Doctor's Search

„რევმატიული დაავადებების სწორი, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა პაციენტის მდგომარეობას და ცხოვრების რითმს აუმჯობესებს“-თამთა კობახიძე

November 5, 2018 Posted By Vipmed.ge

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური სისტემური დაავადებაა, რომელიც სახსრებში ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებასა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ის გენეტიკური დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად მდედრობითი სქესით გადაეცემა.

ჩვენს ქვეყანაში რევმატიული დაავადებების მნიშვნელოვნად მატება არასწორმა და არადროულმა დიაგნოსტირებამ გამოიწვია. რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს რევმატოიდულ ართრიტს? რამდენი ხანი შეიძლება იცოცხლოს პაციენტმა რევმატოიდული ართრიტით? როგორ ხდება რევმატოიდული დაავადებების მკურნალობა?-ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამედიცინო პორტალ “VIPMED.GE”-ს ჟურნალისტს ექიმი – რევმატოლოგი თამთა კობახიძე ესაუბრა.

-ქალბატონო თამთა, რა არის რევმატოიდული ართრიტი?

-რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ხელის მტევნის და ფეხის ტერფის წვრილი სახსრები. ეს სიმეტრიული დაზიანებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, როდესაც ვლინდება მარჯვენა ხელის მტევნის მეორე თითის პროქსიმალური ფალანგის დაზიანება, მტკივნეულობა, შეშუპება, შეწითლება, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს მარცხენა ხელის მტევანსა და ფეხის ტერფების წვრილ სახსრებში.

რევმატოიდული ართრიტით ძირითადად მდედრობითი სქესის პირი ავადდება, ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ზიანდება სახსრები, თუმცა შორს წასულ შემთხვევაში შეიძლება როგორც სახსრების, ისე შინაგანი ორგანოების დაზიანება.

-რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს რევმატოიდულ ართრიტს?

-რევმატოიდულ ართრიტს შემდეგი კლინიკური ნიშნები ახასიათებს: წვრილი სახსრების შეწითლება, შესიება, მოძრაობის შეზღუდვა, დილის შებოჭილობა, რომელიც 30 წუთის განმავლობაში გრძელდება, პაციენტებს ცხოვრების რითმი ერღვევა, ისახება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური მაჩვენებლების მკვეთრი ცვლილებები. ლაბორატორიული მაჩვენებლებით ისახება უშუალოდ ის მკვეთრი ცვლილებები, რომელიც რევმატიული დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად ც-რეაქტიული ცილის, Anti-CCP-ს და რევმატოიდული ფაქტორის მატება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორი დიაგნოზის დასმაა, რათა შემდგომ სწორი მკურნალობა მოვახდინოთ. ინსტრუმენტალურ გამოკვლევებში ძირითადი მნიშვნელობა რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას ენიჭება. ზოგადად, დაავადებეის დიაგნოსტირებაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტალური გამოკვლევა ინფორმატიულია.

-გენეტიკური ფაქტორები თუ მოქმედებს რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში?

-რევმატოიდული ართრიტი რა თქმა უნდა გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ვრცელდება მდედრობითი სქესით (დედისგან, ბებიისგან, დეიდისგან და ა.შ.).

-როგორია სტატისტიკა რევმატოიდული ართრიტის თვალსაზრისით?

-სამწუხაროდ, საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც არასწორმა და არადროულმა დიაგნოსტიკამ გამოიწვია.

აღნიშნული დაავადების მკურნალობისთვის ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული და სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში სწორი მკურნალობა ხორციელდება. შესაბამისად, პროცესი რემისიაში უფრო ადრე გადაგვყავს.

რევმატოიდული ართრიტი სამწუხაროდ არ ინკურნება. ჩვენი მიზანია რემისიის მიღწევა. არის სრული და არასრული რემისია. სრული რემისიის დროს პაციენტს არ აქვს ტკივილი სახსრებში, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ლაბორატორიულ ინსტრუმენტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ხოლო არასრული რემისიის დროს პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა სახსრებში, მაგრამ სახეზე გვქონდეს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური მაჩვენებლების ცვლილებები. სრული რემისიის მიღწევა ჩვენთვის დიდი შედეგის ტოლფასია.

-რამდენად საშიშია რევმატიული ართრიტი სიცოცხლისათვის?

-თუ დაავადებას სწორად ვმართავთ, ადამიანმა რევმატოიდული ართრიტით მთელი ცხოვრება შეიძლება იცხოვროს. რევმატიული დაავადებებით პაციენტმა რევმატოლოგს წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა მიმართოს მიუხედავად იმისა რომ არის თუ არა დაავადება გამწვავებულ ფაზაში. ვინაიდან ერთხელ დაისვა დიაგნოზი, ის პაციენტს მთელი ცხოვრება ექნება. ამიტომ, მისი კონტროლი მთელი სიცოცხლის მანძილზე აუცილებელია. ეს დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის და ის სწორი დიაგნოსტიკის შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება.

-რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რევმატოიდული ართრიტის დროს ჯანსაღი ცხოვრების წესს?

-რევმატოიდული ართტიტის დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ წონის კორექციას, რადგან სამწუხაროდ, ჭარბი წონა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა. მძიმე წონა იწვევს გარკვეული სახსრების შებოჭილობას, დეფორმაციას, ძვლის დესტრუქციას, ოსტეოპოროზის ნაადრევ განვითარებას და ა.შ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სპორტული აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ცურვა და სხვა აქტივობები აუცილებელია.

-შეიძლება თუ არა, რომ რევმატოიდული ართრიტი სავალალო შედეგით დასრულდეს?

-რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტის ლეტალობა სამწუხაროდ ვლინდება გარკვეულ შემთხვევაში, ეს შორს წასულ პროცესს ეხება, როდესაც უმართავ პაციენტებში პოლიორგანული დაზიანებაა. ამ შემთხვევაში არა მარტო სახსარი, არამედ ზიანდება გულსისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი სისტემა, შარდგამომყოფი სისტემა და ა.შ.

-ოსტეოპოროზზე და ოსტეოართროზზეც ვისაუბროთ

ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი ფართო სპექტრის დაავადებათა ჯგუფია. ამ შემთხვევაშიც მდედრობითი სქესი უფრო მეტად განიცდის ამ პროცესს, ვიდრე მამრობითი, რაც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მაგალითად: მეტაბოლური დისბალანსი ქალის ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.

რაც შეეხება ოსტეოპოროზს, ამ დაავადების დროს ხდება- ძვლის სტრუქტურის დარღვევა, დეფორმაცია, დესტრუქცია, ნაპრალის შევიწროვება და ძვლის მინერალური მასის გამოფიტვა, დაქვეითება. ამ დაავადების დროს მოტეხილობის განვითარების რისკი მაღალია. ოსტეოართროზის შემთხვევაშიც ანალოგიური ცვლილებები ხდება: ძვლის სტრუქტურის დარღვევა, დეფორმაცია, დესტრუქცია, მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვა, პაციენტს კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა უჭირს, მით უმეტეს, თუ მას გადაჭარბებული სხეულის მასა აღენიშნება.

-ფიზიკუორი აქტივობა რამდენად მოქმედებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოართროზის მკურნალობის დროს?

-ოსტეოართროზი 50 წლის ასაკში და ზემოთ ფაქტიურად ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება, ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი აუცილებელია პაციენტისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პაციენტს თუ აღენიშნება ანთებითი მარკერების მატება სისხლის ანალიზის მიხედვით, უნდა მოხდეს ანთების დასტაბილურება და შემდგომ სამკურნალოდ აუცილებელი პროცედურების ჩატარება.

-როგორ ხდება რევმატოიდული დაავადებების დიაგნოსტირება და პრევენცია?

-რევმატოიდული ართრიტის პრევენცია ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ ეს დაავადება გენეტიკურად გადაეცემა პაციენტს, მისი შეფერხება შეუძლებელია. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სხეულის მასის სწორი კორექცია, სწორი კვება, სამკურნალო ფიზკულტურა და ა.შ. პაციენტმა უნდა მოერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, სიმძიმეების ტარებას. ფიზიკური დატვირთვის შემცირება ზემოთ აღნიშნული დაავადებების ერთ-ერთი პრევენციაა.

-ქალბატონო თამთა, რევმატოიდული დაავადებების მკურნალობაზეც მესაუბრეთ

-რევმატოიდული დაავადებების სწორი დიაგნოსტიკის შემდეგ სწორი მკურნალობა უნდა ჩატარდეს. თუ პაციენტს სახსრის მკვეთრი შეშუპება, შეწითლება, ჰიპერემია, ჰიპერთერმია და სხვა ცვილებები აღენიშნება, აუცილებელია ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს გარკვეულ სახსარში არის თუ არა სინოვიალური სითხის მატება. ზოგადად, სინოვიალური სითხე ყველა სახსარში უნდა იყოს, თუმცა ანთებითი პროცესის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, ბეხტერევის დაავადებისა თუ სხვა დაავადებების დროს არის შემთხვევა, როდესაც სახსარში სითხე იმატებს. ამ დროს სახსარშიდა ინექციის ჩატარება აუცილებელია. აღნიშნულ შემთხვევაში დაზიანებული უბნიდან გარკვეული სითხის ევაკუაცია და სახსარში პრეპარატის შეყვანა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვაკეთებთ.

არსებობს პრეპარატების ფართო ჯგუფი, პაციენტი ფაქტობრივად მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მედიკამენტოზური მკურნალობაც აუცილებელია, თუმცა არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სრულ რემისიას. სამწუხაროდ, ასეთი სახის ბიოლოგიური პრეპარატები საკმაოდ ძვირადღირებულია და მის შეძენას ყველა ვერ შეძლებს. ჩვენს ქვეყანაში ბიოლოგიური პრეპარატების დაფუძნება და ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია. სახელმწიფო არც ერთ ბიოლოგიურ პრეპარატს არ აფინანსებს და პრეპარატების სიძვირიდან გამომდინარე, პაციენტები მის შეძენას ვერ შეძლებენ. ოსტეოართროზის, ოსტეოპოროზის დროს ქონდროპროტექტორების ჯგუფის პრეპარატების ფართო სპექტრი ინიშნება. აღნიშნული პრეპარატები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი ძირითადი მიზანი კი სრული რემისიის მიღწევაა.

-რას ურჩევთ იმ პაციენტებს, რომლებსაც რევმატოიდული დაავადებები აწუხებთ?

-პაციენტებს ვურჩევ, რომ სახსრებში თუნდაც დილის შებოჭილობისა და უმნიშვნელო ტკივილის დროს მიმართონ რევმატოლოგს და არა სხვა სპეციალისტს (თერაპევტი, ოჯახის ექიმი, ნევროლოგი და ა.შ). სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პაციენტი ვერ ხვდება, რომელი მიმართულებით იმკურნალოს. ზოგი პაციენტი თვითნებურად მკურნალობს. ეს ძალიან ცუდი და უშედეგოა, რადგან სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია. მინდა ვურჩიო პაციენტებს, რომ ადრეულად მიმართონ ექიმს. ამ შემთხვევაში დაკვირვება, საჭირო ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტალური გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია. ის დეფორმაცია, რომელსაც წლების შემდეგ ვიღებთ, არასწორი მართვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შედეგია.

რევმატოიდულ დაავადებებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტი არ შედის, არის დაავადებები, მაგალითად: ფსორიაზული ართრიტი, რომლის დროსაც სახსრისა და კანის დაზიანება ხდება. თუ პაციენტზე დაკვირვება ნაადრევად არ განხორციელდა, სრულ ინვალიდობამდე შეიძლება მივიდეთ. მაანკილოზირებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადები) დროს მთლიანი ხერხემალი ზიანდება და თუ ამ დაავადების სწორი დიაგნოსტირება არ მოხდა, პაციენტი სამწუხაროდ აღწევს სრულ ინვალიდობას. პოდაგრული ართრიტის შემთხვევაში პურინული ცვლის დარღვევა და შარდმჟავას კანქვეშ ჩალაგება ხდება. დღეს სხვადასხვა სპეციალისტებისგან პოდაგრული ართრიტის არასწორი მკურნალობა ხშირია. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პაციენტი უკვე შორს წასულ შემთხვევებში ხვდება, რაც ძალიან ცუდია. ამ დაავადებების დიფერენცირება აუცილებელია და ეს რევმატოლოგმა უნდა გააკეთოს და არა სხვა სპეციალისტმა. მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას სახსარში მიაქციონ გარკვეული ყურადღება.

 ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
+995 568 40 43 74

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები