგლისებრი ტერფი, დიაბეტური ტერფი.

ტერფის პრობლემები სხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენენ. ამიტომ, თუ დროულად არ მივხედეთ ამ პათოლოგიებს, ისეთ გართულებებს გამოიწვევენ, როგორებიცაა: I ტიპის ვალგუსური დეფორმაცია, ქუსლის დეზი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი. დიაბეტურ ტერფთან დაკავშირებით პაციენტი წყლულის განვითარებასთან არ უნდა მივიდეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენი ჩარევა ძალიან გართულდება.

– რა პრობლემით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირი ბტყელტერფიანობაა. როგორც წესი, არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა. შეძენილი და თანდაყოლილი ბრყელტერფიანობა ისეთ გართულებას იწვევენ, როგორიც არის ხერხემლის გამრუდება. ამ პრობლემის დროს მშობელმა ბავშვი კლინიკაში 4 წლის ასაკიდან შეიძლება მიიყვანოს, რადგან უფრო პატარა ასაკის ბავშვს ბავშვთა ორთოპედმა უნდა უმკურნალოს. თუ ორთოპედმა პატარას რაიმე სახის დარღვევა შეამჩნია, ამ შემთხვევაში საშუალო სტანდარტის ორტეზულ სუპინატორს დაუნიშნავს. აღნიშნული სუპინატორი ტერფს როგორც ვალგუსისგან, ისე ვალგუსური დეფორმაციისგან დაიცავს. ამიტომ, ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება ორთოპედის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. უმჯობესია ბავშვმა ორტეზული სტანდარტის სუპინატორი ატაროს, რადგან ის მოძრავია და ტერფს გარკვეული დეფორმაციებისგან დაიცავს. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება, რადგან ცხიმის საფარველი არ არის გალეული.

– ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევის პროცესში უნდა იღებდნენ თუ არა მონაწილეობას პედიატრი და ორთოპედი?

– მინდა მშობლებს ვურჩიო, რომ ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი ექიმის დანიშნულების გარეშე არ ჩააცვან, რადგან არსებოს მინიმალური ღერძის დარღვევები, რომლებიც მშობელმა თვალით შეიძლება ვერ შეამჩნიოს. მაგალითად: ჰიპერსუპინაცია. ჰიპერსუპინაცია არ არის ტერფმრუდობა, ამ დროს წინა ტერფი ვიზუალურად ოდნავ შიგნით შემოდის.

ორთოპედიული ფეხსაცმელი რადიკალურ ცვლილებას არ იწვევს. მშობლებს ვურჩევ, რომ ბავშვი ფეხის ადგმისთანავე ატარეთ ფეხშიშველი და მიეცით მას საფარველის შეგრძნების საშუალება. ამ შემთხვევაში ის სიარულსაც უფრო მარტივად ისწავლის და წონასწორობასაც უფრო ადვილად დაიცავს.

– რა ასაკიდან რთულდება ტერფის პრობლემების, მათ შორის ბრტყელტერფიანობის მკურნალობა და როდის არის დაგვიანებული მკურნალობა?

– საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი, როდესაც ბავშვს ინდივიდუალური სუპინატორი ან პრონატორი სჭირდება, 4–დან 8 წლამდეა. 4 წლის ასაკში ცხიმის საფარველის გალევა ხდება და თაღი ჩამოყალიბებას იწყებს. 4 წლამდე ასაკის ბავშვზე ვერავინ იტყვის, რომ ბრტყელტერფიანია, რადგან ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანს ჰგავს. ნაწილობრივი დაქვემდებარება 8–დან 12 წლამდე ხდება, შემდეგ მიღებული შედეგის შენარჩუნება და გართულებებისგან თავის დაცვა უნდა მოხდეს. ბრტყელტერფიანობის თანმხვედრი ხერხემლის გამრუდებაა. თუ ამ პრობლემას მშობელმა ყურადღება არ მიაქცია, ხერხემლის გამრუდება მხედველობის პრობლემებსა და თანკბილვის დარღვევას გამოიწვევს. ამიტომ, ტერფის მკურნალობიდან უნდა დავიწყოთ და შემდეგ მიზანმიმართულად მივყვეთ ექიმის დანიშნულებას.

– შეიძლება თუ არა ბრტყელტერფიანი ბავშვებისთვის სპორტული დატვირთვა?

– ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვი ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლებს, მას მუდმივად ექნება სიმძიმის შეგრძნება, ტერფის ტკივილი, კოჭის, მუხლის, მენჯ–ბარძაყის, წელის ტკივილი. ამიტომ, ასეთ დროს ბავშვმა ინდივიდუალური სუპინატორით უნდა ივარჯიშოს. ამ შემთხვევაში ის ფიზიკურ დატვირთვასაც გაუძლებს, მაგრამ თუ ხერხემლის გამრუდება უკვე დაწყებულია, მაშინ რეაბილიტოლოგის, სპორტული ექიმის, ორთოპედ–ტრამვატოლოგის ჩარევა გახდება საჭირო.

– რა სიმპტომები ახასიათებს ბრტყელტერფიანობას?

– ბავშვი ბრტყელტერფიანობის დროს: სწრაფად იღლება, წუხს, ტერფი სტკივა, აქვს შეშუპება. ამ შემთხვევაში მშობელმა ბავშვი ბავშვთა სპეციალიტს უნდა აჩვენოს.

თუ ტერფის პრობლემებმა ხერხემლის პრობლემები გამოიწვია, ამას შეიძლება ძლიერი თავის ტკივილიც მოყვეს. ღაბაშის ტარების, ცურვის, ვარჯიშის დაწყების შემდეგ თავის ტკივილიც გაივლის.

– როგორ ხდება ბრტყელტერფიანობის შეძენა?

– შეძენილი ბრტყელტერფიანობა ასაკის მატებასთან ერთად მოდის, თუმცა შეიძლება იყოს მინიმალური ღერძის დარღვევა, ნაწილობრივი I ხარისხი, ან ვალგუსური დეფორმაცია. წონა, დატვირთვა, ასაკი, ჰორმონალური ცვლილება დროთა განმავლობაში შეძენილ ბრტყელტერფიანობაში გადადის. შეძენილი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დროთა განმავლობაში რესორულ ფუნქციას, ამორტიზაციას კარგავს, თაღი ჯდება და იწყება ვალგუსი, ტერფი შიგნით ტრიალდება.

– ბრტყელტერფიანობის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში?

– ბრტყელტერფიანობის მკურნალობის შემთხვევაში ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა არსებობს. ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება გამოკვლევის საფუძველზე ხდება. ყველა სუპინატორს სხვადასხვა ამორტიზაცია გააჩნია და განსხვავებული პრობლემების დროს გამოიყენება. სუპინატორისა და პრონატორის გარდა, ექიმი პრობლემის აღმოჩენის შემდეგ პაციენტებს ისეთ ვარჯიშებს ასწავლის, რომლის გაკეთება სახლში შეიძლება. ეს ვარჯიშები აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და რესორულ ფუნქციას. მინდა ვურჩიო მშობლებს, რომ ბავშვებს ვარჯიშები სტაბილურად, დღეში თუნდაც 15–20 წუთი მაინც აკეთებინონ.

– ტერფის პრობლემების თვალსაზრისით, რამდენად დიდია მომართვიანობა მოსახლეობის მხრიდან?

– თვრამეტწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მომართვიანობამ მკვეთრად იმატა. თუ ადრე პაციენტი ჩვენთან ექიმის დანიშნულებით მოდიოდა, ახლა ძალიან ხშირია პირდაპირი მომართვიანობა და ეს ძალიან კარგია.

– ქალბატონო თამარ, რა არის დიაბეტური ტერფი და როგორია მისი კლინიკური გამოვლინება?

– დიაბეტის დროს მგრძნობელობა და მიკროცირკულაცია ქვეითდება. იმ მიდამოებში, სადაც მაქსიმალური ზეწოლის უბნები არსებობს, წყლული შეიძლება ისე განვითარდეს, რომ პაციენტმა ვერ იგრძნოს და ინფექცია გამოიწვიოს. დიაბეტური ღაბაში სპეციფიკური მასალისგან მზადდება და ძალიან რბილია, მას სპეციალური გადასაკრავი გააჩნია, რომელსაც თავის მხრივ დეზინფექციის ეფექტიც აქვს. როდესაც პაციენტი ასეთი ღაბაშით დადის, ტერფი დატვირთულია , მაქსიმალური ზეწოლის უბნები მკვეთრად შემსუბუქებულია, მგრძნობელობა რომც დაირღვეს, წყლული მაინც ვერ განვითარდება. დიაბეტური ღაბაში მიკროცირკულაციას აუმჯობესებს კაპილარულ დონეზე. სამწუხაროდ, დღეს ხშირად პაციენტები ჩვენთან დაგვიანებულ შემთხვევაში მოდიან, როდესაც უკვე წყლულია განვითარებული, ან თითებია ანპუტირებული. მინდა ყველას ვურჩიო, რომ დროულად მიმართონ სპეციალისტს.

– დიაბეტური ტერფის შემთხვევაში მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– ჩვენთან მხოლოდ ინდივიდუალური ღაბაში მზადდება. ეს ენდოკრინოლოგისა და ანგიოლოგის პრეროგატივაა. პაციენტი ენდროკრინოლოგისა და ანგიოლოგის დანიშნულებას უნდა მიჰყვეს და გამოიყენოს დიაბეტური, ინდივიდუალური ღაბაში როგორც პრევენციის საშუალება.

– რა არის მძიმე ფეხის სინდრომი და რა იწვევს მას?

– მძიმე ფეხის სინდრომი მხოლოდ ჭარბ წონასთან არ არის დაკავშირებული. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ლიმფოვენური უკმარისობით. ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ტერფის პრობლემასთან, მკვეთრ ტერფიანობასთან ან ჰიპერსუპინაციასთან. ამ დროს რესორული ფუნქცია არ მუშაობს, ადამიანი სწრაფად იღლება, ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება აქვს.

– ადამიანი ტერფის მიდამოში გარკვეული ტრამვის დროს სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს თუ არა სპორტს და აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას?

– ტრამვის დროს ადამიანი ორთოპედ–ტრამვატოლოგის, რეაბილიტოლოგის რჩევას უნდა მიჰყვეს და მას ნამდვილად არ მოუწევს ფიზიკურ აქტივობასთან ჩამოშორება. აუცილებელია ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენებაც და ის სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებასაც შეძლებს. სპორტსმენები სუპინატორებს იმისთვის იყენებენ, რომ ტერფი ტრამვისგან დაიცვან.

– ხშირად ადამიანები თავიან თავს თვითონ უნიშნავენ მკურნალობას, რომელიც “ხალხური მედიცინის” სახელით ინათლება. რა პრობლემები გხვდებათ ყველაზე ხშირად თქვენს პრაქტიკაში?

– თვითმკურნალობა ქუსლის დეზის შემთხვევაში და ვალგუსური დეფორმაციის დროს ძალიან ხშირია. ეს ვალგუსური დეფორმაცია I თითის დახრის კუთხე შესაძლებელია იყოს როგორც განივი, კომბინირებული ბრტყელტერფიანობის, ასევე რევმატიული პრობლემებით გამოწვეული.

რაც შეეხება ე.წ. ხალხურ მედიცინას, პაციენტებს მუდმივად ვთხოვ, რომ თუ ხალხური რეცეპტით მკურნალობენ, მკურნალობის შემდეგ გადაიღონ რენტგენი და შეადარონ. თუ მართლა იციან ასეთი “სასწაულები”, ჩვენც გაგვიზიარონ. როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ის მას ბოლომდე უნდა ენდოს. სხვა შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ. ბრტყელტერფიანობა ძალიან იშვიათად, მხოლოდ მძიმე გენეტიკური ფაქტორის შემთხვევაში არ ექვემდებარება მკურნალობას.

– ტერფის პრობლემების დროს რა რეკომენდაციებს მისცემთ პაციენტებს?

– ყველა მშობელს ვურჩევ, რომ პატარა ბავშვობიდანვე აჩვენონ ბავშვთა ორთოპედ–ტრამვატოლოგს, ბავშვს საშუალება მისცენ ფეხშიშველმა იაროს, ორთოპედიული ფეხსაცმელი ყველას არ სჭირდება, 4–5 წლიდან უკვე შეიძლება ჩავუტაროთ პედოგრაფია და სკანირება, საჭიროების შემთხვევაში, დამზადდეს ინდივიდუალური სუპინატორი, რომლითაც ბავშვი უნდა გაიზარდოს. თუ მხოლოდ 4–დან 8 წლამდე ატარა ბავშვმა სუპინატორი და 8 წლის შემდეგ მისი ტარება შეწყვიტა, შედეგს ვერ მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში მშობლის შრომაც და ფინანსებიც წყალში იქნება ჩაყრილი. ამიტომ, მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ დაწყებული მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.

.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე: +995 555 55 60 10

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები