Doctor's Search

„ჰემანგიომა -ეს პათოლოგია ახალშობილთა 10 %-ს აღენიშნება“-თენგიზ ზუხბაია

April 14, 2018 Posted By Vipmed.ge

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მონაცემებით, ამ დაავადებებს გულსისხლძარღვთა პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი მიეკუთვნება. დაავადებების გავრცელების ყველაზე ხშირი მიზეზი რადიაციული ფონის მომატება და გარემოს დაბინძურებაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორსაც.

თენგიზ ზუხბაია – ბავშვთა ონკოქირურგიული და მოზრდილთა კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, მრავალი წელია ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობს და ამ სფეროში მოღვაწეობის 35 წლიანი გამოცდილებაც გააჩნია. მისი ხელმძღვანელობით სრულად განკურნებულ იქნა სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადებული თითქმის 180 ბავშვი.

ცნობილი და წარმატებული ონკოლოგი დღეს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობს და ბავშვთა სოლიდური ახალწარმონაქმნების, მათ შორის, კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და მოზრდილთა კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების მკურნალობას წარმატებით კურირებს.

სამედიცინო პორტალი “VIPMED.GE”-ს რუბრიკაში “ინტერვიუ ექიმებთან” გთავაზობთ გამოჩენილი ონკოლოგის – თენგიზ ზუხბაიას ინტერვიუს.

- ბატონო თენგიზ, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენს შესახებ

- გახლავართ ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგი. გამაჩნია ამ სფეროში მოღვაწეობის 35 წლიანი გამოცდილება. ჩემი სპეციალობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ჩატარებული მაქვს სხვადასხვა სახეობისა და სირთულის ოპერაციები როგორც ავთვისებიანი, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნეების დაავადებების დროს. ჩემს მოღვაწეობაში ფართოდ ვიყენებდი ქიმიოთერაპიულ მკურნალობას სხვადასხვა ნოზოლოგიების დროს. მათ შორის ყველაზე პატარა ასაკის იყო 4 თვის ნეირობლასტომით დაავადებული პაციენტი, რომელსაც წარმატებით ჩაუტარდა მრავალკომპონენტური ქიმიოთერაპია.

მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად მიღებული გამოცდილების შეჯამება მოხდა ჩემ მიერ გამოცემულ მონოგრაფიაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს ერთადერთი ნაშრომია. გამოქვეყნებული მაქვს 70 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, საზღვარგარეთაც.

განვლილ პერიოდში, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით სრულად განკურნებულ იქნა სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიით დაავადებული თითქმის 180 ბავშვი.

2012 წელს მიმიწვიეს ქ. ბაქოს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელად.

- თქვენ ცნობილი ონკოლოგი ხართ. რითი ახსნით ამ დაავადებების შემთხვევათა ინტენსიურ ზრდას?

- მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მონაცემებით, ონკოლოგიურ დაავადებებს გულსისხლძარღვთა პათოლოგიების შემდეგ მეორე ადგილი მიეკუთვნებათ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადიაციული ფონის მომატებას და შესაბამისად, ზღვრულად დაუშვებელი რაოდენობით გარემოს დაბინძურებას. განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება გენეტიკურ ფაქტორს, რაც დაბადებისთანავე განაწყობს ორგანიზმს ამა თუ იმ ონკოლოგიური დაავადების მიმართ. ცნობილია ე.წ. „ოჯახური ფორმები“ ონკოლოგიური დაავადებებისა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ორგანოთა ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებს, რომელთა ავთვისებიანად ტრანსფორმაცია გაცილებით იოლად ხდება სხვადასხვა ხელშემწყობი პირობების შექმნით.

- როგორია დღეისათვის ამ დაავადებათა მკურნალობის შედეგები?

- ყველა ცალკეული დაავადებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული ბიოლოგიური აქტივობა-ავთვისებიანობის ხარისხი. აქედან გამომდინარე, მკურნალობის საერთო შედეგების განსაზღვრა ძნელია. რა თქმა უნდა, დღეს არსებული დიაგნოსტიკისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვითა და ოპტიმიზაციით შესაძლებელი გახდა კარგი შედეგების მიღწევა. მთავარი ფაქტორი ზემო აღნიშნულის მისაღწევად გახლავთ დაავადებების ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება. I-II სტადიაში თითქმის 90 %-ში შესაძლებელია სრული განკურნება.

- აგრესიულობის მიხედვით რომელ დაავადებებს გამოყობდით?

- ამ ჯგუფიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია პიგმენტური ხალის ავთვისებიანად ტრანსფორმირების შედეგად განვითარებული დაავადება მელანომის სახით. ეს დაავადება ონკოლოგიაში ცნობილია როგორც ძალიან მაღალი ავთვისებიანობის მქონე და ძნელად პროგნოზირებადი. ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტირებას.

- როგორ უნდა დადგინდეს საშიშია თუ არა ხალი?

- იმ შემთხვევაში თუ პიგმენტური ხალი ზომაში მატულობს, ფერს იცვლის, პაციენტს წვის შეგრძნება აქვს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ონკოლოგის კონსულტაცია. ყველა საეჭვო შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ციტოლოგიური გამოკვლევა და მიღებული დასკვნის შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.

წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს ყველა სხვა სახის მკურნალობა – მოწვის, მოყინვისა და სხვა სახის ჩარევები.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი, როცა პიგმენტური ხალი გვაქვს?

- როგორც ავღნიშნე, პირველ რიგში უნდა მივმართოდ გამოცდილ ონკოლოგს, რომელიც შესაბამის რჩევა-დარიგებას მოგვცემს. ყოვლად მიუღებელია გარუჯვა, რამაც შეიძლება ჩვეულებრივი პიგმენტური ხალის ტრანფორმაცია-გადაგვარება გამოიწვიოს.

- ბავშვებში არსებული ე.წ. წითელი ლაქები საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის?

- ალბათ, თქვენ მხედველობაში გაქვთ ჰემანგიომა – სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. ეს პათოლოგია ახალშობილთა 10 %-ს აღენიშნება. რიგ შემთხვევებში დაავადება საკმაოდ აგრესიული ხისიათისაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოკალიზაციასა და მის ბიოლოგიურ აქტივობას.

2-3 %-ის შემთხვევაში ისინი ავთვისებიან გადაგვარებას განიცდიან. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის ექიმისა და მშობლის სიფრთხილეს, ვინაიდან არც თუ ისე იშვიათად არასწორი მიდგომის შედეგად შეიძლება ცუდი შედეგი მივიღოთ. ამ შემთხვევაშიც პაციენტი აუცილებლად ბავშვთა ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

- თქვენ ინგოროყვას კლინიკაში მოღვაწეობთ?

- როგორც მოგეხსენებათ, თაობების მიერ შექმნილი ყოფილი ონკოლოგიური ცენტრი დღეისათვის არ ფუნქციონირებს. ამჟამად, ვმუშაობ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც ყველა პარამეტრებით ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ქვეყანაში. კლინიკაში ყველა პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს თანამედროვე მედიცინის მოთხოვნების შესაბამისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.

ისრაელის სპეციალისტების დახმარებით, ონკოჰემატოლოგიურ კლინიკაში წარმატებით დაინერგა და ხორციელდება ძვლის ტვინის გადანერგვა, რაც ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში ჯერ არ კეთდება.

- თქვენ რომელ სფეროში მოღვაწეობთ?

- გახლავართ კლინიკის პროფესორი და ვკურირებ ბავშვთა სოლიდური ახალწარმონაქმნების, მათ შორის, კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა (ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, კანის რბილი ქსოვილებისა და ძვლების) და მოზრდილთა კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების მკურნალობას, რაზეც გამაჩნია შესაბამისი ლიცენზიები.

- თქვენი პრაქტიკული მოღვაწეობიდან გამომდინარე რომელიმე საინტერესო შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?

- რეტროპერიტონეალური სივრცის სიმსივნის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ 8 თვის ბიჭუნას, ჩემ მიერ ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა, რომ საქმე გვქონდა განუვითარებელ ემბრიონთან – პარაზიტ ტყუპისცალთან. მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში სულ სამჯერაა აღწერილი. შესაბამისად, ამ შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და გაშუქებულ იქნა როგორც ჩვენს, ასევე საზღვარგარეთის ტელევიზიაში.

ექიმთან ვიზიტზე გთხოვთ ჩაეწეროთ შემდეგ ნომერზე:
პირადი მობ.: +995 599 504 028

მასალა მოამზადა: ნათია ღამბაშიძემ


მსგავსი ინფორმაცია:

მასალის გამოყენების პირობები